„როდესმე ინფლაციის დარეგულირების შემდეგ გაზრდილი ფასები თავის საწყისს დაბრუნებია?“

„როდესმე ინფლაციის დარეგულირების შემდეგ გაზრდილი ფასები თავის საწყისს დაბრუნებია?“

რა ფუნქცია აქვს ეროვნული ბანკს? ამაზე უკვე წლებია მიდის კამათი და მსჯელობა. როგორც მისი ქმედებებიდან ირკვევა, პრაქტიკულად, - არაფერი. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, ეს ცნება ქვეყნის ცენტრალური ბანკის სტრუქტურაში საერთოდ იგნორირებულია.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე ამტკიცებს, რომ მათი მიზანი დაბალი და სტაბილური ინფლაციის შენარჩუნებაა და მხოლოდ ამის შემდეგ მოდის ეკონომიკური ზრდა. ასე უპასუხა გვენეტაძემ დეპუტატების კითხვას, რომელიც გამყარებული მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკურ ზრდაზე გავლენას ეხებოდა.

„ბოლო პერიოდის პროგნოზი, გარკვეულწილად უკვე მოიზრებდა მონეტარული პოლიტიკის დამატებით ამ ზომით გამკაცრებას. მოგეხსენებათ, საკრედიტო აქტივობა მოსალოდნელზე უფრო მაღალი ზრდით გაგრძელდა. დღევანდელი გადაწყვეტილება გავლენას 2021 წლის ზრდაზე ვერ მოახდენს და ვფიქრობ, რომ ზრდა დაახლოებით 10%-ის ფარგლებში იქნება. ამავე დროს ხაზი მინდა გავუსვა, რომ ეროვნული ბანკის მიზანი დაბალი და სტაბილური ინფლაციაა და მხოლოდ ამის შემდეგ, თუ ეს ჩვენი მთავარი მიზნის მიღწევას არ აფერხებს, ეკონომიკური ზრდისთვის ხელშეწყობაა.

ამ პრიორიტეტების დალაგება იმ საყოველთაო ჭეშმარიტებიდან მომდინარეობს, რომ გრძელვადიან გარანტს საზოგადოებისთვის სწორედ დაბალი და სტაბილური ინფლაცია წარმოადგენს. მიმდინარე ინფლაცია მაღალია ეროვნული ბანკისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ისევე როგორც მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. დაბალი მიზნობრივი მაჩვენებელი გვიბიძგებს ინფლაციის შემცირებისთვის მონეტარული პოლიტიკის გატარებას“, - აცხადებს გვენეტაძე.

თუმცა, იმას რისთვისაც ეროვნული ბანკი სიტყვით ყველაფერს ღაღადებს, საქმით ვერაფერს შველის. ქვეყანაში ფასების ზრდამ ტოტალური ხასიათი მიიღო. აღშფოთებულნი არიან არა მარტო ოპოზციის, არამედ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები.

„ქართული ოცნების“ წევრმა ბეჟან წაქაძემ სებ-ის პრეზიდენტს ინფლაციის შემცირებისთვის „ნემსის ყუნწში გაძრომისკენ“ მოუწოდა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ მთავრობა სახელმწიფო ბიუჯეტის არსებული რესურსით მოსახლეობის კეთილდღეობაზე ზრუნავს, თუმცა მაღალი ინფლაციის პირობებში მათი ამომრჩევლები ამით უკმაყოფილონი არიან, ეს საკითხი კი ეროვნული ბანკის მანდატს წარმოადგენს.

„პარლამენტი და მთავრობა დღეს ყველაფერს აკეთებს, რომ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქოს და მცირეოდენი, რაც ბიუჯეტს შეუძლია, ხელფასებს და დახმარებებს ვუზრდით, მაგრამ ამ მიღწევებზე, რაც გვაქვს, გვეუბნებიან, რომ ინფლაციაა და ყველაფერი გაძვირებულია. ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდით თქვენ? მე ხომ მათ წარმოვადგენ პარლამენტში.

მე გეტყვით, თქვენს ადგილზე როგორ მოვიქცეოდი - ნემსის ყუნწში გავძვრებოდი, თქვენს ჯგუფთან ერთად, რადგან თქვენ შეგიძლიათ ეს და მივცემდი პირობას მოსახლეობას, რომ უახლოეს მომავალში ყველაფერს გააკეთებთ, რათა ინფლაციის დონე ზღვრულ ფარგლებში იყოს. კეთილი ინებეთ, ნემსის ყუნწში გაძვერით და ეს თემა მომავალი წლის პირველ კვარტალისთვის მაინც გააკეთეთ“, - მიმართა ბეჟან წაქაძემ გვენეტაძეს.

პარლამენტის საფინანსო-საბიუეჯტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძეც ძალიან შეშფოთებული ჩანდა:

„შარშანდელი წლის ბოლოდან ვამბობდი, რომ ცენტრალურ ბანკს მოუწევდა მონეტარული საპროცენტო განაკვეთის აწევა, ასევე ვამბობდი, რომ ხშირ შემთხვევაში გვიანდება ამ გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ საჭიროა, პროგნოზორება და პრევენცია და არა პოსტფაქტუმ რეაგირება. შედეგად, ჩვენ დღევანდელ დღეს გვაქვს მაღალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი ინფლაცია. გამომდინარე აქედან, ჯოხი ორივე ბოლოდან გვირტყამს“, - თქვა ირაკლი კოვზანაძემ.

ოქტომბერში წლიური ინფლაცია 12.5% იყო. სებ-ის შეფასებით, ორნიშნა ინფლაციაში საგარეო ფაქტორების წვლილი 9 პროცენტული პუნქტია. ამ სავალალო ფონზე „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ლადო კახაძემ სებ-ის პრეზიდენტს მეტად პირდაპირი კითხვით მიმართა:

„ცოტა რიტორიკული კითხვა მინდა დავსვა - დამოუკიდებლობის 30-ე წლისთავთან დაკავშირებით. მაინტერესებს, როდესმე ინფლაციის დარეგულირების შემდეგ რომელიმე ქვეყანაში გაზრდილი ფასები თავის საწყისს დაბრუნებია, თუ არა? თუ არის ანალოგია რომელიმე ქვეყანაში, მაშინ ჩვენს ქვეყანაში რა უშლის ხელს ამ პროცესის სწორად წარმართვას?“ - იკითხა კახაძემ.

ამასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძემ შემდეგი პასუხი გასცა:

„როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ფასები შემცირდება და მიზნობრივ დონეს დავუახლოვდებით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ფასები საწყის დონეს დაუბრუნდება. ისევე როგორც ნავთობის ფასი, რომელიც პანდემიამდე იყო 35 თუ 37 დოლარი, ამ ფასზე ისევ ჩამოვა... ის შეიძლება ზოგჯერ გაიზარდოს და ზოგჯერ შემცირდეს, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი რამე არ ხდება ხოლმე“, - თქვა გვენეტაძემ.

ოპოზიციამ კი პირდაპირ შეტევა მიიტანა ეროვნულ ბანკსა და მის ხელმძღვანელზე. „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ფიქრობს, რომ სებ-ის პრეზიდენტი თანამდებობიდან უნდა გადადგეს. აღნიშნულის მიზეზად მან ორნიშნა ინფლაცია დაასახელა.

„ეროვნული ბანკის ძირითადი ამოცანაა ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფა, ხოლო მონეტარული პოლიტიკის მიზანია, სტაბილური, დაბალი ინფლაცია, დაბალი საპროცენტო განაკვეთები და მაღალი დასაქმება. სებ-ის საქმიანობა უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ართმევს ის თავს ძირითად ამოცანებს.

პირდაპირ უნდა ვთქვათ, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ვერ ართმევს თავს ძირითადი ამოცანის შესრულებას, რადგან ქვეყანაში გვაქვს კატასტროფული ინფლაცია. მის მიერ გატარებული მონეტარული პოლიტიკა ვერ უზრუნველყოფს დაბალ საპროცენტო განაკვეთებს. რეფინანსირების პროცენტის გაზრდის გამო გაიზარდა პროცენტებიც. საბოლოო ჯამში, ეს ყველაფერი გვაძლევს საფუძველს გავაკეთოთ დასკვნა, რომ სებ-ი და მისი პრეზიდენტი ვერ ასრულებენ ძირითად ამოცანას. პასუხისმგებლობა უნდა აიღოს პრეზიდენტმა და უნდა გადადგეს. თუ ვერ ასრულებს ამოცანებს, რა აზრი აქვს მის დარჩენას პოსტზე?“ - თქვა ბადრი ჯაფარიძემ.

ამასთან დაკავშირებით კობა გვენეტაძემ უპასუხა, რომ გადადგომას არ აპირებს. ერთადერთი რამ, რაც ეროვნულმა ბანკმა გუშინ მოიმოქმედა მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იყო. იგი 0,5%-ით გაიზარდა და 10,5%-ს მიაღწია. თუმცა, სებ-ის პრეზიდენტმა ისიც აღიარა, რომ კიდევ 3-4 თვე მაღალ ინფლაციას ვერაფერი შეაჩერებს და გაზაფხულამდე მისი შემცირების შესაძლებლობა არ არსებობს.