Proximus.be:

Proximus.be: "შეიძლება მიქაუტაძემ "ანდერლეხტის" დაცვას ცეცხლი წაუკიდოს"

„სერენის“ ქართველი თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე კარგ სეზონს ატარებს და ბრიუსელის „ანდერლეხტთან“ მატჩის წინ ბელგიური მედია მას დიდ ყურადღებას უთმობს. გიორგის Proximus.be-მ სტატია მიუძღვნა, რომელიც მას და ბრიუსელელთა ფეხბურთელ ლიორ რაფაელოვს დაეთმო.

გამოცემა წერს, რომ მიქაუტაძეს, რომელიც გოლების მანქანა და საჯარიმოს ნამდვილი მელაა, „ანდერლეხტის“ დაცვისთვის ცეცხლის წაკიდება შეუძლია და სათაურიც ასეთია - „მიქაუტაძემ შეიძლება „ანდერლეხტის“ დაცვას ცეცხლი წაუკიდოს“.

Proximus.be 21 წლის ქართველი ფეხბურთელის შესახებ წერს:

„სერენი“ „ანდერლეხტს“ თასის მატჩიდან 10 დღის შემდეგ უმასპინძლებს. ლიეჟელებმა მოიპოვეს თავდაჯერება და ამჯერად გამარჯვების იმედი აქვთ, ერთი კაცის, გიორგი მიქაუტაძის დახმარებით.

გასულ სეზონში „სერენის“ წარმოუდგენელი და მოულოდნელი აღზევება იუპილერ ლიგაში დიდწილად გიორგი მიქაუტაძის გოლების დამსახურებაა. ის გუნდს სეზონის სტარტზე „მეციდან“ იჯარით შეუერთდა D1B-ს სეზონი 21 მატჩში 19 გოლით და 1 საგოლე პასით დაასრულა, შემდეგ კი პლეი-ოფში „ვაასლანდ-ბევერენთან“ 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი გააკეთა.

D1A დივიზიონი პრობლემა არაა

„სერენში“ ნაჩვენები თამაშის ძალისხმევით თავდამსხმელმა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპი მშობლიურ „მეცში“ გაიარა, მაგრამ თავი ვერ დაიმკვიდრა და საბოლოოდ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე დღით ადრე „სერენში“ დაბრუნდა. ქართველმა ფორვარდმა ძველი ფორმა სწრაფად დაიბრუნა. იუპილერ ლიგის 11 მატჩში მან თავი უკვე 7-ჯერ გამოიჩინა (მათ შორისაა ჰეთ-თრიქი სახლში „ზულტე-ვარეგემთან“). ამას დაუმატეთ თასზე გატანილი 4 გოლი და ამ სეზონში 14 შეხვედრაში 11 გოლი აქვს.

„სერენის“ გოლების მანქანამ თასზე „ანდერლეხტს“ უკვე გაუტანა, რითაც თავის გუნდს გამარჯვების შანსი მისცა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ უიქ-ენდზე „ბრიუგესთან“ თავი არ გამოუჩენია, მიქაუტაძე ბრიუსელელთათვის დარტყმის მიყენებას აპირებს.

მიქაუტაძე თავისი გოლის ალღოთი, რომელიც მას საჯარიმოს ნამდვილ მელად აქცევს, საწამლავი იქნება „ანდერლეხტის“ დაცვისთვის თუ მას ოდნავ მაინც სივრცეებს დაუტოვებენ. თასის მატჩმა აჩვენა, რომ „სერენს“ შეუძლია „ანდერლეხტის“ დამარცხება, ახლა ყველაფერი მიქაუტაძეზეა დამოკიდებული, რომ გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც უყვარს.

რაფაელოვი ცეცხლის წინააღმდეგ

დრო დასჭირდა, მაგრამ ლიორ რაფაელოვმა როგორც ჩანს, საბოლოოდ დაიბრუნა თავისი საუკეთესო ფორმა. შესაძლოა, მას მატჩის საუკეთესო მოთამაშის ტიტულისთვის ბრძოლა მიქაუტაძესთან მოუწიოს. თუ ისე ითამაშებს, როგორც წინა მატჩში „ზუტლე-ვარეგემთან“, როცა დუბლი შეასრულა, ამ დუელს სიცოცხლის უფლება აქვს. ნებისმიერ შემთხვევაში, მანაც იცის „სერენის“ ბადის შერხევა, რადგან თასზე გოლი გაუტანა. თუმცა ამ თასის მატჩმა ისიც აჩვენა, რომ „სერენი“ აღარ არის ის გუნდი, როგორც სეზონის დასაწყისში, როცა Lotto Park-ზე 0:3 წააგო. იგივე ეხება „ოქროს ბუცსაც“ (მიქაუტაძე, გუნდის საუკეთესო ბომბარდირი), ბურთი მოედნის ცენტრშია“, - წერია სტატიაში.

შეგახსენებთ, „სერენი“ – „ანდერლეხტის“ მატჩი 11 დეკემბერს, 23:45 საათზე გაიმართება. გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონში 14 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი (7 ჩემპიონატში, 4 თასზე), „სერენი“ კი სატურნირო ცხრილში 19 ქულით მე-15 პოზიციაზეა.