„ენმ-ის და გიორგი გახარიას ალიანსში მოულოდნელი არაფერია, ამის ეჭვი დიდი ხანია არსებობდა, ჩხოროწყუში მომხდარმა ფაქტმა კი ეჭვი გაამყარა“

„ენმ-ის და გიორგი გახარიას ალიანსში მოულოდნელი არაფერია, ამის ეჭვი დიდი ხანია არსებობდა, ჩხოროწყუში მომხდარმა ფაქტმა კი ეჭვი გაამყარა“

გახდება თუ არა „ენმ“-ის და გახარიას პარტიის „პოლიტიკური ქორწილი“ ჩხოროწყუში დიდი ალიანსის დასაწყისი? - ჩხოროწყუ პირველი მუნიციპალიტეტია, რომლის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს ოპოზიციონერი იბარებს. პოსტი გახარიას პარტიამ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით მიიღო. 14 ხმა შოთა წურწუმიასთვის საკმარისი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ 12 მანდატი უმცირესობაში დარჩენილიყო. პოლიტიკური გარიგების დახმარებით ჩხოროწყუს საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარე ჰყავს.

საკრებულოს სხდომას ესწრებოდნენ, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღეს „ქართული ოცნების“ დეპუტატებმა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აღნიშნული ფაქტით ყოფილი პრემიერსა და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის ალიანსი საბოლოოდ გაფორმდა და მსგავს შეთანხმებას სხვა მუნიციპალიტეტებშიც ელიან.

წარსულში პოლიტიკურად დაპირისპირებული, ახლა კი ალიანსში მყოფი პარტიების წევრები ხელისუფლების ბრალდებებზე ამბობენ, რომ მათ შორის გარიგებას ადგილი არ ჰქონია.

პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური მდივანი, კახაბერ ქემოკლიძე რაიმე სახის გარიგებას ნებისმიერ პოლიტიკურ მოძრაობასთან კატეგორიულად უარყოფს.

„არანაირი გარიგება, არა თუ „ნაციონალურ მოძრაობასთან“, არამედ არავისთან არ არის, ჩვენ ძალიან მკაფიოდ, მათ შორის ქმედებების დონეზე ვადასტურებთ, რომ სისტემური კოალიცია არავისთან არ გვაქვს, პირიქით, მუნიციპალიტეტებში სჭირდებათ სახელმწიფოებრივად სწორად მოაზროვნე ხალხი და ჩემი აზრით, ჩხოროწყუ არის ამის ძალიან კარგი მაგალითი“, - ამბობს კახაბერ ქემოკლიძე.

„ქართული ოცნების“ წევრმა სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ჩხოროწყუს საკრებულოში მომხდარი ფაქტით, როდესაც გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერით აირჩიეს, უკვე ოფიციალურად გაფორმდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალური მოძრაობის“ კოალიცია.

როგორც სუბარმა აღნიშნა, მოსალოდნელია, რომ მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები სხვა მუნიციპალიტეტებშიც იქნება.

„მომხდარი კიდევ ერთხელ ააშკარავებს ტყუილს, თითქოს გახარიას პარტია „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობას და კოალიციას გამორიცხავდა. ეს იყო მტკნარი სიცრუე, რაც დღეს უკვე ყველასთვის აშკარა გახდა. რეალურად, მთელი ეს თვეები, ეს ორი ძალა საკუთარი ალიანსის ოფიციალურად გაფორმებისთვის ემზადებოდა, დღეს კი, „ნაციონალური მოძრაობის“ სრული მხარდაჭერით, გახარიას პარტიის წარმომადგენელი ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ აირჩიეს. ეს არის მათი კოალიციის პირველი ოფიციალური პრეცედენტი და ბუნებრივია, მოსალოდნელია, რომ ამის შემდეგ, სხვა მუნიციპალიტეტებში, სადაც ამის საშუალება აქვთ, მსგავსი ალიანსის შექმნის მცდელობები კიდევ ექნებათ. დადასტურდა, რომ აღნიშნული პარტიები ერთი ძალის ორი სხვადასხვა განშტოებაა და ისინი, უკვე რადიკალებისა და მოღალატეების გაერთიანებით, შეეცდებიან რამდენიმე მუნიციპალიტეტში განვითარების შეფერხებას“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი აცხადებს, რომ ენმ-ის და გიორგი გახარიას ალიანსში მოულოდნელი არაფერია, რადგანაც ამის ეჭვი უკვე დიდი ხანია არსებობდა. ჩხოროწყუში მომხდარმა ფაქტმა კი ეჭვი გაამყარა. სასაცილო კი ის ფაქტია, რომ კაცი, რომელიც მათ დასრულებით ემუქრებოდა, ახლა მათთან ერთად პოლიტიკურ გარიგებას აწარმოებს.

„გიორგი გახარიამ თავისი საქციელით იმდენი ქნა, საბოლოო ჯამში, ბიძინა ივანიშვილს ათქმევინა, რომ ის მისი პროექტი არ იყო. მიუხედავად ამისა, მის მხარდამჭერებს მაინც ილუზია ჰქონდათ, რომ გახარია „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფრით არ შეეკვრებოდა. თუმცა რაც ახლა მოხდა, ამით „ნაციოანლებთან“ ურთიერთობის ეჭვი ოფიციალურად გაფრომდა. ეს ადამიანები მხოლოდ საკუთარ პოლიტიკურ მომვალზე ნაღვლობენ და ქვეყნის დარდი სულაც არ აქვთ. აქ ერთი საშიში ტენდენცია იკვეთება, როცა ქვეყნის პოლიტკურ ცხოვრებაში ეს ადამიანები ასე იქცევიან და საკუთარ სიტყვას ღალატობენ, რას იზამენ გარე საკითხებთან მიმართებაში?!

 გახარიას მხრიდან ეს ღალატი არ არის? აბა რა არის, როცა „ნაციონალური მოძრაობას“ თითქოს კაცი სამკვდრო-სასიცოცხლოდ ებრძოდა, მელიას დაკავების გამო გადადგა და უცბად, მათთან ალიანსს კრავს. არანაირი საქმის კეთებით ეს ადამიანები დაკავებულები არ არიან. ეს ხალხი გარკვეულ თანამდებობებზეც შეთანხმდა, რომლის შემდეგაც რაღაც წილებზე და პირად კეთილდღეობაზეც მორიგდებიან. რეალურად გახარიას თუ საქმის კეთება და ნაცების განადგურება უნდოდა, პრემიერზე მაღალი თანამდებობა რაღა იყო? მით უმეტეს ამბობს ჩემს საქმეში არავინ არ ერეოდაო“, - ამბობს ლევან ნიკოლეიშვილი.

ანალიტიკოსსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ გიორგი გახარიას ეს გადაწყვეტილება მისთვის და მისი პარტიისთვის საზიონი იქნება. საყვარელიძე მიიჩნევს, რომ მან თუ ასე გააგრძელა და „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ყოფნა არ შეწყვიტა, მისი რეიტინგი სრულიად განულდება, მომხრეებს დაკარგავს და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მისი პარტიის არსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება.          

„გახარია ცდილობს, რომ თავისი პარტია წინ გასწიოს, მაგრამ არასწორი ტაქტიკა აქვს არჩეული. გვახსოვს, რომ ის კახა კალაძეს სწორედ ამიტომაც დაუპირისპირდა. ამით კი ამომრჩევლის ის ნაწილი დაკარგა, რომელიც მას „ქართული ოცნებიდან“ შესაძლოა გამოჰყოლოდა. მისი საქციელი კი ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ გახარიას გაწერილი სტრატეგია არა აქვს. მრჩება განცდა, რომ ის სპონტანურად მოქმედებს, რაც მასვე დააზიანებს. „ქართული ოცნება“ გახარიასთან ვაჭრობაზე არ მიდის. მისგან ამ ნაბიჯის გადადგმას არ ითხოვს. პირიქით, „ოცნებისთვის“ გახარიას და „ნაციონალების“ ალიანსი ძალიან ხელსაყრელი იქნება, რადგან იმ მოსაზრებას გაამყარებს, რომელსაც არჩევნებამდე ამბობდა. ამით ბრალდება თავად გახარიამ გაამყარა, რომ ის „ნაციონალების“ კაცია. ეს კი გახარიასთვის პოლიტიკურად რადიკალურად წამგებიანი პოზიციაა“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან. 

მისივე თქმით, გახარია როგორც კი მისი ამომრჩევლისთვის ვიღაცის კაცად აღიქმება, მისი პოლიტიკური პერსპექტივა ნულს გაუტოლდება და ამდენად, ამ ნაბიჯით ის ამ ნულ ნიშნულს უახლოვდება. ამიტომ ეს ქცევა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ ის სპონტანურად მოქმედებს და შედეგებზე არ ფიქრობს.

„თუ გახარია ასე გაგარძელებს, ის ამომრჩეველს კატასტროფულად დაკარგავს. მას აღიქვამენ ისევე, როგორც ეს სხვა პატარა პარტიების შემთხვევაში მოხდა. ვნახეთ „ლელოს“ „სტარტეგია აღმაშენებელს“ და სხვებს „ნაციონალებთან“ ალიანსის შედეგად რაც დაემართათ. გახარია თავიდან ამომრჩეველმა, როგორც ცალკე მოთამაშე პოლიტიკური ფიგურა ისე დაინახა. ახლა „ნაციონალებთან“ ალიანსის შემდეგ კი ის ცალკე პოლიტიკურ მოთამაშედ ვეღარ აღიქმება“, - ამბობს საყვარელიძე for.ge-სთან.

 

 

kolxi მიხედეთ თქვენს საქმეებს, გახარიამ იცის რაც უნდა გააკეთოს!!!
2 წლის უკან