ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს: ნატო-ში გაწევრიანებისთვის უკვე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს

ირაკლი ღარიბაშვილი იენს სტოლტენბერგს: ნატო-ში გაწევრიანებისთვის უკვე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს

„ნატო-საქართველოს დინამიკური ურთიერთობის სრულყოფილი დღის წესრიგისა და ინტეგრაციის გზის განხილვა ძალიან დიდი პატივია. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა გვქონდა“, - ამ სიტყვებით დაიწყო საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბრიუსელში, ნატოს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე საუბარი.

მისი თქმით, საქართველოს ალიანსის წევრობისთვის უკვე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი აქვს.

„ნატოს წევრობა საქართველოს საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის უმთავრესი საკითხია, რომელსაც მხარს უჭერს ქართველი ერის აბსოლუტური უმრავლესობა. ალიანსთან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ, საბოლოო ჯამში, ნატოში საქართველოს ინტეგრაციის მკაფიო ხედვის შესამუშავებლად. გაწევრიანებისთვის, უკვე ყველა პრაქტიკული ინსტრუმენტი გვაქვს. ჩვენ აქტიურ დიალოგს ვაწარმოებთ მოკავშირეებთან, რათა პოლიტიკური გადაწყვეტილება მომზადდეს ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. მინდა, ყველას გაგახსენოთ, რომ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მოკავშირეებმა გადაწყვიტეს, რომ საქართველო ალიანსის წევრი გახდებოდა. მაშინ ეს ძალიან ძლიერი კავშირი იყო და დღესაც ინარჩუნებს აქტუალობას. სწორედ ამიტომ, გულდასმით ვშრომობთ 2008 წლის ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების პრაქტიკული რეალიზაციისთვის. საკუთარი პოლიტიკური კურსის არჩევის სუვერენული უფლება ყველა სახელმწიფოს აქვს. ეს გადაწყვეტილება ის ქვაკუთხედია, რომელსაც საქართველოს ნატო-ში გაწევრიანება ეფუძნება. ვფიქრობ, რომ ამ არჩევნის წარმატებით განხორციელება ისევე აქტუალურია ნატოსთვის, როგორც - საქართველოსთვის“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.