აზარტული თამაშების შეზღუდვის შემდეგ, ჯერი ფარმაცევტების მოთოკვაზე მიდგა

აზარტული თამაშების შეზღუდვის შემდეგ, ჯერი ფარმაცევტების მოთოკვაზე მიდგა

პარლამენტმა პრემიერის პირველი ინიციატივა აზარტული თამაშების შეზღუდვის თაობაზე უკვე კანონად აქცია. ახლა ჯერი მეორე საკითხზეა - რაც შეიძლება მალე უნდა დარეგულირდეს თავის ნებაზე მიშვებული ფარმაცევტული ბაზარი და შემცირდეს მედიკამენტების ღირებულება.

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას მტკიცებით, მედიკამენტის ფასის პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება. ასეთი დავალება უშუალოდ პრემიერისგან მოდის.

„ყველაზე სენსიტიური არის მედიკამენტების დარგი. პრემიერის დავალებით, აქ მუშავდება კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ერთხელ და სამუდამოდ მედიკამენტების ფასწარმოქმნა დარეგულირდება ისე, რომ ჩვენს მოსახლეობას არ უწევდეს სამჯერ და ოთხჯერ მეტი ფასის გადახდა, ვიდრე მეზობელ ქვეყნებში, იგივე დასახელების მედიკამენტზე“, - განაცხადა თურნავამ.

ჯერ კიდევ 3 აგვისტოს მთავრობის სხდომაზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში წამლების ფასები ძალიან გაზრდილია და ამაზე მეტყველებს ყველა სტატისტიკა.

„მე უკვე არაერთი საუბარი მქონდა კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელთან, რომელიც მუშაობს ამ საკითხზე. ის შუალედური მონიტორინგის ანგარიშს წარმოგვიდგენს უახლოეს მომავალში. არ მინდა წინასწარ ვისაუბრო, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ ზოგიერთ წამალზე 300-400%-იანი ფასნამატია დადებული კომპანიების მხრიდან, რაც მიუღებელია. მსგავსი რამ არც ერთ ქვეყანაში არ ხდება“, - განაცხადა მან.

უკვე რამდენიმე კვირის წინ ეს პროცესი გააქტიურდა და ამ თვის ბოლომდე პარლამენტში შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტს ელოდებიან. ამჯერად ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ახალ პროექტში აუცილებელია, ყველა მხარის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, რაც თავისთავად დაარეგულირებს მდგომარეობას.

„ჩვენ დავასრულეთ შუალედური ანგარიში, რომელიც ხელმისაწვდომია ყველასთვის. მინდა, რომ ყველაფერი სწორად გავაკეთოთ, ისე, რომ ჩვენი მოსახლეობის ინტერესები იყოს გათვალისწინებული, მაქსიმალურად დაცული. მეორე მხრივ, ჩვენ გვინდა, რომ ბიზნესის ინტერესებიც გავითვალისწინოთ. თუ ამ ბალანსს ვიპოვით, ეს იქნება იდეალური გამოსავალი ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

პარალელურად მთავრობა ცდილობს, სექტორს ოპტიმალური პირობები შეუქმნას. ამასთან, საქართველოს ბაზარზე მოქმედ ფარმაცევტულ საწარმოებს ხარისხის ახალ - „ჯიემპი“ სტანდარტზე გადასვლა, მომდევნო წლის 1-ლი იანვრის ნაცვლად, ეტაპობრივად, 2022 წლის იმ კონკრეტულ თვემდე შეეძლებათ, როდესაც ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების ნებართვა აქვთ მიღებული.

ამავე დროს, დამატებითი შეღავათი განესაზღვრათ იმ მწარმოებლებს, რომლებსაც წარმოების ნებართვის ვადა ივნისის თვემდე აქვთ და მათ ხარისხის სერტიფიკატი 30 ივნისამდე უნდა მოიპოვონ. ამავე შეღავათებით ისარგებლებენ საბითუმო დისტრიბუტორებიც.

ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ირაკლი მარგველაშვილის აზრით, გაჟღერებული ინიციატივა კარგია, რაც ხელს შეუწყობს იმ კომპანიებს, რომლებსაც ახალ ხარისხის სტანდარტზე გადასვლის სურვილი და რესურსი გააჩნიათ.

„აბსოლუტურად, ძალიან გონივრულად და ჭკვიანურად იქნა გადაწყვეტილება მიღებული, ვინაიდან საუბარი კი არ არის გადავადებაზე იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც არ აქვთ სურვილი ან არ ემზადებიან. აქ არის ლაპარაკი, კონკრეტულად, გონივრულად, რა ვადებში უნდა მოხდეს ახალ სტანდარტზე გადასვლა იმ კომპანიებისთვის, რომლებსაც ამის სურვილი და რესურსი გააჩნიათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ექსპორტი არ ეზღუდებათ იმ ადგილობრივ მწარმოებლებს, რომლებიც პროდუქციასაც სხვა ქვეყნებში იღებენ არსებული დოკუმენტაციით“, - აღნიშნა მარგველაშვილმა „ბიემთან“ საუბრისას.

უკვე დიდი ხანია, რაც მედიკამენტებზე ფასები იზრდება და ლამის ისტორიულ მაქსიმუმზეა. ზუსტად ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სფერო შესასწავლია და აუცილებელია ახალი მექანიზმები. როგორც ჯანდაცვის მენეჯმენტის ექსპერტი ვატო სურგულაძე მიიჩნევს, ხელოვნურად ფასების დაჭერა კარგი არ არის, რადგან შესაძლოა, ამან უფრო დიდი პრობლემების წინაშე დაგვაყენოს.

„რას აპირებენ ხელისუფლებაში, არ ვიცით, არ ვარ მომხრე, რომ ფასები ხელოვნურად დარეგულირდეს. ეს ყველაფერი გამოიწვევს ბაზრიდან ხარისხიანი მედიკამენტების გადინებას, თუმცა ისიც მიუღებელია, რომ წამლები იყოს ძვირი და უხარისხო.

თუკი თურქეთში მედიკამენტების ფასები სტაბილურია, ეს არ არის დაკავშირებული იმასთან, რომ ისინი ფასებს იჭერენ. მათი სახელმწიფო მუდმივად აკომპენსირებს გაძვირებას, რაც ჩვენი ქვეყნისთვის, როგორც ეკონომიკურად ძალიან სუსტი სახელმწიფოსთვის, რამდენად კარგი იქნება, არ ვიცი. ქვეყანას რეალურად არ აქვს ფასების შემცირების რესურსი“, - აღნიშნა სურგულაძემ და დასძინა, რომ წამლებზე ფასების მატების პრობლემა სულ იქნება და ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, ყურადღება მოსახლეობის შემოსავალზე გავამახვილოთ.