ბელგიური „გენტის“ ნახევარმცველის, გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ Voetbalnieuws.be-მ ვრცელი წერილი გამოაქვეყნა. ბოლო პერიოდში 22 წლის ფეხბურთელი გუნდის განაცხადში ვერ ხვდება, რისი მიზეზიც ტრავმა არაა, უბრალოდ მთავარი მწვრთნელი ჰეინ ვანჰაეზბრუკი აღარ ენდობა.
გამოცემა წერს, რომ ჩაკვეტაძეს შექმნილ ვითარებაში, რომელიც შემაშფოთებელია, ახალი გუნდის მოძებნა ძალიან გაუჭირდება, რადგან ტრავმებისკენ მიდრეკილობა კლუბებისთვის დიდ მინუსია.
„მიმდინარე სეზონში გიორგი ჩაკვეტაძე სწორ გზაზე იყო, რომ ძველი ფორმა დაებრუნებინა, ელეგანტური და ტექნიკური შემტევი ნახევარმცველი უკვე ოთხი წელია ბელგიაში ერთ-ერთ უდიდეს ტალანტად მიიჩნევა, მაგრამ სხვადასხვა და ხანგრძლივმა ტრავმებმა ხელი შეუშალა პოტენციალის სრულად განვითარებაში. თუმცა, ამ სეზონის დასაწყისში ჩანდა, რომ „ჩაკს“ შეეძლო თავისი კვალი დაეტოვებინა „გენტში“. ჩაკვეტაძის მიმდინარე საფეხბურთო სეზონი ახლებურად დაიწყო.
ვანჰაეზებრუკი ქართველს ეტაპობრივად ათამაშებდა, რაც ტრავმისადმი მიდრეკილი სტატუსიდან გამომდინარე, რეაბილიტაციისთვის სწორი გზაა. ჩაკვეტაძემ სეზონში პირველად „მეხელენთან“ 21 წუთი ითამაშა და ეს ცალსახად საკმარისი იყო მისი დიდი კლასის დემონსტრირებისთვის. „მას ჯერ კიდევ კარგი ფეხები აქვს“, - თქვა მატჩის შემდეგ ბელგიელმა მწვრთნელი. დიდი დრო არ გასულა და მან ჩაკვეტაძე სასტარტო შემადგენლობით დაასაჩუქრა.
ეს იყო „ანდერლეხტის“ წინააღმდეგ და ასევე „სერკლ ბრიუგესთანაც“, რომლის წინაარმდეგ ჩაკვეტაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო. „სტანდარტს მხოლოდ გიორგიმ მიაღწია“, - ასე აფასებდა მის თამაშს ბელგიური მედია. „სერკლთან“ მატჩის შემდეგ ვანჰაეზებრუკმა აღიარა, რომ ქართველი იზრდებოდა: „გიორგის ჩემს გუნდში საუკეთესო ფეხბურთი აქვს, მისი დონე კიდევ გაიზრდება, ის ფიზიკურად უფრო გაძლიერდება და ეს უფრო მეტი სვლის საშუალებას მისცემს“.
ეს პერსპექტიული სიგნალები სერიოზულ სტიმულს ნიშნავდა „გენტისთვის“ და ჩაკვეტაძისთვის. რამდენიმე წლის წინ მიშელ ლუვაჟიმ უარი თქვა „ტოტენჰემის“ სატრანსფერო შეთავაზებაზე: „ამ ზაფხულს გიორგის 15 მილიონადაც არ გავყიდით, ჩვენი მიზანია, რომ გიორგი ერთი ან ორი წელი შევინარჩუნოთ“, - ამბობდა ლუვაჟი 2018 წელს.
თუმცა, სეზონის სტარტზე რამდენიმე კარგი თამაშის შემდეგ გიორგი ჩაკვეტაძე გზა დაკარგა ვანჰაეზებრუკი უფრო ხშირად ამბობს უარს თავის 10 ნომერზე და შემადგენლობიდან თითქმის გაქრა. ბელგიის ჩემპიონატის ბოლო 6 მატჩში ის განაცხადში ერთხელაც ვერ მოხვდა და ეს ძალიან შემაშფოთებელი ვითარებაა.
„თუ გიორგი აქ არ არის, მხოლოდ მისი ბრალია“, - თქვა მწვრთნელმა დეკემბრის დასაწყისში. „ორი აზრი არაა, რომ ჩაკვეტაძეს აქვს ის თვისებები, რომ ყოველთვის იყოს შემადგენლობაში. საქართველოშიც უდიდეს ტალანტად მიიჩნევა, მაგრამ არც იქ უთამაშია. ძალიან ცოტას ვარჯიშობდა და თუ შემდეგ დაბრუნები აქ და „გენტშიც“ არაფერს გააკეთებ, პრობლემებს შეიქმნი“, - თქვა მან.
ბოლო სანაკრებო პაუზის დროს ჩაკვეტაძე არ გამოირჩეოდა დიდი სამუშაო ეთიკით, რაც არ მოეწონა „გენტის“ მწვრთნელს: „ზოგჯერ თითქმის არაფერს აკეთებდა და თუ „გენტში“ ბრუნდები და არაფერს გააკეთებ, კარგი, ვწუხვარ, მაგრამ გამოდის, რომ საკუთარ თავს პრობლემებს თავად უქმნი“, - ამბობდა მწვრთნელი და გამუდმებით იმეორებდა, რომ ჩაკვეტაძეს მიდგომა უნდა შეეცვალა, თუ კიდევ სურდა თავისი ნიჭის გამოყენება.
წერენ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე „გენტში“ ბოლო კვირეებს ატარებს. ჩაკვეტაძე შეიძლება სხვა ევროპულ გუნდში გადავიდეს, მაგრამ ჯერ კიდევ გასარკვევია, რომელი კლუბის არის მზად მის გადასაბირებლად. მიუხედავად იმისა, რომ ჩაკვეტაძეს ნამდვილი ვარსკვლავის პოტენციალი აქვს, მისი ტრავმებისკენ მიდრეკილება და სამუშაო ეთიკის ნაკლებობა დიდი მინუსია დაინტერესებული კლუბებისთვის. ამიტომ, ქართველისთვის უდავოდ რთული იქნება ახალი გუნდის პოვნა. რამდენიმე წლის წინ სრულიად განსხვავებული სიტუაცია იყო. 2017 წელს მას ევროპული ტოპკლუბების რიგი ედგა. მაშინ „ლევერკუზენმა“, „ბაიერნმა“, „ტოტენჰემმა“, „ბორნმუთმა“ და „ჰოფენჰაიმმა“ ყურადღება მიაქციეს, „მანჩესტერ იუნაიტედმა“ კი 6 მილიონ ევროიანი შეთავაზებაც გააკეთა. თუმცა, „გენტმა“ მაინც შეძლო მისი ყიდვა, რადგან „დინამო თბილისმა“ მანამდე შეთანხმება მიღწეული ჰქონდა“, - წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, გიორგი ჩაკვეტაძემ მიმდინარე სეზონში „გენტის“ მაისურით 15 მატჩში ითამაშა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე პასი გააკეთა. მას ბელგიურ კლუბთან კონტრაქტი 2023 წლის 30 ივნისამდე აქვს გაფორმებული.