„ომიკრონის“ მოახლოებისთანავე „შეზღუდვების“ მომხრეები გამოცოცხლდნენ

„ომიკრონის“ მოახლოებისთანავე „შეზღუდვების“ მომხრეები გამოცოცხლდნენ

რამდენიმე თვეა საქართველოს ეკონომიკა ფეხზე წამოდგა, ბიზნესმა, ასე თუ ისე, ამუშავება შეძლო. ეპიდემიოლოგიური ვათარებაც ქვეყანაში უკეთესობისკენ მიდის, ინფიცირების შემთხვევები იკლებს, ხოლო დადებითობა უმჯობესდება. ამ დროს სრულიად მოლოდნელად მედიკოსებში გაჩნდა მოსაზრება, რომ შესაძლოა, ქვეყნაში დამატებითი შეზღუდვები გახდეს საჭირო და ამის მიზეზად „ომიკრონის“ შტამის გავრცელებას იშველიებენ. ეკონომისტები ექიმების პოზიციას კატეგორიულად ემიჯნებიან.

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი არ გამორიცხავს, რომ ქვეყანა ახალი ჩაკეტვის საფრთხის წინაშე დადგეს. როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მისი აზრი არ არის და ეპიდემიოლოგების შიდა წრეში ამ საკითხზე მსჯელობენ კიდეც.

„ჩაკეტვის რისკი, გარკვეულწილად, შეიძლება არსებობდეს, თუკი „ომიკრონმა“ სწრაფი და უპრეცედენტო გავრცელების მასშტაბები მიიღო იანვრის ბოლოდან ან თებერვლიდან. ამიტომ მანამდე გვაქვს შესაძლებლობა, მოვემზადოთ ვაქცინაციით და პირბადის გამოყენებით. თუ ამას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, მძიმე ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის რისკებს ავცდეთ. სხვა შემთხვევაში, პროცესი ცოტა რთულად მესახება, რადგან ქვეყნის მოსახლეობის 35% არაიმუნურია, ანუ არც ვაქცინა აქვს გაკეთებული და არც კოვიდი აქვს გადატანილი. ეს მილიონზე მეტი ადამიანია, რაც რისკებს გვიზრდის. ამიტომ ჩაკეტვა შეიძლება ისევ დადგეს დღის წესრიგში“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ეკონომიკის შეზღუდვას სპეციალისტები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან და აცხადებენ, რომ თუკი 2020 წელს კრიზისს ბიზნესმა გაუძლო, 2022 წელი შეიძლება ამ მიმართულებით დამანგრეველი აღმოჩნდეს. ამ პოზიციას ამყარებს ის არგუმენტი, რომ მთავრობას არც მოსახლეობის და არც ბიზნესის დასახმარებლად რესურსი აღარ აქვს.

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის დირექტორი გიორგი კაპანაძე მიიჩნევს, რომ არ შეიძლება, კერძო სექტორი სულ შეზღუდული იყოს, ამ გზით სიტუაციის გამოსწორება არ ხდება.

„ბიზნესი საფრთხეს იგრნობს იმ შემთხვევაში, თუ გვექნება ვირუსის ძალიან მაღალი გავრცელება და თუ არ გაიზარდა ვაქცინაციის მაჩვენებელი. წინასწარ საუბარი ძნელია, თუმცა ვხედავთ, რომ ახალი შტამი სწრაფად ვრცელდება და იწვევს მაღალ ავადობას. ბიზნესზე ეს უარყოფით გავლენას მოახდენს იმ კუთხით, რომ ბევრი ადამიანი გვეყოლება ინფიცირებული და, გარდა ამისა, არსებობს საფრთხე, რომ გარდაცვალების მაჩვენებელიც გაიზარდოს.

თუ ეკონომიკისა და ბიზნესის კუთხით შევხედავთ, სხვა გამოსავალი არ არსებობს. „მწვანე პასპორტებით“ უნდა ვიმოქმედოთ, რადგან ადამიანებს აცრას ვერ ვაიძულებთ და, ამავდროულად, მუდმივი რეგულაციებიც შეუძლებელია. არ შეიძლება, რომ კერძო სექტორი სულ შეზღუდული იყოს. ამით სიტუაციას ვერ მოვაგვარებთ. ერთ დღეს შეზღუდვებით ეპიდსიტუაციას ვუშველით, თუმცა ეკონომიკას დავაზარალებთ, მაგრამ რაღაც პერიოდის გავლის შემდეგ ისევ გაიზრდება ინფიცირების მაჩვენებელი და ეკონომიკა დარჩება დაზარალებული.

თუ რაღაც კატასტროფა არ მოხდა და იმედს ვიტოვებ, რომ კრიტიკული სიტუაცია არ შეიქმნება, ალბათ, აღარც იქნება საჭირო დამატებით შეზღუდვებზე საუბარი. უნდა გავაგრძელოთ ჩვეულებრივად ცხოვრება და ალბათ, მოსახლეობაც უფრო აქტიურად აიცრება“, - განაცხადა კაპანაძემ.