ბრწყინვალე სეზონი ასეთივე ბრწყინვალე ბოლო რბოლით, ბოლო წრით დასრულდა. მაქს ფერსტაპენმა, ვინც მთელი სეზონის განმავლობაში, ხშირად მანქანასაც სჯობდა და შვიდგზის მსოფლიო ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, სწორედ ბოლო წრეზე შეძლო ის, რასაც ალბათ აღარავინ ელოდა. ამაში კი „რედ ბულის“ სწრაფი და საზრიანი მოქმედება დაეხმარა.
როდესაც ჰამილტონი ფერსტაპენს ქულებში გაუთანაბრდა, ამით ბოლო ეტაპისთვის ახალი, სუფთა ფურცელი გახსნა. რა იყო მანამ, იმას მხოლოდ სტატისტიკისთვის ჰქონდა ფასი. რაც იქნებოდა აბუ დაბიში, ის ჩემპიონის ვინაობას გაარკვევდა. და თითქოს, ჰამილტონს ბრაზილიაში დაწყებული საქმე აბუ დაბიში უნდა დაეგვირგვინებინა.
მაგრამ რბოლის მიწურულს, „რედ ბულმა“ შანსი მიიღო, როცა ნიკოლას ლატიფის ავარიას, ტრასაზე უსაფრთხოების მანქანის გამოსვლა მოჰყვა. „რედ ბულმა“ ფერსტაპენს ბოქსებში უხმო და რბილი საბურავი დაუყენა. „მერსედესმა“ ჰამილტონი ტრასაზე გაცვეთილი ხისტი საბურავით დატოვა. რაც მთავარია, ჰოლანდიელი მეორე პოზიციაზე დარჩა.
და როცა ბოლო წრის წინ, უსაფრთხოების მანქანა პიტლეინზე დაბრუნდა, ფერსტაპენს გასწრების შანსი მიეცა. და მან ეს შანსი შესანიშნავად გამოიყენა. ეს ბოლო წრე, ფაქტობრივად მთელი ჩემპიონატის ტოლფასი გამოდგა. მასზე გამოჩნდა, თუ ვინ იმსახურებდა ყველაზე მეტად ტიტულს:
მაქს ფერსტაპენი!
„მერსედესმა“ ფინიშის შემდეგ გაიბრძოლა. არგუმენტებად პროცესუალური დარღვევები მოიყვანა, მაგრა FIA-მ სწრაფად უარყო ისინი და ფერსტაპენის გამარჯვება დაადასტურა.
ფორმულა 1-ს ახალი ჩემპიონი ჰყავს, პირველი ჰოლანდიელი ჩემპიონი - მაქს ფერსტაპენი. ახალ ჩემპიონს ერთ-ერთმა პირველმა ჰამილტონმა მიულოცა.