აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებულია

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი: საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებულია

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ტერორიზმის შესახებ 2020 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოს სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს მიერ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით გატარებულ ღონისძიებებს აფასებს.ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველო კვლავ რჩება აშშ-ის მტკიცე პარტნიორად უსაფრთხოების საკითხებში.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გააჩნია ტერორიზმთან დაკავშირებულ ინციდენტებზე რეაგირებისა და გამოძიების წარმოების უფლებამოსილება და კონტრტერორისტული ცენტრის მეშვეობით მჭიდროდ თანამშრომლობს სხვა უწყებებთან, მათ შორის, შინაგან საქმეთა, იუსტიციის, თავდაცვის სამინისტროებსა და საქართველოს გენერალურ პროკურატურასთან. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ზოგადად არის კარგად აღჭურვილი და კარგად მომზადებული; იანვარში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააფუძნა სასწავლო ცენტრი, რომელიც უზრუნველყოფს ტრენინგების ჩატარებას ტერორიზმის, ძალადობრივი ექსტრემიზმისა და რადიკალიზაციის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული დანაყოფი რეგულარულად განაგრძობს აღჭურვილობის მიღებასა და ტრენინგებს. ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს 2019-21 წლების ეროვნული სტრატეგია კვლავინდებურად რჩება საქართველოს წამყვან კონტრტერორისტულ დოკუმენტად, ხოლო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თავმჯდომარეობით მოქმედი უწყებათაშორისი მუდმივმოქმედი კომისია პასუხისმგებელია სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შესრულების ზედამხედველობაზე.

2020 წლის განმავლობაში საქართველო მუშაობდა ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული (ქბრბ) საფრთხეების შემცირების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლების მიმართულებით, რომელიც მიღებულ იქნა უწყებათაშორისი საბჭოს დონეზე 2020 წლის ბოლოს. სტრატეგია დამტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელსაც ხელს მოაწერს პრემიერ-მინისტრი“, - ნათქვამია დოკუმენტში.

2020 წლის შემაჯამებელ დოკუმენტში, ასევე, ხაზგასმულია MONEYVAL-ის 2019 წლის ანგარიშში საქართველოს დადებითი შეფასება. მოგეხსენებათ, დოკუმენტის თანახმად, საქართველომ ტერორიზმის დაფინანსების გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის კუთხით ეფექტურობის „არსებით“ დონეს მიაღწია.