ევროლიგის მე-15 ტურში მოსკოვის ცსკა-მ ყაზანის „უნიქსს“ უმასპინძლა და პრაქტიკულად უბრძოლველად, 67:88 წააგო. ყაზანელებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და ცსკა-მ თამაშში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.
დმიტრი იტუდისის გუნდისთვის განსაკუთრებით კოშმარული მეორე პერიოდი გამოდგა, რომელშიც მოსკოველებმა მხოლოდ 7 ქულა ჩააგდეს.
ცსკა-ს საშინელი თამაშის მიუხედავად, თორნიკე შენგელიას ჩინებული მატჩი ჰქონდა. ქართველმა კალათბურთელმა 25:12 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. თორნიკემ 10-დან 8 ორქულიანი, 1-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და შეტევაში შესანიშნავი იყო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 27-ს გაუტოლდა.
სხვათა შორის, შენგელია ორივე გუნდში 20 ქულით და მარგი ქმედების 27 კოეფიციენტით საუკეთესო გახლდათ.
მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში 15 ტურის შემდეგ 9 გამარჯვების საპირისპიროდ 6 მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო შეხვედრას კი 17 დეკემბერს, სტუმრად ბერლინის „ალბასთან“ ჩაატარებს.