ენერგოსექტორის განვითარებაში დიდი კრიზისი და შეფერხებაა. უმთავრესი მიზეზი მოსახლეობის მწვავე პროტესტია. სემეკის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას აზრით, მოსახლეობას მარტივ და გასაგებ ენაზე უნდა ავუხსნათ, რა გველოდება იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანაში გენერაციის ახალი ობიექტები არ აშენდება. საუბარია, როგორც ჰიდრო, ისე მზის და ქარის ენერგიების ათვისებაზე.
„მოსახლეობის ინფორმირებულობა ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ამაზე ყველა დაინტერესებულ მხარესთან, დონორებთან დაგვჭირდება მუშაობა, რომ მოვიზიდოთ დამატებითი რესურსები, რათა რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას იმის შესახებ, რა გველის იმ შემთხვევაში, თუ განახლებადი ენერგიების წყაროებს არ ავითვისებთ.
უნდა ავუხსნათ, რომ გარკვეული უწყინარი ჰესების აშენებისთვის ხელის შეშლა, სხვებზე რომ აღარ ვისაუბროთ, არაფერია, თუ არა იმ პრობლემების გაღრმავება, რომელიც მომავალში გველოდება. რამდენადაც ეკონომიკა იზრდება, იმდენად იზრდება მოთხოვნა ელექტროენერგიაზე და თუ ამას ადგილობრივი რესურსები არ დავაწიეთ, მხოლოდ მზის სადგურებით სრულყოფილ შედეგს ვერ მივიღებთ, კიდევ უფრო მეტი ვალუტის გადინება მოხდება ელექტროენერგიის შესაძენად. ეს ყველაფერი ძალიან მარტივ და გასაგებ ენაზე უნდა ვუთხრათ მოსახლეობას“, - განაცხადა ნარმანიამ.
საქართველოში, პრაქტიკულად, აღარც ერთი ჰესი აღარ შენდება. რამდენიმე დღის წინ პროტესტი იყო ლოპოტაჰესის წინააღმდეგ, რომელიც ისე მცირე მოცულობისაა, რომ გარემოზე არანაირ გავლენას არ ახდენს. პრობლემებია იქ, სადაც მოსახლეობის პროტესტი არ შეინიშნება, მაგრამ ინვესტორი სცოდავს. „ნენსკრაჰესის“ მშენებლობის დასრულების თარიღმა ერთხელ უკვე 2027 წლისთვის გადაიწია, მაგრამ ახლა ირკვევა, რომ ამ ვადებშიც ვერ მოესწრება.
ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით თვალაბეიშვილი ამბობს, რომ პროექტის კორეელმა ინვესტორმა სადგურის დაფინანსების შეკვრა ვერ შეძლო, თუმცა ამის მიუხედავად სახელმწიფო მასთან კონტრაქტის მოშლას არ განიხილავს, ამის ნაცვლად ინვესტორთან მოლაპარაკებები იქნება, რის შედეგადაც მისი განხორციელების ვადები კიდევ ერთხელ გადაიწევს.
„ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ხელშეკრულების ცვლილებასთან დაკავშირებით. გარკვეული მიზეზების გამო, ის ვადები მშენებლობის სრულმასშტაბიან დაწყებასთან დაკავშირებით დაირღვა, კომპანიამ ვერ შეძლო პროექტის ფინანსური შეკვრა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მონაწილეობით.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთად დავაზუსტებთ ვადებს თუ როდის უნდა დაიწყოს და დასრულედეს ეს პროექტი და მას შემდეგ, რაც მოხდება ამ თემებზე შეთანხმება, დეველოპერი გააგრძელებს მუშაობას“, - აცხადებს თვალაბეიშვილი.
ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის პროექტის მთავარი ინვესტორი კორეის წყლის რესურსების კორპორაცია „ქეი-უოთერია“. მას „ნენსკრა ჰიდროში“ 91.9%-იანი წილი უჭირავს, 8.1%-იან აქციონერს კი, „საპარტნიორო ფონდი“ წარმოადგენს. 280-მეგავატიანი ჰიდროელექტროსადგურის ჯამური ინვესტიცია 1 მილიარდ დოლარს შეადგენს და მან დასრულების შემდეგ 1.2 მილიარდი კვტ/საათი ელექტროენერგია უნდა გამოიმუშაოს.
ენერგეტიკოსი დავით მირცხულავა აცხადებს, რომ აშკარაა ქართულ ჰიდროენერგეტიკაზე სისტემური შეტევა მიმდინარეობს.
„ეს კი განსაკუთრებით იმ დროს ხდება, როდესაც მსოფლიო ენერგეტიკაში რადიკალური, რევოლუციური ცვლილებები მიმდინარეობს, რასაც „მე-4 ენერგეტიკული გადასვლა“ ჰქვია. რეალურად, ამ გადასვლით წიაღისეული საწვავის გამოყენება უახლოეს 10 წელიწადში მინიმუმამდე იქნება შემცირებული. აღარაფერს ვიტყვი 2050 წლის „ნახშირბადნეიტრალურ“ მიზნებზე მთელ მსოფლიოში. ასეთი პერსპექტივით ჩვენ კი გვაქვს ბუნებრივი სიკეთე - ჰიდროპოტენციალი, რომელსაც უამრავი მიზეზის გამო, კატეგორიულად არ ვიყენებთ ბოლო 30 წელია“, - განმარტავს მირცხულავა.
როგორც ენერგეტიკოსი აცხადებს, სისტემური პრობლემაა ის, რომ საქართველოში ისეთ ინვესტიციებზე ენერგეტიკაში, რომელიც რეალურად დადებით გავლენას ახდენს ქვეყნის მაკროეკონომიკაზე, მუდმივად ხორციელდება ასეთი მასიური სისტემური შეტევა.
„ხუდონის ინვესტორი, რომელიც ბრიტანეთიდან (წარმომავლობით ინდუსი) იყო, არ მოვინდომეთ, იგივე მოხდა „ნენსკრაჰესზე“, სადაც სამხრეთ კორეული ინვესტიცია უნდა განხორციელებულიყო, შემდეგ „ნამახვანის“ სიტუაცია დადგა. ამ შემთხვევაში პროექტის ძირეული განხილვების პროცესიც არ წავიდა.
მოკლედ, ძალიან მძიმე სიტუაციაა, კამპანია „არა ჰესებს“ ძალიან აქტიურად მიმდინარეობს. ყველა რეგიონში თუ ხეობაში, არის და იქმნება ჯგუფები, რომლებიც ჰესებს ეწინააღმდეგება. რეალურად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, თითოეული გამონაკლისის გარდა, ჰიდროენერგეტიკული მშენებლობა შეჩერებულია“, - აცხადებს მირცხულავა.
მისი შეფასებით, შექმნილ სიტუაციაში ქვეყანაში ვერც ქარის და მზის ენერგიების განვითარება მოხდება, ასეთ პროექტებზეც კი საქართველოში უამრავი შეტევა ხორციელდება და ამას პერმანეტული ხასიათი აქვს. მზის და ქარის ენერგეტიკის განვითარებას სარეზერვო სიმძლავრეები სჭირდება, რომლის უიაფესი წყარო ისევ ჰიდროენერგეტიკაა, თუმცა ამასაც არავინ ითვალისწინებს.