„ტაილანდში დადიან „საგულაოდ“, ტაილანდი სექსტურიზმითაა განთქმული და ეჭვიც არ მეპარება, ტაილანდში რისთვის ჩადიოდა სააკაშვილი“

„ტაილანდში დადიან „საგულაოდ“, ტაილანდი სექსტურიზმითაა განთქმული და ეჭვიც არ მეპარება, ტაილანდში რისთვის ჩადიოდა სააკაშვილი“

„ტაილანდში გასართობად კი არა, გეოპოლიტიკის საწარმოებლად დადიან“, - ყოველ შემთხვევაში, ასეთია ექსპრეზიდენტის ინტერპრეტაცია სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ მდიდრულ სამეფოში მისი ორდღიანი ვიზიტისთვის 19 ათასი დოლარის დახარჯვასთან დაკავშირებით. როგორც ჩანს, ტროპიკული პლაჟები, მდიდრული სამეფო სასახლეები, ძველი ისტორიული ნანგრევები, ბუდისტური ტაძრები, საზღვაო კურორტები ექსპრეზიდენტის ყურადღების მიღმა დარჩენილა, რადგან, როგორც თავად ირწმუნება, ტაილანდში ვოიაჟით აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის არაღიარების საკითხის მოგვარებით იყო დაკავებული, რაზეც ღიად პირველად საუბრობს.

სააკაშვილის თქმით, აუცილებელი იყო აზია-წყნარი ოკეანის კუნძულოვანი სახელმწიფოების პრემიერების დასაჩუქრება რაიმე ძვირფასი ნივთით, ან ფულის გადახდა იმისთვის, რომ მათ ჩვენი ისტორიული ტერიტორიების „დამოუკიდებლობის“ აღიარება არ მოეხდინათ. როგორც ამბობს, ამ ფულს იგი ჯიბიდან ვერ ამოიღებდა, ეს ის პერიოდი იყო, როცა რუსები ფულის ჩემოდნებით დარბოდნენ და იღებდნენ აღიარებებს ნაურუდან, ვანუატუდან, ტუვალუს აღიარება დაუჯდათ ერთი მილიონი დოლარი. ამ სიტუაციაში ჩვენ გვეხმარებოდა ავსტრალიის მთავრობა.

„ტელევიზორში ვნახეთ, სააკაშვილი იყო ტაილანდში და წარმოიდგინეთ ეგრევე ტაილანდი, თუმცა სექს-ინდუსტრიის გვარების დასახელებას დაგვპირდნენ და, იცით, მეც მავიწყდება ასაკთან ერთად, ვისი მომსახურებით ვისარგებლე, მაგრამ არც პროკურატურა ასახელებს. არადა, კარგი იქნებოდა, არქივში მენახა. ვინ იყო ჩამოსული სტუმრებიდან, ჰილარი კლინტონი იყო სექს-ინდუსტრიის წარმომადგენელი, ევროპარლამენტის რომელიმე წევრი?!“ - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

პროკურორები თვლიან, ამ გამოსვლით სააკაშვილმა თავისი დანაშაული აღიარა, სააკაშვილის ადვოკატები კი ამტკიცებენ, რომ ექსპრეზიდენტის ყველა ხარჯი ქართული პოლიტიკის ინტერესებს ემსახურებოდა.

ასე ძვირი ჯდება თუ არა გეოპოლიტიკის წარმოება და, საერთოდ, რისთვის დადიან ჩვენი პოლიტიკოსები ინდოჩინეთის ნახევარკუნძულზე მდებარე ამ სახელმწიფოში?

ყოფილი სახელმწიფო მინისტრი, ანალიტიკოსი პაატა ზაქარეიშვილი for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ არაღიარების პოლიტიკაში საქართველო ვერაფერს აკეთებს. ამას აკეთებენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები-აშშ, ევროკავშირი, გერმანია, საფრანგეთი, რომლებიც სწორედ ასეთ ქვეყნებზე მუშაობენ. აზიის ქვეყნებზე მუშაობს ავსტრალია, ახალი ზელანდია.

„ამიტომ სააკაშვილის ნათქვამი ზღაპარია. ცხადია, რუსეთი ჩვენს წინააღმდეგ მუშაობს და ავსტრალია და ჩვენი მეგობარი დემოკრატიული სახელმწიფოები მუშაობენ, რათა არაღიარებას მიაღწიონ. სააკაშვილის ტაილანდში ჩასვლას კი სხვა მიზნები ექნებოდა, ტაილანდში დადიან „საგულაოდ“, ტაილანდს სულ ფეხებზე ჰკიდია აფხაზეთი და ყველა დანარჩენი, მშვენიერი წარმატებული საკურორტო ქვეყანაა, თანაც, ცნობილია, რომ ტაილანდი სექსტურიზმითაა განთქმული. ამიტომ ეჭვიც არ მეპარება, ტაილანდში რისთვის დადიოდა სააკაშვილი, ოღონდ ამის მტკიცებულებები არ მაქვს. ეს ზღაპრები თავის მეორე ცოლს მოუყვეს“, - აღნიშნა პაატა ზაქარეიშვილმა.

პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე მიიჩნევს, რომ საქართველოს ისეთი ფინანსები არ აქვს, გეოპოლიტიკური მასშტაბის პოლიტიკა აწარმოოს. ამის გაკეთება ზესახელმწიფოებსაც კი უჭირთ, არათუ საქართველოს. რაც შეეხება ტაილანდს, ვახტანგ ძაბირაძე ფიქრობს, რომ ძალიან ადვილი გადასამოწმებელი იქნება, ვის შეხვდნენ, იყო თუ არა იმ დროს ის ხალხი იქ ჩასული, ვისაც სააკაშვილი ასახელებს.

„ამიტომ ექსპრეზიდენტმა უნდა თქვას, ვისაც შეხვდა ტაილანდში. თუ ღია, საჯარო პროცესზე არ იტყვის, დახურულ პროცესზე უნდა თქვას, თუკი რაიმე საიდუმლოა. შემდეგ გადამოწმდება, ეს ხალხი მართლაც იყო ტაილანდში, როცა მიშა იქ იყო ჩასული, თუ არა. „ნაციონალების“ პრობლემა, იცით, რაშია? ყველა ვარიანტში წაგებული აქვთ ეს პროცესი. 9 მილიონიდან 8 მილიონზეც რომ თქვას სასამართლომ, რომ 8 მილიონი სწორად დახარჯა სააკაშვილმა, 1 მილიონიც ხომ საკმარისია სასჯელისთვის, თუ წავლენ ამ მიმართულებით და მიუსჯიან?!“ - აღნიშნა ვახტანგ ძაბირაძემ for.ge-სთან საუბრისას.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს ტაილანდში ვიზიტისთვის სააკაშვილს 19 ათასი დოლარი დაეხარჯა აფხაზეთისა და ცხინვალის პრობლემის მოსაგვარებლად. მისი აზრით, ეს გასაკვირი არაა, თუ ღარიბაშვილის ვიზიტზე ერთხელ 50 ათასი დოლარი დაიხარჯა ნიუ-იორკში გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლის დროს. ამიტომ ეს ორმაგი სტანდარტია ყველა მიმართულებით.

„რა თანხები დაიხარჯა საქართველოში აბრეშუმის ფორუმის დროს, როცა ასზე მეტი ახალი მანქანა, ჯიპები შეისყიდეს, ან რამხელა თანხები იხარჯება, პრემიები და დანამატები რომ რიგდება? შეიძლება სააკაშვილს მოესყიდა კიდეც კუნძულოვანი სახელმწიფოების პრემიერები, რადგან ერთ-ერთმა სახელმწიფომ, როგორიც ნაურუა, აღიარა აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ტუვალუ იყო სახელმწიფო, რომლის დღის წესრიგშიც დაისვა საკითხი, რომ ეღიარებინათ აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობა, ამიტომ მოსყიდვას ვერ დავარქმევთ იმ საქმეს, თუ ეს საქმე ერის ინტერესებიდან გამომდინარეობდა. სამწუხაროდ, ჩვენთან ყველა მოვლენას იმის მიხედვით უყურებენ, ვის როგორ აწყობს“, - აღნიშნა ნიკა ჩიტაძემ ჩვენთან საუბრისას.

მისივე თქმით, თუკი სააკაშვილმა ნაღდი ფული გადასცა კუნძულოვანი სახელმწიფოების პრემიერებს, ცხადია, ამას ვერ გადავამოწმებთ, ხოლო, თუ გადაურიცხა, შეიძლება გადარიცხვის დოკუმენტი არსებობდეს. ამიტომ ანალიტიკოსს ეს შეთითხნილი ბრალდებები ჰგონია. ის ფიქრობს, რომ არაღიარების პოლიტიკის მხრივ საქართველომ დაამარცხა რუსეთი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის, გრიგოლ ვაშაძის ძალისხმევის შედეგად, რომელიც იმ დროს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო. სწორედ იმ პერიოდში შედგა შეხვედრები მესამე სამყაროს ქვეყნებში - ლათინურ ამერიკაში, აფრიკაში და, შესაბამისად, მხოლოდ სამმა სახელმწიფომ ცნო აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობა.