2007 წლის 7 ნოემბრის შემდეგ ნაციონალურმა პარლამენტმა დააკანონა ყველა ის სპეციალური საშუალება, რომელთა გამოყენება მანამდე აკრძალული იყო და რომელიც კანონმდებლობის უხეში დარღვევით გამოიყენა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ.
მას შემდეგ ეს პრაქტიკა დამკვიდრდა: ხელისუფლებისთვის ნებადართული ხდება ყველაფერი, ხოლო ხალხისთვის აკრძალვების ჩამონათვალი სულ უფრო ფართოვდება. ჩემს ბავშვობაში საბჭოთა მთავრობა კარაქს “მშრომელთა მოთხოვნით” აძვირებდა, დღეს ანტისაბჭოთა ქართული ხელისუფლება გულმოდგინედ იქმნის საკუთარი კეთილდღეობისა და დღეგრძელობის გარანტიებს და საფუძველშივე სპობს ყოველგვარ საფრთხეს, რომელიც მის ერთმმართველობას თეორიულადაც კი შეიძლება დაემუქროს.
ახლაც, ვიდრე ჩვენი ოპოზიცია მორიგი უშედეგო აქციებით (ან მოლაპარაკებით) მიყენებულ სულიერ და ხორციელ ჭრილობებს იშუშებს, ხელისუფლება სასწრაფო წესით “აუმჯობესებს” კანონმდებლობას, რომელიც, “ნაციონალთა” რწმენით, საკუთრივ მათი ძალაუფლების შენარჩუნებისა და განმტკიცებისთვის არის მოწოდებული.
პალიკო კუბლაშვილის, აკო მინაშვილის, ჩიორა თაქთაქიშვილისა და “ხალხის რჩეული” კიდევ რამდენიმე ნაციონალი დეპუტატის წინადადებით, “პოლიციელზე, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე ან მათ სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ასევე სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან საკუთრების ხელყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით შვიდიდან ოც წლამდე ან უვადოდ”.
„კიდევ რამდენიმე ნაციონალი დეპუტატი” იმიტომ ვახსენე, რომ მათი გვარები ამომრჩეველს არაფერს ეუბნება. ვინმე იცნობთ გიორგი ჩივიაშვილს, ზვიად კუკავას (კახაში არ აგერიოთ!) ან კახა ანჯაფარიძეს? მეზობლების გარდა, ალბათ, - არავინ. არადა, მათ რომ შეეხოთ, შეიძლება უვადო პატიმრობას გამოჰკრათ ხელი. რატომ გვავალდებულებს კანონმდებელი, ჩვენთვის უცნობი დეპუტატების ოჯახის წევრებსაც ვცნობდეთ სახეზე? რა სეპარატიზმია სახელისუფლო ელიტის ოჯახის წევრების ცალკე გამოყოფა და რატომ არის მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ყველა სხვა ადამიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებით სათუთი და ხელშეუხებელი?
2008 წელს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში დასაცავ პირთა ჩამონათვალს იუსტიციის მინისტრი დაემატა. მის გარდა, ჩვენგან იცავენ პარლამენტის თავმჯდომარეს, პრემიერ-მინისტრს, საკონსტიტუციო და უზენაესი სასამართლოების თავმჯდომარეებს, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ხელმძღვანელებს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსს, უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრებს, პრეზიდენტობის კანდიდატებს. რაც შეეხება პრეზიდენტს, მას და მისი ოჯახის წევრებს დაცვა სიცოცხლის ბოლომდე უნარჩუნდებათ.
კანონში ვრცელი ჩამონათვალია იმ პირებისა, რომელთაც, პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, დაცვა შეიძლება დაენიშნოთ, აგრეთვე, მათი ოჯახის წევრებსაც, “თუ არსებობს საკმარისი მონაცემები, რომ მის ან მისი ოჯახის წევრების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება”.
ავტობუსის გაჩერებაზე ერთხელ ასეთ საუბარს შევესწარი: - ერთი ბოკერია მაცემინა, მეტი არაფერი მინდაო! - უთხრა შუახნის მამაკაცმა მეორეს. მან კი სიცილით უპასუხა: - მაგის ცემაზე იმხელა რიგია, შენ აღარ მოგიწევსო!
ამის გათვალისწინებით დაცვის სამსახური, ალბათ, უზომოდ გაფართოვდება, რადგან გასული შვიდი წლის განმავლობაში, ბოკერიას გარდა, კიდევ არაერთმა თანამდებობის პირმა გაუღვიძა ხალხს მათი ცემის სურვილი.
პრეზიდენტს შეუძლია დაცვა დაუნიშნოს უმაღლესი თანამდებობის პირების ოჯახის წევრებს, ოღონდ თუ ეს პირი გარდაცვლილია. საგანგებოდ ზურაბ ჟვანიას ოჯახისთვის 2005 წლის 10 მარტს მიღებული კანონი “საქართველოს ყოფილი უმაღლესი თანამდებობის პირების ოჯახის წევრთა სოციალური დაცვის გარანტიების შესახებ” ასევე გვამცნობს, რომ გარდაცვლილი პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის ოჯახის წევრების სიცოცხლე და ჯანმრთელობა სავალდებულო დაზღვევით არის უზრუნველყოფილი.
დაზღვევა ითვალისწინებს ყოველწლიური სამედიცინო გამოკვლევის ხარჯებს, სასწრაფო გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს, სამედიცინო კონსულტაციების ხარჯებს, ამბულატორიული მკურნალობის, მკურნალი ექიმისა და სპეციალისტების, ჰოსპიტალური მკურნალობის, მათ შორის, საოპერაციო ხარჯებს. რამდენს გაქვთ ამის საშუალება, ხელი აწიეთ! პირადად ჩემთვის ამგვარი დაზღვევა საბჭოთა წარსულს ჩაბარდა.
ერთი სიტყვით, ქვეყნის პირველი სამი პირისთვის კომუნიზმი კარგა ხნის აშენებულია. სავარაუდოდ, ამ პირთა წრეც მალე გაფართოვდება, რადგან ცოცხლადდარჩენილ უმაღლესი თანამდებობის პირებსაც დასჭირდებათ ამგვარი “ოქროს” დაზღვევა. თავისთავად ცხადია, რომ ამ დაზღვევას სახელმწიფო ბიუჯეტი (ანუ ჩვენ) უზრუნველყოფს.
საკმარისზე გაცილებით მაღალი ხელფასის (და მასზე უფრო მაღალი ხელფასის დანამატის) მქონე პარლამენტარები ასევე სრული დაზღვევის პაკეტით სარგებლობენ. მათ არც მინისტრები და მათი მოადგილეები, გუბერნატორები და გამგებლები ჩამორჩებიან, რომლებიც საკუთარ თავს ყოველ თვეში ხელფასის ოდენა პრემიებს უწერენ. ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფასიანი (და, რაც მთავარია, ძვირფასი) ჯანდაცვის მაღალ ღობეზე გადასვლას ვერ ახერხებს, ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ძვირფას სიცოცხლესა და ჯანმრთელობას თვალის ჩინივით უფრთხილდებიან.
ყოფილ და ცოცხლადდარჩენილ პარლამენტის თავმჯდომარეს დაცვა არ ეკუთვნის, თუ პრეზიდენტმა თავად არ დაუნიშნა. პირიქით, “სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ” კანონში ცვლილება შედის და საქართველოს პრეზიდენტს ახლა უკვე პერსონალური დაცვის მოხსნის უფლებამოსილებაც ენიჭება. რთული გამოსაცნობი არ უნდა იყოს, რომ ერთადერთი პირი, რომლისთვისაც სახელმწიფო დაცვის მოხსნაა დღეს აქტუალური, პრეზიდენტის მოვალეობის ორგზის შემსრულებელი, ორგზის პარლამენტის თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძეა.
შესაბამისად, ნინო ბურჯანაძის დაცვაში მომუშავე პირები სახელმწიფო დაცვის სტატუსს დაკარგავენ. ახლახან შეტანილი კანონპროექტის მიხედვით, ისინი უკანონო ფორმირებად იქცევიან. უკანონო ფორმირების დაფინანსება კი “იმის წინასწარი შეცნობით, რომ იგი გამოყენებული იქნება ან შესაძლებელია გამოყენებული იქნას უკანონო ფორმირების საქმიანობისთვის, დაისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ხუთიდან რვა წლამდე”. მეტიც: ნებისმიერ უკანონო ფორმირებაში (შეიარაღებულიც რომ არ იყოს) მონაწილეობა დაისჯება. სხვადასხვა შეიარაღების გარდა, ახლა ნებისმიერი “მოწყობილობა ან საგანი, რომელიც შეიძლება გამოყენებული იქნას ცოცხალი ან სხვა ობიექტის დასაზიანებლად ან გასანადგურებლად”, ასევე გამოიწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას.
ბურჯანაძის ეშმაკურმა ღიმილმა და შეგონებამ, რომ კანონით ჯოხი იარაღს არ განეკუთვნება, ნაციონალურ ხელსუფლებას კანონშემოქმედების მუზა მოჰგვარა და ეს ხარვეზიც სულ მალე აღმოიფხვრება. ფართო გაგებით კი, ვისაც სააკაშვილის ხელისუფლების მიმართ ხბოს აღტყინება არ ემართება, ყველანი “უკანონო ფორმირების” წევრებად ვიქცევით. მერე რა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გაერთიანებების შექმნის უფლება გარანტირებული გვაქვს! ამიერიდან მხოლოდ ხელისუფლების მიერ შექმნილი ფორმირებები იქნება კანონიერი, სხვა ყველა კი - უკანონო.
ეს იმას ჰგავს, კონსტიტუცია რომ ნებისმიერ ადგილზე შეკრების სრულ თავისუფლებას გვანიჭებს, მაგრამ ნაციონალური ხელისუფლება “არასანქციონირებულს” რომ უწოდებს მის წინააღმდეგ გამართულ აქციას! თუ დღემდე უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯებოდა, ახლა სასჯელი ექვსიდან თორმეტ წლამდე იქნება. იმის გათვალისწინებით, რომ იარაღში შეიძლება ნებისმიერი საგანი იგულისხმებოდეს, გასაგებია, რომ ბურჯანაძეს (ამჯერად - გიას) “შეფიცულთა” ხელმძღვანელობისთვის სავარაუდო სასჯელი 12 წლამდე გაეზრდება, ხოლო თუ ნაციონალურ ნოვაციას - სასჯელის შეკრებითობის პრინციპსაც გავიხსენებთ, მასაც და ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, რომელიც რაიმეს გაპროტესტებას დააპირებს, შესაძლოა, უვადო პატიმრობაც დაემუქროს.
ყველა ახალი აკრძალვის ნაცვლად, უმჯობესი იქნებოდა, კანონპროექტის ავტორებს ჩამოეთვალათ, რაღა დარჩა საქართველოს უკმაყოფილო მოქალაქისთვის ნებადართული. არ შეიძლება ისეთი საგნების გამოყენება, რომლებმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ვინმეს, ალკოჰოლური სასმელის აღმოჩენა მანიფესტაციის დაუყოვნებლივ შეწყვეტის საფუძველი გახდება. თუ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მითითებას არ გაითვალისწინებენ, 15 წუთში აქციის დაშლა კანონიერი იქნება (თითქოს ამ კანონპროექტის დაწერამდე არ დაუშლიათ!).
შეკრებისა და მანიფესტაციების დროს საერთოდ აიკრძალება ავტომაგისტრალებისა და რკინიგზის ბლოკირება. და რაც ყველაზე მომხიბვლელია, შეკრებისა და მანიფესტაციის ადგილის განსაზღვრის უფლებამოსილება ენიჭება იმ ადმინისტრაციულ ორგანოს, რომლის მიმდებარე ტერიტორიაზეც აქცია იმართება.
წარმოიდგინეთ, პარლამენტის ფანჯრიდან გადმოყუდებული დავით ბაქრაძე სათნო და სათუთი სახით როგორ მიუთითებს თავის წინამორბედს: - აქეთ მობრძანდით, ქალბატონო ნინო, 20 მეტრი რა მოსატანია, გამიმართეთ საპროტესტო აქცია, ჩვენ ყოველთვის გაგებით მოვეკიდებით თქვენს საპროტესტო განწყობასო!
თუ კარგად დავიწყებულ საბჭოთა გაფრთხილებასაც გავიხსენებთ: “სამ კაცზე მეტი ნუ შეგროვდებით!”, განსაკუთრებით უფრთხილდით, რომელიმეს ჯიბეში სასმელი არ აღმოაჩნდეს და თან მეტრიანიც იქონიეთ, რომ აკრძალული შენობიდან 20 მეტრი ზუსტად გადაზომოთ! თუ კიდევ მოგინდებათ რამის გაპროტესტება, აქციები “რვიანსა” და ბურჯანაძეს ჩაუტარეთ. ამაზე არავინ დაგსჯით, აქციაზე ბიოტუალეტებსაც კი დაგიდგამენ.
ნანა დევდარიანი
P.S. ძველი წელთაღრიცხვით IV საუკუნეში ბერძენთა მხარდაჭერით მცხეთაში მოსულმა დამპყრობელმა აზომ ბრძანა: “ყოველმან ქართველთაგანმან, რომელმან პოვოს საჭურველი, მოჰკალთ იგი” (ანუ იარაღის მქონე ყველა ქართველი მოკალითო). ქართლის ცხოვრება გვეუბნება: “ვინცავინ გამოჩნდეს ქართველთაგანი ქმნულ-კეთილი და ასაკოვანი, მოკლან იგი. და იყო ჭირი დიდი ნათესავსა ზედა ქართველთასა”. მაგრამ აზოს ბატონობა ქართლში დიდხანს არ გაგრძელებულა. ქვეყანაში იფეთქა აჯანყებამ, რომელსაც სათავეში ედგა ფარნავაზი - “მამულად ქართლელი, კაცი გონიერი, მხედარი შემართებული”. საქართველო აზოს ქვეყანა არ არის, ფარნავაზის ქვეყანაა!