იტალიური „პარმას“ ლეგენდარულმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ ერთ დღესაც მექსიკაში ან აშშ-ში თამაშს არ გამორიცხავს. როგორც 43 წლის კარის დარაჯმა აღნიშნა, ჯერ არ იცის, რას გააკეთებს მომავალში და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კარიერა მექსიკის ჩემპიონატშიც დაასრულოს. ჯიჯიმ ისიც თქვა, რომ ჩემპიონთა ლიგის ვერმოგება, მისთვის ფეხბურთში დარჩენის საფუძველი გახდა.
„მინდა მექსიკაში ან ამერიკის შეერთებულ შტატებში თამაში. ეს არის გამოცდილება, რომლის გავლა მსურს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება. სიმართლე რომ გითხრათ, არ ვიცი, ხვალ რას გავაკეთებ, მენეჯერი თუ მწვრთნელი ვიქნები. ის ფაქტი, რომ ჩემპიონთა ლიგა არ მაქვს მოგებული, კონკრეტულ სულისკვეთებას მანარჩუნებინებს. კარგ ფორმაში ვარ და პატივს ვცემ ჩემს პროფესიას, ალბათ, ჩემპიონთა ლიგა რომ მომეგო, კარიერა უკვე დასრულებული მექნებოდა, რადგან სხვა მნიშვნელოვანი მიზანი მისაღწევი აღარ მექნებოდა.
დღეისთვის 5-6 უმაღლესი დონის მეკარეა. ობლაკი, კურტუა, ნოიერი, ტერ შტეგენი, დონარუმა, ნავასი. მათგან ერთი თავით მაღლა არცერთს ვაყენებ, თუმცა, ვფიქრობ, რომ დონარუმას აქვს პოტენციალი, რომ სხვა საფეხურზე ავიდეს და სხვებისგან გამორჩეული იყოს.
რონალდუ „იუვენტუსში“? პირველივე სეზონში, როცა რონალდუ დაიმატეს, ჩემპიონთა ლიგის მოგების შანსი ჰქონდათ, თუმცა მაშინ მე პსჟ-ში ვიყავი და არ ვიცი, რა მოხდა. როდესაც დავბრუნდი, კრიშტიანუსთან ერთად ორი სეზონი ძალიან კარგად ვითამაშეთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ „იუვემ“ გუნდის დნმ დაკარგა. 2017 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში იმიტომ გავედით, რომ გამოცდილებით სავსე გუნდი ვიყავით, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ამის მიზეზი ერთიანობა და გუნდური სიძლიერე იყო, რონალდუსთან ერთად ჩვენ ეს დავკარგეთ“, - თქვა ბუფონმა.
შეგახსენებთ, რომ ჯანლუიჯი ბუფონმა მიმდინარე სეზონში „პარმა“ მაისურით 18 თამაში ჩაატარა, მას ემილიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.