„შერიგება არ წყდება პრეზიდენტის სასახლეში მიღებებით, დღეს ელიტები იკრიბებიან, რაღაცაზე ლაპარაკობენ, ხალხი ამას უყურებს და სოცქსელში ანთხევს თავის განსხვავებულ მოსაზრებებს“

„შერიგება არ წყდება პრეზიდენტის სასახლეში მიღებებით, დღეს ელიტები იკრიბებიან, რაღაცაზე ლაპარაკობენ, ხალხი ამას უყურებს და სოცქსელში ანთხევს თავის განსხვავებულ მოსაზრებებს“

„შერიგების პროცესი უფრო პოლიტიკურ ელიტებს შორის შერიგებას დაემსგავსა და ხალხი, ანუ რიგითი მოქალაქეები განყენებულნი არიან ამ პროცესისგან. მარგველაშვილის, სააკაშვილის, ზურაბიშვილის აქტიურობით ელიტები იკრიბებიან, რაღაცაზე ლაპარაკობენ, ხალხი მერე ამას უყურებს და სოციალურ ქსელში ანთხევს თავის განსხვავებულ მოსაზრებებს“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე.

შერიგების პროცესმა სტარტი ფორსირებული რეჟიმით აიღო. პრეზიდენტი ზურაბიშვილი ოპოზიციასთან შეხვედრის შემდეგ თავის წინამორბედს, მარგველაშვილს შეხვდა, რომლისგანაც წამოვიდა ინიციატივა, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილიც უნდა მოინახულოს. თავის მხრივ, ციხეში მყოფი ექსპრეზიდენტის სურვილიცაა, მოხდეს სამი პრეზიდენტის შეხვედრა ციხეში. რამდენად წარმოგიდგენიათ, ზურაბიშვილმა მოინდომოს სააკაშვილის მონახულება საპატიმროში?

- არა მგონია, სალომე ზურაბიშვილი სააკაშვილს საპატიმროში ეახლოს. გარდა ამისა, მე ვფიქრობ, შერიგების პროცესმა რაღაცნაირად ისეთი ფორმა შეიძინა, რომ ეს უფრო პოლიტიკურ ელიტებს შორის შერიგებას დაემსგავსა და ხალხი, ანუ რიგითი მოქალაქეები განყენებულნი არიან ამ პროცესისგან, რაც, ჩემი აზრით, საფუძველშივე კლავს ამ პროცესის წარმატებით დასრულების პერსპექტივას. ამდენად, ვეთანხმები მათ, ვინც ამბობს, რომ შერიგება, ცოტა არ იყოს, ნაადრევი ტერმინია. უპირველეს ყოვლისა, აქ პირველ ეტაპზე უნდა მოხდეს შეთანხმება იმ პირობებზე, რამაც შეიძლება მომავალში ან მიგვიყვანოს, ან არ მიგვიყვანოს შერიგებამდე. უნდა შევთანხმდეთ, რაზე შეიძლება მოხდეს შერიგება, სად არის წითელი ხაზები, რომელსაც არ გადავა არც ერთი, არც მეორე მხარე, რა არის მხარეების არგუმენტები. ეს არ წყდება პრეზიდენტის სასახლეში მიღებებით და შეხვედრებით. ამას წინ უნდა უძღოდეს კონკრეტული გეგმის დადება, თუ რა ეტაპებია გასავლელი, რას უნდა მივაღწიოთ, რა არის შუალედური მიზანი და შედეგი. ასე წარმომიდგენია ეს პროცესი და არა ისე, როგორც დღეს ხორციელდება, რომ მარგველაშვილის, სააკაშვილის, ზურაბიშვილის აქტიურობით ელიტები იკრიბებიან, რაღაცაზე ლაპარაკობენ, ხალხი მერე ამას უყურებს და სოციალურ ქსელში ანთხევს თავის განსხვავებულ მოსაზრებებს. იდეა თავისთავად კარგია, ვის უნდა ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო, მაგრამ მისი განხორციელების პერსპექტივას ეჭვის თვალით ვუყურებ.

ცხადია, შერიგება არ უნდა გახდეს ვაჭრობის საგანი, რადგან, თუ წინაპირობებზე დაიწყება საუბარი, დიდი ალბათობით, შერიგება ვეღარ მოხდება. თქვენ ახსენეთ ხალხი, რომლის სურვილებიც ელიტებს ყოველთვის ყურადღების მიღმა რჩებოდათ, როგორ ფიქრობთ, ხალხის სურვილი მაინცდამაინც სააკაშვილის გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე გადის?

- შერიგება - ეროვნული შეთანხმება არ ხდება წინაპირობების დათქმით, შენ აუცილებლად გამოუშვი ციხიდან სააკაშვილი, სხვანაირად შენთან მოლაპარაკებებზე არ წამოვალ და არავითარი შერიგება არ მოხდება. ამის საპირისპიროდ, მეორე მხარე ეუბნება სააკაშვილს, აღიარე დანაშაული, მოინანიე, გადი პოლიტიკური ცხოვრებიდან და მერე შეიძლება ვილაპარაკოთ შერიგებაზე. მე მგონი, ჩვენ ჯერ უნდა გავიგოთ, შერიგება საერთოდ არის ხალხის დაკვეთა? კი, შეიძლება დასავლეთში ვიღაცას აწუხებს, რომ ჩვენთან პოლარიზაციაა, მათ საკუთარი ინტერესები აქვთ, ეშინიათ, ამ პოლარიზაციით რუსეთმა არ ისარგებლოს და თავისი გავლენები არ გაიმყაროს, თორემ ისევ მიწიერ, ხალხის დონეზე რომ დავიდეთ, მოდით, ჩავატაროთ სანდო სოციოლოგიური გამოკითხვა, ვკითხოთ ხალხს, არის მათში ე.წ. შერიგების მოთხოვნა? როგორ წარმოუდგენიათ ეს საქმე? ამის შემდეგ, როცა უკვე გვეცოდინება ხალხის განწყობა, რა თქმა უნდა, უფრო მეტი ლეგიტიმაცია ექნება ამ პროცესს, თუნდაც პრეზიდენტის ეგიდით წარმართულს.

წესით, პრეზიდენტი ზეპარტიული ლიდერი უნდა იყოს, მაგრამ დღეს, როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი შერიგებაზე ალაპარაკდა, ეს „ქართული ოცნებისგან“ დისტანცირების სურვილითა განპირობებული, თუ დასავლეთისგან, ან კონკრეტულად, შარლ მიშელისგან, ან ვინმე სხვისგან მიღებული ინსტრუქტაჟით?

- ერთიც შეიძლება ვიგულისხმოთ და მეორეც. მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან გავიდა, აშკარა გახდა, რომ სალომე ზურაბიშვილი ცდილობს „ქართული ოცნებისგან“ შეძლებისდაგვარად დისტანცირებას. მეორეც, ზურაბიშვილი შემთხვევით არ დაუსახელებია ივანიშვილს პრეზიდენტობის კანდიდატად. ივანიშვილმა იცოდა, რომ ზურაბიშვილს ჰქონდა დასავლური კავშირები, ის შეიძლება დატვირთულია კიდეც გარკვეული ვალდებულებებით დასავლეთის წინაშე. ფაქტია, დღეს სალომე ზურაბიშვილი, მოდით, ასე ვთქვათ, დასავლეთის ერთგვარი გავლენის აგენტია, რომელიც ახმოვანებს დასავლეთიდან წამოსულ მესიჯებს და ცდილობს თავისი უფლებამოსილების გამოყენებით, როგორც თქვენ ბრძანეთ, ზეპარტიული ფიგურის როლში, განახორციელოს დასავლეთიდან წამოსული დაკვეთა, რომ არ მოხდეს პოლარიზაცია. თუ ნახავთ, ყველგან, საქართველოს შესახებ ანგარიშებში, პრაქტიკულად, ყველა დოკუმენტში სიტყვა- „პოლარიზაცია“ და მისი დასრულება ტრიალებს ყველა ბრუნვაში და ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა. როგორც ჩანს, სალომე ზურაბიშვილმა დაინახა ეს ტენდენცია და გადაწყვიტა, აქედან საკუთარი პოლიტიკური კაპიტალი გაზარდოს და დასავლეთის შეკვეთა შეასრულოს. გასაგებია ისიც, რომ მას, როგორც საქართველოს პრეზიდენტს, ზეპარტიულ ფიგურას, კონსტიტუციით ეკისრება მედიატორის ფუნქცია, მაგრამ მეორე საკითხია, როცა ჩვენ ვლაპარაკობთ შერიგებაზე, ამის განმახორციელებლები უნდა იყვნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც საზოგადოებაში ძალიან მაღალი ნდობით და პატივისცემით სარგებლობენ. არც სააკაშვილი, არც მარგველაშვილი და არც ზურაბიშვილი, მე მგონი, საზოგადოების მაღალი დონის პატივისცემით და ლეგიტიმაციით არ სარგებლობენ, რადგან ყველამ ვიცით, სააკაშვილი როგორ გახდა პრეზიდენტი, მით უმეტეს, ვიცით, რომ მარგველაშვილს პირდაპირ ბიძინა ივანიშვილმა ხელი მოჰკიდა და ჩასვა პრეზიდენტის სავარძელში და ისიც ვიცით, როგორ იქნა არჩეული პრეზიდენტად ქალბატონი ზურაბიშვილი. ეს არ იყო მისი პიროვნული თვისებების გამო არჩევა, აღარ მინდა ახლა დეტალებში შესვლა. ამიტომაც მოსახლეობის თვალში ამ ადამიანების მიერ შემოთავაზებული შერიგების იდეა გამოიყურება ისე, რომ საზოგადოება მათში ვერ ხედავს ისეთ ფიგურებს, რომლებისგანაც ეს ინიციატივა უნდა მოდიოდეს. ამიტომაც მხოლოდ ელიტები გამოეხმაურნენ ამ ინიციატივას, ძირითადად პოლიტიკური პარტიები, მაგრამ ყველას აქვს თავისი პირობები და დათქმები. ამიტომ ამ ეტაპზე სკეპტიკურად ვუყურებ ამ პროცესს, როგორც ანალიტიკოსი. კიდევ ერთ გარემოებას მინდა, მივაქციო თქვენი ყურადღება, თქვენ იცით, სალომე ზურაბიშვილმა როგორც კი ეს იდეა გააჟღერა, მაშინვე წავიდა პატრიარქთან და უნდოდა მისგან კურთხევის მიღება. რამდენადაც ვიცი, მან ეს კურთხევა ვერ მიიღო და საპატრიარქოს განცხადებას თუ ნახავთ, მათ პრეზიდენტისგან ცოტა განსხვავებული წარმოდგენა აქვთ შერიგების პროცესზე.

პატრიარქის მთავარი გზავნილი გიორგობის დღესასწაულზე სწორედ სინანულისკენ მოწოდება იყო, რაც ყველამ იცის, რომ სააკაშვილის კონტექსტში გააჟღერა უწმინდესმა: „სინანული ასწორებს ადამიანს. ვისაც არ შეუძლია სინანული, მას არ შეუძლია გამოსწორება“.

- დიახ, ესეც მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომ შერიგება სხვადასხვანაირად წარმოუდგენიათ იმ ძირითად მოთამაშეებს, რომლებსაც საზოგადოებრივი ავტორიტეტი გააჩნიათ. ეკლესიის ავტორიტეტი და პატრიარქის ავტორიტეტი რომ სამივე პრეზიდენტის ერთად აღებულ ავტორიტეტს აჭარბებს, მე მგონი, ეს ყველამ იცის.