შერიგებას აქვს თავის წინაპირობები - მთავარი წინაპირობა არის ის, რომ სართლიანობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი, „არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე”, ეს არის ცნობილი ფრაზა, რომელიც აქტუალურია ჩვენი პოლიტიკური მოცემულობისთვისაც, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილმა დანაშაული უნდა აღიაროს და პოლიტიკიდან წავიდეს, ასევე უნდა მოიქცნენ ამ პარტიის სხვა ლიდერებიც.
"სამართლიანობა არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური მშვიდობისთვის და პირველ რიგში ამაზე უნდა ვისაუბროთ. ამისთვის, მნიშვნელოვანია, კონკრეტულმა პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა, სააკაშვილის ხელმძღვანელობით უნდა აღიარონ ის უმძიმესი დანაშაულები, რომელიც მათ აქვთ ჩადენილი და ამასთან ერთად, უნდა თქვან, რომ საქართველოში დროა დამკვიდრდეს ევროპული სტანდარტი. ევროპული სტანდარტი მდგომარეობს იმაში, რომ დანაშაულის ჩამდენები პოლიტიკაში არ რჩებიან, ეს არის მინიმალური ევროპული პოლიტიკური სტანდარტი. როცა შენ გყავს ნაწამები, შენი დაკვეთით აწამებდნენ, აუპატიურებდნენ, არაადამიანურად ეპყრობოდნენ, როცა მოპარული გაქვს ხან 9 მილიონი, ხან 48 მილიონი, ხან 2 მილიარდი სახელმწიფო ბიუჯეტიდან და ამის შემდეგ გინდა პოლიტიკაში დარჩენა, ამით პირდაპირ ეწინააღმდეგები ევროპულ პოლიტიკურ სტანდარტს", - განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, სჭირდება თუ არა სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლის გარანტია, კობახიძე აღნიშნავს, რომ "მთლიანად ნაცმოძრაობაზეა საუბარი".
"ნაცმოძრაობა" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ხელმძღვანელობდა კრიმინალურ რეჟიმს 9 წლის მანძილზე, ამ რეჟიმის შედეგები იყო ადამიანების წამება, მედიის სრული მონოპოლიზაცია და ქვეყნის ტერიტორიების 20 პროცენტის ჩაბარება, შესაბამისად, ასეთი ადამიანების ადგილი პოლიტიკაში არ არის”, - აღნიშნა მან.
კითხვაზე, თუ სააკაშვილი პოლიტიკიდან წავა, იქნება თუ არა ეს მისი გათავისუფლების საფუძველი, კობახიძე ამბობს, რომ ამაზე გადაწყვეტილებას ისინი არ იღებენ, თუმცა, მნიშვნელოვანია სხვა პოლიტიკურმა ლიდერებმაც აღიარონ დანაშაული და წავიდნენ პოლიტიკიდან
"ჩვენ არ ვიღებთ გადაწყვეტილებას ამაზე და მეორე - არა მარტო სააკაშვილმა, არამედ ამ უმძიმესი რეჟიმის ლიდერებმა უნდა აღიარონ დანაშაულები და განაცხადონ პოლიტიკიდან წასვლის თაობაზე. ამ შემთხვევაში ისინი ხელს შეუწყობენ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში, სხვა რესურსი მათ არ აქვთ და იქნებიან ხელშემწყობები იმ პროცესების, რაც ქვეყანას არ ადგება. თეორიულად რომ ვისაუბროთ ერთადერთი სწორი ნაბიჯი ეს იქნება, თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ მათ არ აქვთ ღირსება და ამ გადაწყვეტილებას არ მიიღებენ", - განაცხადა კობახიძემ.