პაატა ბურჭულაძის მიმართ სკანდალი აგორდა

პაატა ბურჭულაძის მიმართ სკანდალი აგორდა

მსოფლიო ბანის მიმართ სკანდალი აგორდა. პაატა ბურჭულაძის მოსკოვში ჩასვლა ქართულმა სატელევიზიო არხებმა ლამის ქვეყნის ღალატად მონათლეს. თუმცა ქართული საზოგადოების ერთი ნაწილი დღემდე ემადლიერება მსოფლიო ბანს არაერთი საქველმოქმედო საღამოს მოწყობისა და უპატრონო ბავშვების დახმარების გამო. მეტიც, ისინი ყველა ამ სიუჟეტის მიღმა ცილისწამებას ხედავენ, რადგან რუსეთში მყოფი მსოფლიო ბანი არ მოერიდა მასპინძელ ქვეყანას და მათ აუწყა, საქართველომ თავისი ტერიტორიული მთლიანობა უნდა დაიბრუნოსო.

პაატა ბურჭულაძის გამოსვლას დაუმახინჯებლად გვთავაზობს პოპულარული საიტი „იუთუბი". „არგუმენტი ი ფაქტის" ოფისში მისი გამოსვლის შემდეგ თურმე უცხოელი, რუსი თუ ქართველი ჟურნალისტების ტაში არ წყდებოდა. ამის შესახებ ფონდ „იავნანას" სამხატვრო ხელმძღვანელმა თეა ჯორბენაძემ გვაუწყა.

ცნობილი მომღერლის პაატა ბურჭულაძის რუსეთში საქველმოქმედო გალაკონცერტში მონაწილეობის მიღებამ ჩვენი ხელისუფლების გაღიზიანება გამოიწვია.

- მარტო ეს პასუხი მაქვს, რომ ეს იყო ბატონი პაატას პირადი გეგმა. ხაზგასმით ვამბობ, მისი გამოსვლა არანაირად არ უკავშირდება ფონდ „იავნანას". პაატა ბურჭულაძე გახლავთ გაეროს კეთილი ნების ელჩი და მან მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო კონცერტში, რომელიც სოციალური პროგრამების ფონდის მიერ ორგანიზებული საქველმოქმედო საღამო გახლდათ. თავისი სიმღერით პაატა დაეხმარა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს, რომლებიც, ამავე დროს, მშობლების მზრუნველობას არიან მოკლებულნი და ცხოვრობენ ბავშვთა სახლებში.

მართალია, მოსკოვის დაარსების თარიღს 5 სექტემბერს ზეიმობენ, ბატონმა პაატამ კი 6 სექტემბერს იმღერა, მაგრამ ეს საქველმოქმედო კონცერტი მოსკოვის დაარსების დღისადმი მიძღვნილ საღამოს არანაირად არ უკავშირდებოდა?

- არანაირად, ეს იყო საქველმოქმედო საღამო. თვითონ რუსული მედიაც იუწყება ამის შესახებ და აცხადებს, რომ საქველმოქმედო იყო, რომელიც ბავშვების დასახმარებლად გაიმართა. მეტიც, „ენ-ტე–ვე“-ს სიუჟეტებს ასეთი სათაური ჰქონდა: „ვარსკვლავები მოიჩქარიან დასახმარებლად" („ზვიოზდი სპეშატ ნა პომოშჩ").

მის ირგვლივ შექმნილ გაურკვევლობასთან დაკავშირებით ბატონი პაატა როდის გააკეთებს კომენტარს?

- პაატა არ აპირებს ამის დეტალებზე საუბარს. მისგან მხოლოდ ერთი პასუხია, რომ მასზე აგორებული სკანდალი მხოლოდ სიცრუე და ცილისწამებაა. ეს იყო შავი პიარი.

რას ემსახურებოდა ეს შავი პიარი?

- ვერ გეტყვით, მაგრამ სიკეთეს რომ არ ემსახურებოდა, ცხადია. მე მოვუწოდებ ყველა ჟურნალისტსა და ყველა ადამიანს, მონაწილეობა არ მიიღონ ამ საშინელ კამპანიაში.

თავის დროზე ფონდიავნანას" დაარსება რატომ გადაწყვიტა ბატონმა პაატამ?

- პაატა ბურჭულაძე გახლავთ მომღერალი, რომელიც მრავალი წლის მანძილზე პირველივე დაძახებისას ეხმაურებოდა ყველა საქველმოქმედო აქციას. ბესლანის ტრაგედია როცა მოხდა, პაატა პირველი იყო, ვინც მონაწილეობა მიიღო საქველმოქმედო კონცერტში. კარგა ხანია, იგი საკუთარ მისიად მიიჩნევს ქველმოქმედებას.

საქართველოში დაახლოებით რამდენი ადამიანის მიმართ აქვს ქველმოქმედება გაწეული?

- 49 ოჯახისთვის ბინა შეიძინა ფონდმა „იავნანამ". ამ ოჯახებში ცხოვრობდა 275 ბავშვი, ამჟამად ისინი ცხოვრობენ თავიანთ მშობლებთან ერთად. თუ მხედველობაში მივიღებთ იავნანას და მის სამეგობროებს, მთლიანობაში, ჩვენი ერთობლივი პატრონაჟის ქვეშ 700–მდე ბავშვი იმყოფებოდა. მათი გარკვეული რაოდენობა პატრონაჟის ქვეშ დღესაც იმყოფება. მინდა იცოდეთ, რომ პაატა ბურჭულაძემ შარშან, 30 სექტემბერს მოსკოვში დაგეგმილი საკუთარი საიუბილეო კონცერტი ჩაშალა ზუსტად აგვისტოს მოვლენების გამო და სანაცვლოდ, 25 სექტემბერს თბილისში გამართა დიდი აქცია, მოიწვია მსოფლიოს უდიდესი სოლისტები. მათ შორის, ერთ–ერთი იყო ეროვნებით რუსი ოლგა რომანკო. ამ აქციის შედეგად ფონდი „იავნანა" დღემდე ყოველთვიურად ეხმარება აგვისტოს მოვლენების დროს დაობლებულ 123 ბავშვს. აგვისტოში დაზარალებულ 4 ოჯახს ფონდმა ბინა შეუძინა, ხოლო ერთი ბიჭი, 7 წლის დიტო რაზმაძე, რომელმაც დედაც დაკარგა და მამაც, ჩვენმა ფონდმა იშვილა, უყიდა ბინა და სწავლა–განათლების უზრუნველყოფიდან დაწყებული, დაბადების დღეობით დამთავრებული, ვეხმარებით. დღემდე ის ფონდ „იავნანას" შვილობილად ითვლება.

დიტო რაზმაძის შარშანდელმა სატელევიზიო კადრებმა ბევრი ჩვენი თანამემამულე თანაგრძნობით განმსჭვალა. ალბათ მას ხშირად აკითხავს ბატონი პაატა.

- ცოტა ხნის წინ დიტო დასასვენებლად გავაგზავნეთ ურეკში.

თავისი ქველმოქმედების სანაცვლოდ, მსოფლიო ბანის მიმართ დახმარებაგაწეული ადამიანები სიკეთეს ამჟღავნებენ?

- პაატა საქართველოში იშვიათად ახერხებს ჩამოსვლას. როცა მას საშუალება აქვს, რა თქმა უნდა, ხვდება ამ ოჯახებს.

წითელ მოედანზე გამოსვლის გამოც დაადანაშაულეს ბატონი პაატა.

- ტაძრის მოედანზე ჩატარდა ეს დიდი გალა–კონცერტი, რომელიც წითელ მოედანზე მდებარეობს.

მედვედევი იქ სიტყვით არ გამოსულა, როგორც ქართულმა ტელევიზიებმა აჩვენეს?

- არ გამოსულა და საერთოდ, რუსეთის მთავრობის ოფიციოზი იქ არ ყოფილა. არც მედვედევი, არც პუტინი იმ საღამოს არ დასწრებიან.

ამ გალაკონცერტის ირგვლივ გავრცელდა, თითქოს ეს სამხედრო ფესტივალი იყო.

- იცით, ერთ–ერთ რუსულ საიტზე ასეთი ინფორმაცია იდო, მაგრამ რეალურად სამხედროების მარშთან ამ საღამოს არანაირი კავშირი არ ჰქონია.

თქვენი აზრით, ვახტანგ კიკაბიძე უნებურად რატომ დაუპირისპირეს მსოფლიო ბანს? სატელევიზიო სიუჟეტებში ითქვა კიდეც, რომ ბუბა კიკაბიძემ უარი თქვა რუსეთის ხელისუფლებისგან ხალხთა მეგობრობის ორდენის მიღებაზეო.

- ვფიქრობ, ჩვენი ცნობილი მომღერლები არ იყვნენ ინფორმირებულნი, თუ რა მისიით ჩადიოდა პაატა და მონაწილობდა ამ კონცერტში.

მომღერალ ნინო სურგულაძის კადრებს ჟურნალისტის შემდეგი სიტყვები ერთვოდა, რომ ის პაატა ბურჭულაძისგან განსხვავებით, მოსკოვში სასიმღეროდ ჩასვლას არ აპირებდა.

- უშუალოდ ნინო სურგულაძეს ეს არ უთქვამს. მე თავიდან ბოლომდე ვუყურე ამ ჩანაწერს. ნინო სურგულაძემ ესპანეთში დაგეგმილ სხვა კონცერტზე ისაუბრა, რომელსაც მოსკოვთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა.

როგორია თქვენთან, თანამშრომლებთან ურთიერთობაში ბატონი პაატა?

- ბატონი პაატა სამაგალითო ადამიანი, თავისი ქვეყნის პატრიოტია. ვისაც მასთან ოდესმე რაიმე შეხება ჰქონია, არ შეიძლება, ძალიან არ უყვარდეს. ახლაც უამრავი ადამიანი მირეკავს და სიამაყეს გამოთქვამს პაატას მოსკოვში ჩასვლის გამო, რადგან მან, ამ დიდმა ადამიანმა, მსოფლიო ბანმა მაღალი სიტყვები გაახმიანა საქართველოს დასაცავად: ჩემთვის, როგორც ქართველისთვის, უმთავრესია საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობაო.

ამჟამად სად იმყოფება ბატონი პაატა?

- ამჟამად ბატონი პაატა პარიზშია.

ასეთმა სიუჟეტებმა მას გული ატკინა?

- თქვენ როგორ ფიქრობთ?