ლონდონის „ჩელსიმ“ პრემიერლიგის მე-17 ტურში შინ „ევერტონს“ (1:1) ვერ მოუგო და შედეგით ძალიან უკმაყოფილო დარჩა ტომას ტუხელი. გერმანელმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ საგოლე მომენტების გამოუყენებლობა მიუღებელია და გუნდმა ქულები მხოლოდ ამის გამო დაკარგა.
„დიახ, რა თქმა უნდა, არასასიამოვნოა ლიდერთან ქულებით უფრო ჩამორჩენა. თუ დავაკვირდებით რამდენ საგოლე მომენტს ვქმნით, რამდენ ძალისხმევას ვდებთ, რამდენი საგოლე შანსის შექმნა გვჭირდება 1 გოლისთვის და ამ დროს მეტოქე რას აკეთებს ანგარიშის გასათანაბრებლად, ეს ყველაფერი მიუღებელია.
პირველ ტაიმში ბევრი შანსი გავუშვით ხელიდან, უპირატესობა გვქონდა და ბოლოს ერთი სტანდარტულით გოლი გავუშვით. ფეხბურთში იშვიათად ხდება, რომ შედეგი მხოლოდ ერთ ფაქტორზე იყოს დამოკიდებული, მაგრამ დღეს ჩვენი დიდი პრობლემა რეალიზაცია იყო. შეგვეძლო 2-3 გოლის გატანა და სანაცვლოდ ბოლოს ცეცხლს ვეთამაშეთ. ცხადია, შემადგენლობაში პრობლემები გვაქვს, მაგრამ არ მინდა, ეს საბაბად გამოვიყენო.
სეზონი კორონავირუსის გამო უნდა შეწყდეს? არ ვიცი, არ მინდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევა, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უნდა ვითამაშოთ, მაშინ ვითამაშებთ“, - თქვა ტუხელმა.
შეგახსენებთ, რომ ლონდონის „ჩელსი“ ინგლისის პრემიერლიგაში 37 ქულით მესამე ადგილზეა და ლიდერ „მანჩესტერ სიტის“ 4 ქულით ჩამორჩება. აქვე გეტყვით, რომ ლონდონურ გუნდში ოთხ ფეხბურთელს, ბენ ჩილველს, კალუმ ჰადსონ-ოდოის, რომელუ ლუკაკუსა და ტიმო ვერნერს კორონავირუსი დაუდასტურდათ.