თხილი გაძვირების ნაცვლად, გაიაფდა და ფასი მაღლა აღარც აიწევს

თხილი გაძვირების ნაცვლად, გაიაფდა და ფასი მაღლა აღარც აიწევს

მაღალი ფასით დაწყებული სეზონის შემდეგ, მსოფლიო ბაზარზე თხილის ფასი დაეცა. პროდუქტი იაფდება საქართველოში. დეკემბერში გლეხები გაძვირებას ელოდნენ და სინამდვილეში თხილი 1 ლარით გაიაფდა. როგორც ჩანს, ფასის ზრდის პერსპექტივა ახლო მომავალში არც არსებობს.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, ამჟამად 1 კგ-ს ღირებულება ბაზარზე 5.5 ამერიკული დოლარია. მიზეზი თურქეთის მიერ მიღებული ჭარბი მოსავალი და ასევე, თურქული ლირის გაუფასურებაა.

„წელს, როგორც ჩვენთან, ასევე თურქეთშიც თხილის მოსავლის აღება საკმაოდ დაგვიანდა, ამიტომაც ვაჭრობა საკმაოდ მაღალი ფასით დაიწყო. ამან განაპირობა ფერმერებში განწყობა, რომ ეს ტენდენცია შენარჩუნდებოდა. თუმცა ჭარბმა მოსავალმა ფასის კლება განაპირობა. თურქეთის (ყველაზე მსხვილი მწარმოებლის) მოსავალი ოქტომბერში შემოვიდა ბაზარზე და იმდენად გაჯერდა, რომ ფასმა ბუნებრივად იკლო. ამასთან, თურქული ლირის 70%-იანმა გაუფასურებამაც გამოწვია საერთაშორისო ბაზარზე ფასის ვარდნა.

რაც შეეხება ბოლო პერიოდს, დეკემბერ-იანვარი ისედაც კრიზისული პერიოდია თხილის რეალიზაციისთვის, რადგან ყველას უკვე შესყიდული აქვს მარაგი, რომლებიც სჭირდებათ. ბევრი წარმოება იმდენად კარგ ფასებში დაკონტრაქტდა, რომ მომავალ სეზონამდე უზრუნველყოფილია მარაგით. ამ მომენტისთვის, ფასი მინიმუმზეა და რთულია პროგნოზირება როგორი იქნება ტენდენცია. თურქეთს, სრული მოსავლიდან 600 000 ტონა დარჩა 900 500 ტონიდან, რაც მთლიანი მოთხოვნის 60%-ია. არის ბაზარზე სხვა ქვეყნებიც: საქართველო, აზერბაიჯანი, იტალია, რომლებსაც დარჩათ თხილი გასაყიდი. ასე რომ, მაღალი ფასის მოლოდინი არ გვაქვს, მაგრამ თურქეთში კურსი თუ უფრო არ გაუფასურდა, ამაზე მეტად ფასმა აღარ უნდა დაიკლოს“, - განაცხადა „ჯორჯიან პროდაქტს რენესანსის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა ლევან ბოლქვაძემ.

ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში გლეხებს მოსავლის გაყიდვა 4-5 ლარის ფარგლებში შეეძლოთ. მწარმოებლები თხილის 8-9 ლარამდე გაძვირებასაც ელოდნენ, ტენდენცია სექტემბერ ოქტომბერში გრძელდებოდა და ფასმა 6-ლარიან ნიშნულს გადააბიჯა, თუმცა მოულოდნელად თხილი ისევ გაიაფდა. ამ ეტაპზე 1 კგ საშუალო ხარისხის თხილის ფასი საწყის ნიშნულს დაუბრუნდა და 4-4,50 ლარად იყიდება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები გიზო ბესელიას თქმით, წლევანდელი მოსავალი ხარისხის მკაცრ სტანდარტს რეალურად ვერ აკმაყოფილებს.

„ხარისხის მიხედვით თხილს ვყიდით 3-დან 4,50 ლარამდე, ასეთი იაფი მხოლოდ სეზონის დასაწყისში ღირდა, გაძვირებას ველოდით, მაგრამ პირიქით მოხდა. მაღალი ხარისხის თხილის ფასი 6 ლარია, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუკი 10 გატეხილი თხილიდან ათივე საღია, ასეთი რამ შეუძლებელია. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებისგან განსხვავებით ხარისხი აშკარად გაუმჯობესებულია, 100%-ით სტანდარტს პროდუქტი ვერანაირად ვერ დააკმაყოფილებს“, - უთხრა „კომერსანტს“ გიზო ბესელიამ.

თხილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი თოდუაც გაიაფებას თურქეთის ფაქტორს უკავშირებს და დასძენს, რომ საფასო ცვლილება გლობალური ფაქტორით არის განპირობებული.

„თურქეთში წელს განსაკუთრებით დიდი მოსავალია, დიდი მოსავალია ჩვენთანაც, თუმცა ფასების დაჭერა ვერ მოხერხდა. ახლა თხილის გულის ფასი 14,50 ლარია, 17 ლარამდეც ღირდა, შარშან ამ დროს ფასი 20 ლარს აღწევდა. წელს ფასი შემცირდა, თურქეთში მაღალი ინფლაციაა, ჭარბი მოსავალი და ყველაფერი ეს ფასებზე აისახება. დღესდღეობით ჩვეულებრივი გაუტეხავი თხილის ფასიც შემცირდა და მაქსიმუმ 5,5-6 ლარია, მაგრამ ხარისხიდან გამომდინარე, ფერმერებს უფრო ნაკლებად უწევთ გაყიდვა“, - აღნიშნა თოდუამ.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემით, მიმდინარე წლის 1-ლი აგვისტოდან 28 ნოემბრის ჩათვლით საქართველოდან 14.6 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 66.8 მლნ დოლარი შეადგინა.