9 წელი გავიდა და 600 000 ადამიანი ვერ დარწმუნდა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი დამნაშავეა, 1 მილიონ ადამიანს სჯერა, რომ სააკაშვილი დამნაშავეა. ეს არის ჩვენი მოცემულობა, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, შერიგებისთვის ყველამ თავისი ნაბიჯი უნდა გადადგას.
„სინამდვილეში შერიგება იმის საპირისპირო პროცესია, რა რიტორიკაც არსებობს. ყველამ უნდა გადადგას ნაბიჯი. სააკაშვილი ყველაზე აქტიური იყო ამ ლანძღვა-გინების პროცესში და მისთვის ყველაზე რთულია, თავის ამომრჩეველს რაღაც მსგავსი უთხრას. ვფიქრობ, აქედან გამომდინარე ბევრი ვერსია შეიძლება იყოს, გააჩნია როგორი იქნება ისეთი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობა, როგორიც არის საპატრიარქო. როგორი იქნება ჩვენი დასავლელი პარტნიორების ჩართულობა. ანუ, რამდენად სერიოზულად იქნება ეს პროცესი აღქმული. ჩემი აზრით, ამ პროცესს ყველაზე დიდი საფრთხე არასერიოზულობის სახით ემუქრება. თუ ამან არ შეიძინა კონკრეტიკა და მხოლოდ იდეად დარჩა, უბრალოდ გაქრება, რადგან ადამიანები ვერ დაინახავენ, რას უნდა ელოდონ ამ იდეისგან. რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკის ცვლილებას, ეს დამოკიდებულია მიხეილ სააკაშვილზე, მას აქვს შესაძლებლობა, რომ შეცვალოს პოზიცია და „ნაციონალური მოძრაობა“ მას წაჰყვება. შერიგების რამდენიმე გზაა, ერთი - მიხეილ სააკაშვილის მძიმე ჯანმრთელობის ვერსიაა, რაც მისი ფსიქიური აშლილობის ვერსიას ჰგავს. ეს მისი ამ ფორმით გათავისუფლებას ნიშნავს, რაც ჩემი აზრით, არ შეუწყობს ხელს შერიგებას. მეორე ვერსიაა სააკაშვილის გამარჯვება და მისი გათავისუფლება ციხიდან. ამის რეალური შესაძლებლობა არ ჩანს“, - განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.