"მილუოკიმ" იანისის სამმაგი დუბლით მოიგო, მამუკელაშვილი მხოლოდ 46 წამი ათამაშეს

NBA-ს მორიგ სათამაშო დღეს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსი“ „ნიუ იორკ ნიქსს“ ესტუმრა და 112:97 დაამარცხა. სტუმართა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და მეტოქეს ოთხივე პერიოდი მოუგეს.

მამუკელაშვილმა ითამაშა, მაგრამ მხოლოდ 46 წამი. სანდრო პაკერტზე თამაშის დასკვნით ნაწილში გამოჩნდა და ხსენებულ დროში რა გასაკვირია, რომ გუნდს ვერაფრით დაეხმარა და თამაში ნულებით დაასრულა.

მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე „ნიუ იორკის“ წევრი ქვენთინ გრიმესი გამოდგა, რომელმაც 27 ქულა დააგროვა, მაგრამ მხოლოდ მისი კარგი თამაში „ნიქსს“ წარმატებისთვის არ ეყო. „მილუოკიში“ ყველაზე მეტი, 24 ქულა (ასევე 8 მოხსნა და 4 პასი) კრის მიდლტონმა მიითვალა.

თუმცა, საუკეთესო იანის ანტეტონკუმპო იყო. ბერძენმა 32 წუთში 20 ქულა, 10 მოხსნა, 11 პასი და 1 დაფარება დააგროვა და ტრიპლ-დაბლი გაიფორმა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სეზონში იანისმა სამმაგი დუბლი პირველად შეასრულა და გამარჯვებაში დიდი წვლილი შეიტანა.

„მილუოკი ბაქსი“ 18 მოგებით და 10 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეორე ადგილზეა, მომდევნო მატჩში კი 14 დეკემბერს „ბოსტონს“ გასვლაზე დაუპირისპირდება.