ესპანეთის ლიგა ენდესას მე-13 ტურში გიორგი შერმადინის „ლენოვო ტენერიფემ“ „ბარსელონას“ უმასპინძლა და პრაქტიკულად უბრძოლველად 60:75 დამარცხდა.
თანაგუნდელთაგან განსხვავებით, შერმადინს შედეგიანი თამაში ჰქონდა. გიორგიმ 25:02 წუთში 17 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. მან შეტევაში უშეცდომოთ ითამაშა, ჩააგდო რა, 5-დან 5 ორქულიანი და 7-დან 7 საჯარიმო. შედეგად, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 23-ს გაუტოლდა, რაც ორივე გუნდში საუკეთესო მაჩვენებელი გამოდგა.
შერმადინი 17 ქულითაც ახლოს იყო მატჩის საუკეთესო მექულეობასთან, მაგრამ ნიკოლა მიროტიჩმა აჯობა, რომელმაც 18 ქულა მიითვალა.
„ლენოვო ტენერიფე“ 8 მოგებით და 4 წაგებით სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 18 დეკემბერს, „ფუენლაბრადას“ ესტუმრება.