„მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხი დიდად აფასებს“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან შეხვედრის შემდეგ, ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნატო-სთან საქართველოს პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში.
„ნატო-სთან ჩვენი პრაქტიკული თანამშრომლობა წარმატებით ვითარდება შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე პარტნიორობის ფარგლებში. გამოაშკარავდა, რომ უსაფრთხო და სტაბილური შავი ზღვის რეგიონის გარეშე ევროატლანტიკური უსაფრთხოება ვერ შედგება. შავი ზღვის მდგრადი უსაფრთხოების გარეშე, შეუძლებელია ევროატლანტიკური უსაფრთხოების მდგრადი ინფრასტრუქტურის უზრუნველყოფა. ჩვენ მივესალმებით ნატოს აქტიურობის ზრდას შავ ზღვაზე, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ჩვენს რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნების მხრივ. ასევე, მივესალმებით ნატოს გადაწყვეტილებას თავისი სტრატეგიული კონცეფციის განახლებასთან დაკავშირებით. ჩვენ გვჯერა, რომ ღია კარის პოლიტიკა და ნატო-ში საქართველოს ინტეგრაციის საკითხები სათანადოდ აისახება ამ დოკუმენტში. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა და მადლობა მოვახსენო მოკავშირეებს საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და არაღიარების პოლიტიკის მტკიცე მხარდაჭერისთვის, რასაც ქართველი ხალხი დიდად აფასებს და უფრთხილდება“, - განაცხადა პრემიერმა.
მთავრობის მეთაურმა გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა პირადი ძალისხმევისთვის და ნატო-ში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს წინსვლაში არსებითი როლის შესრულებისთვის.