აზერბაიჯანი გაზით და ტურისტებით გარანტირებულად მოგვამარაგებს

აზერბაიჯანი გაზით და ტურისტებით გარანტირებულად მოგვამარაგებს

2010 წლის განმავლობაში აზერბაიჯანი საქართველოს ეკონომიკაში ძალიან აქტიურობდა. მეზობელ ქვეყანასთან გაცხოველებული იყო სავაჭრო ურთიერთობა, ტურისტების რაოდენობით კი აზერბაიჯანმა ყველა დაჩაგრა. წლის ბოლო დღეებში  საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის გაფორმდა ბუნებრივ აირთან დაკავშირებული ახალი ხელშეკრულება. ერთი სიტყვით, საქართველო აზერბაიჯანიდან გაზით და ტურისტებით გარანტირებული იქნება.

 

საქართველოს მთავრობასა და აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიას შორის ბუნებრივი გაზის მიწოდების შესახებ ახალი ხელშეკრულება გაფორმდა, რომელიც საქართველოსთვის ბუნებრივი აირის 2020 წლამდე უწყვეტად მიწოდებას ითვალისწინებს. 

 

ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება არის გარანტი იმისა, რომ საქართველოს 2020 წლამდე გაზით უწყვეტად და საიმედოდ იქნება მომარაგებული. გარდა ამისა, მინისტრის განცხადებით, მოხდება ფასების სტაბილიზაცია და 2020 წლამდე დღეს არსებული სამომხმარებლო ფასი სრულად იქნება შენარჩუნებული.

 

აზერბაიჯანულ გაზთან ერთად, გარანტირებული იქნება მეზობელი ქვეყნიდან ტურისტების შემოსვლაც. ეს ტენდენცია უკვე გამოკვეთილია და მზრადი დინამიკაც სახეზეა. 2010 წელს აზერბაიჯანელებმა ტურისტულ სფეროში ლიდერობა სომხებს ჩამოართვეს. ისინი განსაკუთრების აქტიურობენ სამთო კურორტების მიმართულებით. წინასაახალწლო დღეებში ბაკურიანსა და გუდაურში სასტუმრო ნომრების უმეტესობა სწორედ აზერაბიჯანელებს აქვთ დაჯავშნული.

 

2010 წელს ტურისტული მონაგარი კი სტატისტიკურად ასე გამოიყურება. ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში აზერბაიჯანიდან 488 ათას 461 ვიზიტორი შემოვიდა.  მეორე ადგილზეა თურქეთი, საიდანაც ქვეყანაში 485 ათას 136 ტურისტი შემოვიდა. საკმო რაოდენობის ტურისტია შემოსული ასევე სომხეთიდან - 479 ათას 337.

 

2010 წელს საქართველოში რუსეთიდან შემოსულია 158 ათას 421 ტურისტი, ხოლო უკრაინიდან - 44 ათას 498 ტურისტი. საერთოდ კი, 2010 წელს საქართველოში 2 054 382 ტურისტი შემოვიდა. 

 

ტურისტების რაოდენობა განსაკუთრებით აჭარაში (78 პროცენტით) გაიზარდა. 2010 წელს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას 926 010  ტურისტი ესტუმრა.

როგორც თბილისში სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში 2010 წლის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე მაია სიდამონიძემ აღნიშნა, ეს  მაჩვენებელი 2009 წლის ანალოგიურ მონაცემებს, 78 პროცენტით აღემატება. 2009 წელს აჭარას 554 150 ტურისტი სტუმრობდა. 2008 წელს კი მათი რაოდენობა 285 000-ს არ ასცილებია.

 

„2010 წელი ტურისტთა რაოდენობის თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული იყო. თუ გავითვალსიწინებთ, რომ ათი დღის განმავლობაში ერთი ტურისტი საშუალოდ 1700 აშშ დოლარს ხარჯავს, მარტივი არითმეტიკაა საჭირო იმის დასაანგარიშებლად, რამდენს დახარჯავდა 2 მლნ-ზე მეტი ვიზიტორი“, - დასძინა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ არჩილ კეკელიამ.