ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლაზე ალაპარაკდნენ, „ოცნებაში“ - ოპოზიციის ოცნებებზე

ოპოზიციაში ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან წასვლაზე ალაპარაკდნენ, „ოცნებაში“ - ოპოზიციის ოცნებებზე

ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობიდან ეკატერინე ტიკარაძის გადადგომის შემდეგ, კაბინეტის სხვა წევრების გადაყენების შესახებაც საუბრობენ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამთავრობო ცვლილებები კვლავ მოსალოდნელია. ამასთან ერთად, განიხილება ირაკლი ღარიბაშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის პოსტის დატოვებაც, რასაც „ქართული ოცნების“ რიგებში არ ადასტურებენ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გავრცელებულ ინფორმაციას ტყუილი უწოდა. მისი თქმით, აღნიშნული მხოლოდ ერთადერთ მიზანს ემსახურება, რომ ოპოზიციის შიგნით არსებული კონფლიქტი გადაფაროს. ამასთან, მანვე უარყო სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია.

„ეს არის ტყუილი, მე პირდაპირ შემიძლია გითხრათ, ეს ემსახურება ერთადერთ რამეს, რომ რაღაცნაირად გადაიფაროს ის რეალური კონფლიქტები, რომლებიც არის ოპოზიციის შიგნით“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი დაკავებული თანამდებობიდან ირაკლი ღარიბაშვილის გადაყენების აუცილებლობას ვერ ხედავს. როგორც მან For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, ღარიბაშვილი „ქართული ოცნების“ მთავარ ამოცანას ასრულებს და მთელი აგრესია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ გადააქვს.

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი პრემიერ-მინისტრის შესაძლო შეცვლის საკითხი დადგება, ეს პოსტი ეკონომისტმა უნდა დაიკავოს, რომ სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების მოგვარებაზე იფიქროს.

„ღარიბაშვილმა კარგად შეასრულა ყველა დავალება - „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ იყო აგრესიული, რადიკალური, ცინიკური. მთელი ყურადღება მათ წინააღმდეგ გადაიტანა, რაც „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა იყო და მიაღწიეს წარმატებას. ღარიბაშვილმა წარმატებულად გაიარა ყველაფერი, „ქართული ოცნების“ გაგებით, კარგი შემსრულებელია და რატომ უნდა შეცვალონ, არ ვიცი.

ევროპისთვის მნიშვნელოვანია სიმშვიდე. კარგად იციან, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში, ჩვენთან დემოკრატია არ გამოდნება. ეჭვი მეპარება, ევროპამ დააყენოს პიროვნებების საკითხი. მთავარი ღარიბაშვილის შეცვლა კი არაა, ვისით შეცვლიან, თუ შეცვლა იქნება, არა ღარიბაშვილის გამო, არამედ რაღაც ახალი ამოცანები დადგება „ქართული ოცნების“ წინაშე.

ამ შემთხვევაში უნდა შეიცვალოს ეკონომიკური საკითხები და უნდა დასვან ძლიერი ეკონომისტი, რომელიც მუშაობას დაიწყებს სიღარიბის და უმუშავერობის წინააღმდეგ. წესით, თუ მიდის ღარიბაშვილი, ამ კატეგორიის ადამიანი უნდა მოვიდეს, რადგან სხვა მმართველობითი სტრუქტურაა საჭირო“, - განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე ფიქრობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომა მოხდება მხოლოდ ერთ შემთხვევაში - თუკი დასავლეთიდან იქნება ზეწოლა.

როგორც ანჯაფარიძემ For.ge-სთან საუბარში აღნიშნა, თუკი შიდაპარტიული კონფლიქტის გამო მოუწევს ღარიბაშვილს გადადგომა, ისეთ პოლიტიკურ ფიგურას აირჩევენ, რომელიც პარტიის ყველა წევრისთვის მისაღები იქნება.

„ჩვენს ტურბულენტურ, პოლიტიკურ გარემოში საერთოდ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, თუკი გავითვალისწინებთ ღარიბაშვილის პირველ გადადგომას. ერთადერთი მიზეზი ღარიბაშვილის გაშვების, რაც შესაძლოა დავასახელოთ, ეს არის დასავლეთისგან ზეწოლა. პერსონიფიკაცია გამიჭირდება, ღარიბაშვილის შემცვლელის ვინაობა დამოუკიდებულია პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზზე.

თუ ეს მიზეზი არის დასავლეთიდან ზეწოლა, მაშინ მისი შემცვლელი უნდა იყოს ისეთი პიროვნება, რომელიც მისაღები კანდიდატურა იქნება დასავლეთისთვის, როგორიც იყო მაგალითად, გიორგი კვირიკაშვილი 2016 წელს. თუ ეს უკავშირდება შიდა პარტიულ კონფლიქტს, მაშინ ეს უნდა იყოს ისეთი კომპრომისული ფიგურა, რომელიც მისაღები იქნება პარტიის ყველა წევრისთვის.

ვვარაუდობ, რომ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებაც იქნება გათვალისწინებული, მიუხედავად იმისა, რომ ის ფორმალურად პოლიტიკიდან წავიდა. შეიძლება იყოს პოლიტიკური ფიგურა, ვერავის დავადებ ხელს, ეს შესაძლოა იყოს თეა წულუკიანი“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

ინფორმაციისთვის, ჯერ ერთი წელიც არ არის გასული, რაც ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დაბრუნდა. ის ამ პოსტზე პარტია „ქართულმა ოცნებამ“ მას შემდეგ დაასახელა, რაც გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტის თანამდებობა დატოვა.