აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული კანონმდებლობა მკაცრდება და პარლამენტში დაჩქარებული წესით, საკანონმდებლო პაკეტი განიხილეს, რომელიც აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით კანონმდებლობის გამკაცრებას ითვალისწინებს.
შესაბამისი ცვლილებები რვა კანონში შედის. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან მგალობლიშვილის, გელა სამხარაულის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ელგუჯა გოცირიძის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონპროექტი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ პროექტთა თანმდევ პაკეტთან ერთად, პროექტის ერთ-ერთმა ინიციატორმა, დავით სონღულაშვილმა წარადგინა.
„კანონპროექტი ემსახურება კონკრეტულ მიზანს. ეს არის ორი მარტივი მოცემულობა. ერთი - შევზღუდოთ მაქსიმალურად წვდომა და მეორე - შევზღუდოთ პროვოცირება ინტერესის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
პროექტი აზარტული თამაშების მინიმალურ ასაკობრივ ცენზს 25 წლამდე ზრდის, ასევე, საჯარო მოხელეებს და სოციალურად დაუცველ პირებს თამაშის უფლებას უკრძალავს. ჯამში, ეს შეზღუდვა 1 მილიონამდე მოქალაქეზე ვრცელდება. პროექტის თანახმად, კანონში აისახა თამაშობებზე დამოკიდებული პირის და აკრძალული პირის ცნება. ამავე პროექტით, ქართული საგადასახდო ბარათებით უცხოური აზარტული და მომგებიანი თამაშობების მიზნით, ონლაინ-გადახდები იკრძალება. პროექტით, ყველა საგადასახადო მომსახურების პროვაიდერს, მათ შორის კომერციულ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს ეკრძალება ურთიერთობა დაამყაროს უცხოური სათამაშო ბიზნესის განმახორციელებელ კომპანიებთან, მათ სასარგებლოდ გადახდების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით.
ასევე, ცვლილებები შედის რეკლამის შესახებ კანონში, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის კანონსა და სხვა კანონებში. აზარტულ და მომგებიან თამაშებთან დაკავშირებული ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მკაცრდება - შემოდის ახალი სახის ჯარიმები, კანონით გათვალისწინებული ჯარიმების ოდენობა კი, იზრდება.
აღნიშნული რეგულაციების გამკაცრების მომხრეა საპატრიარქოც. დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით უკეთესი იქნება, თუკი აზარტული თამაშები საერთოდ აიკრძალება.
„ძალიან სასიხარულოა სახელმწიფოს მხრიდან ასეთი პრინციპული დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ. ამ კანონპროექტის შემოტანის მცდელობა არაერთხელ იყო და როგორც იქნა, მოვესწარით იმას, რომ მსჯელობა მიმდინარეობს და შეიძლება ეს პროექტი კანონად იქცეს.
ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციები, იდეალურ შემთხვევაში ვისურვებდით, რომ საერთოდ იყოს აკრძალული აზარტული თამაშები, თუმცა, დღეს ვმსჯელობთ რაღაც ეტაპზე გადასასვლელად, რაც შეზღუდავს ბევრ ახალგაზრდას და ადამიანს, რომელიც იმედით, მაგრამ მოტყუებული მიდის, თამაშობს, აგებს და ძალიან მძიმე შედეგები მოჰყვება ამას ოჯახებისთვის.
იმედია, ეს კანონპროექტი მიიღებს ეფექტურ ფორმას, რომელიც ამ სფეროს რეალურად დაარეგულირებს. ინიციატორი იყო ფინანსთა სამინისტრო, ჩვენ რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ შეხვედრაზე საპატრიარქოში, კონფერენციაზე მოვისმინეთ, რომ ჩვენს მიერ დაწყებული საუბრები ამ თემაზე პარალელურად ფინანსთა სამინისტროში მუშავდებოდა, ჩავერთეთ, თითქმის წელიწადნახევარი ამ მუშა ჯგუფში ჩართული იყო საპატრიარქო და საპატრიარქოს მიერ მოწვეული ჯგუფი: ფსიქოლოგები, სოციოლოგები და 200-მდე დასკვნა ფსიქოლოგების და ფსიქიატრების შევკრიბეთ, ასევე ხელმოწერები შევკრიბეთ და მონაწილეობა მივიღეთ რიგ პუნქტებში, რომელიც დღეს ამ კანონპროექტში აისახა“, - განაცხადა ჯაღმაიძემ.
აზარტული თამაშების რეგულაციების საპარლამენტო განხილვის პარალელულად, სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რეგულაციების გამკცრების გამო, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე.
„აზარტული თამაშების კომპანიების სასპონსორო აქტივობები, განსაკუთრებით ბოლო წლებში, მნიშვნელოვნად გაიზარდა და ქართულ სპორტში ჩაიდო რამდენიმე ათეული მილიონი ლარი, რამაც ხელი შეუწყო ადგილობრივი ჩემპიონატებისა თუ სპორტსმენების განვითარებას. აღნიშნული სასპონსორო კამპანიების უმთავრესი დანიშნულება, პირველ რიგში, ოპერატორების მიერ აღებული სოციალური პასუხისმგებლობაა და, ასევე, ემსახურება კომპანიების იმიჯის ამაღლებას. ამ მიმართულებით გამოყოფილი უზარმაზარი ფულადი სახსრები ფინანსდებოდა ბიზნესის სტანდარტული საქმიანობით, რაც შესაძლებელი იყო მხოლოდ და მხოლოდ მოქმედ საკანონმდებლო პირობებში - სხვა მარკეტინგული ან ფინანსური გამართლება აღნიშნულ სასპონსორო კამპანიებს არასოდეს ჰქონია.
გვსურს დაგარწმუნოთ, რომ მოსალოდნელი რეგულაციები უმძიმესი წნეხის ქვეშ მოაქცევს სათამაშო ბიზნესის სექტორში დასაქმებულ კომპანიებს, რაც ავტომატურად გამოიწვევს ხარჯების ოპტიმიზაციის საჭიროებას და შეუძლებელს გახდის ქართული სპორტის განვითარებაში ინვესტიციების ჩადებას. კანონპროექტით დაშვებული სასპონსორო სარეკლამო საქმიანობა არ წარმოადგენს კომპანიებისათვის მარკეტინგულად თუ ფინანსურად გამართლებულ დანახარჯს, აქედან გამომდინარე, სამწუხაროდ, დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების პირობებში, სათამაშო ბიზნესის სექტორს მოუწევს, უარი თქვას სპორტის სპონსორობაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
სათამაშო ბიზნეს ასოციაციის განცხადებას, რომ სპორტს აღარ დააფინანსებს, სპორტული ჟურნალისტი კახა ბერიძე for.ge-თან აფასებს და აცხადებს, რომ ხელისუფლებას აღნიშნულ რეგულაციის მიღებამდე ოქროს შუალედი უნდა მოეძებნა, რათა შეზღუდვებიც ყოფილო, თუმცა, არც სპორტი დაზარალებულიყო.
„პრემიერ-მინისტრის მხრიდან აღნიშნული ინიციატივა როდესაც გაჩნდა, მაშინ სოციალურ ქსელში გამოხმაურება იყო და მათ შორის მეც გამოვეხმაურე. მაშინ ვთქვი, რომ აკრძალვა მისაღები ტონი არ უნდა იყოს და აკრძალვას ხშირ შემთხვევაში კარგი არაფერი მოუტანია. მაგალითად, ამერიკაში მშრალი კანონი როდესაც მიიღეს, ყველაზე მეტი სასმელი მაინც ამერიკაში იყიდებოდა, ვიდრე აკრძალვა იქნებოდა. აქედან გამომდინარე, აზარტული თამაშების შეზღუდვამ შესაძლოა, ლუდომანიასთან დაკავშირებით გარკვეული პრევენცია მოახდინოს, მაგრამ საერთო ჯამში ვერ აღმოიფხვრება. მოთამაშე ადამიანი სხვა გზას ნახავს და მაინც ითამაშებს. 90-იანი წლების დაბრუნების საშიშროებაც კი დადგეს - ე.წ. „ხელზე თამაში“.
რაც შეეხება სპორტთან დაკავშირებით, ქართული სპორტი 90% ბეთინგისგან არ ფინანსდება, რადგან სპორტის სამინისტროს გარკვეული ბიუჯეტი სპორტის განვითარებისთვის აქვს. თუმცა, სათამაშო ბიზნესი თავის როლს სპორტის წინსვლაში გარკვეულ როლს ასრულებდა. იგივე ქართულ საფეხბურთო კლუბებს აფინანსებდნენ და ა.შ. სპორტის მიმართ თავისთავად რაღაც დარტყმა იქნება და ასევე სპორტის წინსვლაში გარკვეულ პრობლემებსაც შექმნის.
როგორც ვიცი, ამ ეტაპზე სრულიად აკრძალვაზე საუბარი არ არის, მაგრამ სათამაშო ბიზნეს ხელ-ფეხი მაინც ებოჭება. სპორტის გარდა აღნიშნული რეგულაციები სხვა სფეროსაც შეეხება. იგივე, სპორტული ჟურნალისტიკის დარგი, რომ ავიღოთ, 90-იანი წლების შემდეგ, როდესაც გაზეთომანია გადავიდა და საიტები შემოვიდა, ამ პერიოდში სპორტული ჟურნალისტიკა მკვდარი იყო და სწორედ ბეთებმა გადაარჩინა. დღეს თუ სპორტული ჟურნალისტიკა სულდგმულობს, 90 პროცენტი ბეთინგის დამსახურებაა. ამ შეზღუდვის შემდეგ სამუშაო ადგილებიც იკარგება. კონკრეტულ შეზღუდვასთან დაკავშირებით, მომხრე ვარ, რომ ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე აიწია. სათამაშო ბიზნესი მთელს მსოფლოშია და არაერთ ცნობილ საფეხბურთო კლუბებს ასპონსორებენ.
ვფიქრობ, ასე დაჩქარებული წესით არ უნდა მიიეღოთ. ხელისუფლებას სათამაშო ბიზნესის წარმომადგნლებისთვის კარგად უნდა მოესმინათ და ოქროს შუალედისთვის უნდა მიეგნოთ. მთავრობის არგუმენტაციაც გარკვეულწილად გასაგებია. კი, ბევრი ტრაგედიები ხდება და ეს პრობლემა არის, ამას გვერდს ვერ ავუვლით და ესეც უნდა ვაღიაროთ. თვალი იმასაც უნდა გავუსწოროთ, რომ ჩვენს ქვეყანაში ლუდომანია დიდი პრობლემაა. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ აკრძალვა ამ პრობლემას ვერ გადაჭრის. ის ლუდომანი მაინც ითამაშებს და მეორე მხრივ სპორტი სერიოზულად ზარალდება. ბეთინგი მარტო სპორტული კლუბების სპონსორები არ არიან, ფედერაციებსაც აფინანსებენ. ამბობენ, რომ ალტერნატივა გამოჩნდება და ბეთინგს სხვა ბიზნესი ჩაანაცვლებს, ამას დრო გვიჩვენებს, ვინ რას და როგორ ჩაანაცვლებს. ვიდრე სრულფასოვანი ჩანაცვლება მოხდება, ეს გარდამავალი პერიოდი ძალიან რთული იქნება“, - გვითხრა სპორტულმა ჟურნალისტმა კახა ბერიძემ.
უმრავლესობის წევრის, ლევან მგალობლიშვილისთვის სათამაშო ბიზნესის ასოციაციის განცხადება ცნობილია და როგორც მან for.ge-თან საუბრისას აღნიშნა, აღნიშნულ საკითხს საკომიტეტო მოსმენაზე გაიტანენ და გადაწყვეტილება ისე იქნება მიღებული.
„აღნიშნულ საკითხზე დღეს საკომიტეტო მოსმენაა. ეს იმას ნიშნავს, რომ იქ ყველაფერს განვიხილავთ და საკითხი ისე გადაწყდება, რომ არავინ დაზარალდეს. ერთი მხრივ საკეთილდღეო საქმე ცუდად არ უნდა მოგვიტრიალდეს, ამისთვისაა სწორედ კომიტეტის სხდომა და ყველა დეტალს კომიტეტის სხდომაზე განვიხილავთ. რა გადაწყვეტლება იქნება მიღებული, ამასაც გავასაჯაროვებთ. ქართულ სპორტს დაფინანსების გარეშე არ დავტოვებთ“, - გვითხრა ლევან მგალობლიშვილმა.