რატი ბრეგაძე სალომე სამადაშვილს:  მხოლოდ სიძულვილის მუსიკა უკრავს - ბუნებრივია, ყოფილი „ნაციონალები“ არ არსებობენ

რატი ბრეგაძე სალომე სამადაშვილს: მხოლოდ სიძულვილის მუსიკა უკრავს - ბუნებრივია, ყოფილი „ნაციონალები“ არ არსებობენ

მართლაც ჟღერადია სალომე სამადაშვილის და მისი პარტიული მეგობრებისგან წამოსული სიძულვილის ენა, სწორედ მისგან და მისი პარტიული მეგობრებისგან მოდის სიძულვილის ენა, რომელიც ესოდენ ბოროტად ჟღერადია,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პლენარული სხდომაზე განაცხადა.

როგორც რატი ბრეგაძე აღნიშნავს, ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის „გამოსვლა იყო არა ერთაკორდიანი, არამედ უაკორდო მუსიკა“.

„სალომე სამადაშვილი საუბრობდა ერთაკორდიან მუსიკაზე. მინდა გითხრათ, რომ მუსიკალური განათლებაც მაქვს მიღებული და კონსერვატორიაშიც ვსწავლობდი, მუსიკაში მეტ-ნაკლებად ვერკვევი. თქვენი გამოსვლა იყო არა ერთაკორდიანი, არამედ უაკორდო მუსიკა, ნოტების გარეშე შესრულებული. სიჩუმეში შესრულებული მუსიკა, რომელიც მხოლოდ თქვენ გესმოდათ.

მხოლოდ სიძულვილის მუსიკა უკრავს. მართლაც ჟღერადია სალომე სამადაშვილის და მისი პარტიული მეგობრებისგან წამოსული სიძულვილის ენა. არ ვიცი რომელ პარტიაშია, თუმცა, თავისი რიტორიკით მას სხვა პარტიაში ვერ აღვიქვამ, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“. ბუნებრივია, ყოფილი „ნაციონალები“ არ არსებობენ. სწორედ მისგან და მისი პარტიული მეგობრებისგან მოდის სიძულვილის ენა, რომელიც ესოდენ ბოროტად ჟღერადია.

ჩემ გამოსვლაში არცერთი მათგანისთვის არ მიმიყენებია შეურაცხყოფა. არცერთ უარყოფით კონტექსტში არ მომიხსენიებია პატიმარი სააკაშვილი. ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული პასუხისმგებლობა, რომ მე იმ უწყების ხელმძღვანელი ვარ, რომელიც პასუხისმგებელია ნებისმიერ პატიმარზე. ბუნებრივია, არცერთ პატიმარს არ მოვიხსენიებ რაიმე სახის შეურაცხმყოფელი ფორმით.

ჩემი მოკრძალებული აზრით, გემოვნებაზე არ დავობენ. მას მოსწონს, თუ არ მოსწონს ჩემი გემოვნება, ეს მისი გადასაწყვეტია. ასეთი მკვახე შეფასებებით, ვის უვარგა გემოვნება და ვის ანალიზის უნარი, ამ ყველაფრით, როგორც ეს ადამიანი, მისი პარტიის მიმდევრები რეალურ სახეს აჩვენებენ“,- აღნიშნავს ბრეგაძე.