ენგურჰესიდან სეპარატისტები დენს ვეღარ “იტაცებენ”

ენგურჰესიდან სეპარატისტები დენს ვეღარ “იტაცებენ”

როგორც იქნა სეპარატისტების ხარბი მადა მოთოკეს და ენგურჰესიდან აფხაზეთს მხოლოდ კვოტირებულად მიეწოდება ელექტროენერგია. შესაბამისად, ამ ზამთარს ენგურჰესის გაჩერების საკითხი დღის წესრიგში უკვე აღარ დგას.

ჯერ ზამთრის პირველ თვეა და აფხაზეთი ენერგოდეფიციტის წინაშეა. პრობლემა იმდენად დიდია, რომ სეპარატისტებმა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი დაიწყეს. როგორც ენგურჰესის გენერალურმა დირექტორმა ლევან მებონიამ დაადასტურა, ეს მართლაც ასეა და ჭარბი მოხმარების გამო, ენგურჰესი წელს უკვე აღარ გაჩერდება.

„წყალსაცავში მცირე ჩამონადენის გამო, ენგურჰესი აფხაზური მხარის ჭარბ მოხმარებას ვერ აუდიოდა, თუმცა დაიწყეს იმპორტი და ეს პრობლემა მოიხსნა. აფხაზეთის მოხმარების 75% რუსეთიდან იმპორტზე მოდის, დანარჩენი ენგურიდან მიეწოდებათ“, - განაცხადა მებონიამ.

მისი თქმით, დღეის მდგომარეობით ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 80%-ს აფხაზეთი მოიხმარს. ეს კი იმიტომ ხდება, რომ ქართულმა მხარემ კვოტით გათვალისწინებული გამომუშავების 60%-დან დიდი ნაწილი უკვე აითვისა.

ენგურჰესის შესაძლო გაჩერების საფრთხე არასაკმარისი წყლის რესურსის პირობებში აფხაზური მხარის ჭარბ მოხმარებას უკავშირდებოდა.

ენეტრგეტიკოსი გია არაბიძე კვოტირებაში ცვლილების შედეგად საქართველოს ენერგოსისტემაში იმპორტის საგრნობ კლებას ელოდება. აქამდე ენგურის მიერ გამომუშავებული დენი არამიზნობრივად იხარჯებოდა და ამ პრობლემას ერთხელ და საბოლოდ დაესმება წერტილი.

„აშკარაა მცდელობა, რომ პროპორცია 60/40-ზე წლიურ ჭრილში მაინც დავიცვათ, თუ ყოველთვიურად მისი დაცვა სირთულედ იქცევა. გარკვეული ბერკეტი გაჩნდა უკვე, ამ მიმართულებით სერიოზული ნაბიჯი გადაიდგა. ენგურჰესის წყალსაცავი განსხვავებული რეჟიმით დავამუშავეთ წელს. ეს გვაძლევს საშუალებას, რომ არსებული მარაგი მაქსიმალურად გამოვიყენოთ. გამომუშავებული ელექტროენერგიის 60% ჩვენია, 40%-ს აფხაზეთი წაიღებს.

მთელი ზაფხულის პერიოდში ვინახავდით წყალს და ვცდილობდით ზამთარში მეტი ელექტროენერგია გამოგემუშავებინა. ბოლო 5 წლის განმავლობაში მიმდინარე წლის 3 თვის - სექტემბრის, ოქტომბრისა და ნოემბრის გარეშე, 170-175 მლნ კვტ/სთ ელექტროენერგია შემოგვქონდა თვეში, ახლა ეს რაოდენობა მინიმუმზე დავიდა - 20 მლნ კვტ/სთ-მდე ყოველთვიურად. ეს შესაძლებელი გახდა იმით, რომ ენგურმა ჩვენი მხარის სასარგებლოდ იმუშავა.

აფხაზეთიც თუ უფრო ყაირათიანად მოიხმარს დენს, მას არანაირი დაბრკოლება არ შეექმნება ენერგომომარაგებაში. პრობლემა ისაა, რომ მიწოდებული დენის დიდი ნაწილი კრიპტოვალუტის გამომუშავებას ხმარდება. ალბათ, ამას უკვე უფრო მკაცრად გააკონტროლებენ და საკუთარ ბაზარს დაიცავენ“, - აღნიშნა არაბიძემ.

სპეციალისტების ნაწილი საუბრობს იმაზეც, რომ აფხაზეთთან დაკავშირებით ენერგეტიკული პოლიტიკის შეცვლა გაცილებით ადრეც იყო შესაძლებელი, რადგან მან ქვეყანა ძალიან დააზარალა.

ცნობისათვის, ოკუპირებულ აფხაზეთსა და საქართველოს ხელისუფლებას შორის არსებული არაფორმალური შეთანხმებით, ენგურჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ს - აფხაზური, ხოლო დანარჩენს ქართული მხარე უნდა მოიხმარდეს. რეალურად კი, ბოლო წლებში აფხაზეთს გამომუშავებული ელექტროენერგიის 40%-ზე ბევრად მეტი მიჰქონდა.