ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ყველა საჭირო მესიჯი გაიგზავნა

ევროპარლამენტის ტრიბუნიდან ყველა საჭირო მესიჯი გაიგზავნა

სააკაშვილის ხმაურიანი, ემოციებითა და რბილად რომ ვთქვათ, არასწორი ინფორმაციით დატვირთული გამოსვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ევროსაბჭოს წინაშე საქართველოს მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წარსდგა და იმ უამრავ, მათ შორის, კრიტიკულ კითხვებზე მოუხდა პასუხების გაცემა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დიდი მცდელობით, დასავლეთში დიდი ხანია, ტრიალებს.

საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიორგი კანდელაკს ევროსაბჭოში პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საქართველოს თვითმკვლელობის ტოლფასად მიაჩნია, მისი გამოსვლის გამო რცხვენია და მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, პრემიერმა საქართველოს ინტერესები ვერ დაიცვა.

„ნამდვილად არ ვთვლი, რომ ეს იყო ცუდი და საქართველოსთვის თვითმკვლელი გამოსვლა და არც ის მგონია, რომ ევროსაბჭოში ის ვინმეს კატასტროფულად აღექვა“, - აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე. მისი შეფასებით საკმაოდ კორექტული და სერიოზული გამოსვლა იყო.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებიცა და მთავრობის წარმომადგენლებიც ერთხმად აღიარებენ, რომ ბიძინა ივანიშვილს საკმაოდ შთამბეჭდავი გამოსვლა ჰქონდა, მკაფიოდ, გულწრფელად და ამომწურავად უპასუხა კითხვებს და ნათლად დააფიქსირა ახალი ხელისუფლების საგარეო მისწრაფებები თუ საშინაო გეგმები.

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ივანიშვილის ევროპის საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას მნიშვნელოვანს უწოდებს და აცხადებს, რომ ეს იყო გამოსვლა, რომელმაც პირველი წყაროდან მიაწოდა ინფორმაცია ევროპარლამენტარებს საქართველოში მიმდინარე იმ დიდ ცვლილებაზე, რაც ოქტომბრის არჩევნების შემდეგ მოხდა, რაც ევროატლანტიკური სივრცისკენ სწრაფვაში კიდევ უფრო დაგვეხმარება.

უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი თინა ხიდაშელი კი აცხადებს, რომ პრემიერ-მინისტრის გამოსვლით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი დეპუტატები ძალიან კმაყოფილები არიან, რადგან დაინახეს ის გახსნილობა, რაც ივანიშვილს ახასიათებს.

„მიზანს მივაღწიეთ – სავარაუდოდ ყველა შეკითხვა დაისვა. ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ“, - აღნიშნა ხიდაშელმა.

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის რიჩარდ ნორლანდის შეფასებით, სტრასბურგში ბიძინა ივანიშვილის გამოსვლა საქართველოში მიმდინარე მოვლენებით დაინტერესებული ევროპული საზოგადოებისთვის ვითარების გაცნობა იყო.

„ქართული დასის“ ლიდერი ჯონდი ბაღათურია თვლის, რომ ეს იყო ერთ-ერთი ძლიერი და მომზადებული გამოსვლა და ამაყობს, რომ საქართველო ასე კარგად წარმოჩინდა ევროსაბჭოში.

„დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ახალ ხელისუფლებას მუშაობაში გარკვეული ხარვეზები აქვს, მაგრამ სააკაშვილის მთავრობასთან შედარებაც კი უხერხულია. დარწმუნებული ვარ, რომ ახალ მთავრობას ევროპა საკმაოდ დადებითად გაიცნობს და გაწონასწორებული მთავრობის იმიჯსაც შეიქმნის, რაც დღემდე ნამდვილად არ გვქონია“,- აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

როგორც ნანა დევდარიანი მიიჩნევს, ასეთივე გამოსვლა სააკაშვილს რომ ჰქონოდა, აქამდე აჟიოტაჟით წაგვლეკავდნენ ნაციონალური მაუწყებლები, რომ აი, როგორი დახვედრა მოუწყო ევროპამ.

„რაც შეეხება თავად პრემიერის გამოსვლას, ის თავიდან ბოლომდე მნიშვნელოვანი იყო, რადგან ეს პირველი, გაცნობითი გამოსვლა იყო ევროპარლამენტში. საყურადღებოა, ეს იყო გაწონასწორებული, დინჯი, თავმოყრილი გამოსვლა, მითუმეტეს, იმ ფონზე, როდესაც წლების მანძილზე საკმაოდ ექსცენტრული პირველი პირი გვყავდა. მნიშვნელოვანი იყო იმის ჩვენება, რომ ეს არ არის საქართველოს ეროვნული თავისებურება“,- აცხადებს ნანა დევდარიანი.

მთლიანობაში საქართველოს ახალი მთავრობის პრეზენტაცია დასავლეთში რამდენიმე ძირითად მიმართულებას შეეხო - ქვეყნის საგარეო და საშინაო ურთიერთობები, რაც რუსეთთან პოლიტიკას, კონფლიქტურ ტერიტორიებთან მიდგომას, ყოფილ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას მოიცავს. მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო ადამიანის უფლებებს, მოკლედ ევროპარლამენტარებმა ყველა იმ კითხვაზე მიიღეს პასუხი, რაც ქვეყნის შიგნით თუ გარეთ არის აქტუალური.

ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთთან მხოლოდ მშვიდობიანი რიტორიკით უნდა მოაგვაროს ურთიერთობა და დაარწმუნოს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული დამოკიდებულება მისთვის არ არის სასარგებლო.

კონფლიქტურ რეგიონებსა და რუსეთთან მიმართებაში კიდევ ერთი საკითხი გამოიკვეთა -აფხაზეთის რკინიგზის თემასთან დაკავშირებით, ივანიშვილმა ევროპარლამენტარებს საკმაოდ კონსტრუქციული პასუხი გასცა: „აფხაზეთის გავლით რკინიგზა აუცილებლად გაიხსნება, თუმცა, დაჩქარებულად ამ პრობლემის გადაწყვეტა არ იქნება იოლი. რადგან ბევრი კითხვები და ინტერესები არსებობს“.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ივანიშვილმა ხაზგასმით ისაუბრა იმ თემაზე, რომელმაც პასუხი გასცა ყველა იმ ეჭვსა და შეკითხვას, რაც ახალი ხელისუფლების პრორუსულობასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე გასაგებ და ამომწურავ პასუხს იძლევა.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო თემა, რომელიც ივანიშვილმა წამოსწია: „საქართველოს ახალი მთავრობა განსაკუთრებული გამოწვევის წინაშე დგას, რაც რუსეთთან დიალოგის წარმართვას გულისხმობს“,- განაცხადა პრემიერმა.

მისი განმარტებით, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატის ერთადერთი საერთაშორისო მექანიზმია, სადაც ქართველი და რუსი დიპლომატები ოფიციალურ მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთაშორისო შუამავლების მონაწილეობით.

„ამ რთულ პროცესში, როგორც არასდროს, საქართველოს სჭირდება საერთაშორისო თანამეგობრობის, კერძოდ ევროპელი პარტნიორების, მაქსიმალური ჩართულობა და მიზანმიმართული მხარდაჭერა. თბილისსა და მოსკოვს შორის დაწყებულმა დიალოგმა არ უნდა შექმნას შთაბეჭდილება, რომ საქართველო დამოუკიდებლად აგვარებს რუსეთთან ურთიერთობებს და აღარ საჭიროებს პარტნიორების მხარდაჭერას“, - აღნიშნა ბიძინა ივანიშვილმა.

კომპანია „ჯეპრას“ მთავარი კონსულტანტი სოსო გალუმაშვილი თვლის, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყო სწორედ რუსეთთან ურთიერთობის თემა, რაზეც ბიძინა ივანიშვილმა საკმაოდ ამომწურავად და მოზომილად ილაპარაკა.

„ყველაზე მეტი კრიტიკა მოდიოდა რუსეთსა და ოკუპაციასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ არც ერთ ხელისუფალს, თუ არ ჩავთვლით აგვისტოს ომის პერიოდს, ასეთი კრიტიკული მიდგომა რუსეთთან მიმართებაში არ ჰქონია. რა მესიჯებიც უნდა გაგზავნილიყო რუსეთში, გაიგზავნა. პირდაპირ ითქვა, რომ ეს იყო ოკუპაცია, ძალიან მნიშვნელოვანი პასაჟი იყო ის, რომ რუსეთთან დიალოგი კი დაიწყო საქართველომ, მაგრამ ევროპას სთხოვს დიალოგში ჩართვას, რადგან ჯერ კიდევ არსებობს გარკვეული საფრთხეები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი თემა და სწორედ ამ საფრთხეებიდან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორი პასუხი გაეცა პოლონელი დეპუტატის შეკითხვას. ეს იყო მოზომილი და გაწონასწორებული პოზიცია რუსეთთან დაკავშირებით“, - აცხადებს სოსო გალუმაშვილი.

საქართველოს პრეზიდენტი კი პრემიერ-მინისტრს მოუწოდებს, რომ „ნუ ეთამაშება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს“. როგორც მიხეილ სააკაშვილმა ივანიშვილის ევროსაბჭოში გამოსვლის შეფასებისას განაცხადა, პრემიერ-მინისტრს არ უნდა განეცხადებინა, რომ საქართველომ ბევრი შეცდომა დაუშვა აფხაზებთან და ოსებთან მიმართებაში.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, განსხვავება იმაშია, რომ კოსოვომ დაუშვა ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი თავის ტერიტორიაზე, აფხაზეთი და ცხინვალი კი არ უშვებს დამკვირვებლებს და აფხაზეთსა და ცხინვალს ამის გამო გაუჭირდება წარმომადგენლობა ევროსაბჭოში. სააკშვილი კი თვლის, რომ კოსოვო და აფხაზეთი განსხვავდება როგორც ცა და დედამიწა და ასეთი პარალელების სრულიად მიუღებელია.

 „ძალიან მნიშვნელოვანი იყო პარალელები კოსოვოსთან, ვთვლი, რომ ძალიან სწორი შეფასება შემოგვთავაზა ივანიშვილმა. ასევე ვთვლი, რომ კითხვები საქართველოს საგარეო ორიენტაციის შესახებ უკვე აღარ უნდა არსებობდეს, რადგან ივანიშვილმა ყველაფერს ამომწურავად და დამაჯერებლად უპასუხა“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ჯონდი ბაღათურია თვლის, რომ სააკაშვილი „უპასუხისმგებლო კაცია და შეუძლია სრულიად უსაფუძვლო განცხადებები გააკეთოს, ამიტომ მის შეფასებებზე კომენტარის გაკეთება არც ღირს, მითუმეტეს, აფხაზეთთან დაკავშირებით.“

სოსო გალუმაშვილი კი მიიჩნევს, რომ ასეთი განცხადებებით სააკაშვილი მხოლოდ მარგინალიზაციას მიიღებს და რაც უფრო მეტი იქნება მსგავსი განცხადება, მით უფრო დაეცემა ყოფილი ხელისუფლების რეიტინგი.

ასამბლეის წევრი დეპუტატები პრემიერისგან იმ საკითხითაც დაინტერესდნენ, როგორ აპირებს საქართველოს ახალი ხელისუფლება წინა მთავრობასთან „შიდაშერიგებას“.

„გარწმუნებთ, საქართველოში მხოლოდ სამართლიანობის აღდგენის პროცესი მიმდინარეობს და არ იქნება შერჩევითი სამართალი. საზოგადოებაში დიდი აგრესიაა და სამართალი აუცილებლად უნდა აღდგეს, თუმცა, ის არ უნდა იყოს მასობრივი. თქვენ შეგიძლიათ მოავლინოთ თქვენი დამკვირვებლები. გარწმუნებთ, რომ ეს პროცესები არ დაემსგავსება პოლიტუკურ დევნას და იქნება გამჭვირვალე“, - განაცხადა ივანიშვილმა.

„თუმცა მნიშვნელოვანია, რამდენად იყო მიღებული, გაგებული და აღქმული ივანიშვილის პასუხები ევროპარლამენტართა მხრიდან. ძალიან მალე გამოჩნდება დასავლეთის რეაქცია და ვნახავთ, რამდენად დაარწმუნა ივანიშვილმა ისინი - თუმცა ეს უფრო კოაბიტაციის ნაწილში. როგორც ჩანს, დასავლეთი თვლის, რომ კოაბიტაციის პროცესი მთლად მათთვის დამაკმაყოფილებლად არ მიმდინარეობს. მგონია, რომ დანარჩენ ნაწილში ყველაფერი გარკვეულია“, - აცხადებს ვახტანგ ძაბირაძე.

ექსპერტი ნანა დევდარიანი თვლის, რომ ევროპას, რომელსაც წლების განმავლობაში სხვა ინფორმაცია ჰქონდა, ასე ადვილად, ერთი გამოსვლით ვერ დაარწმუნებ, თუმცა ივანიშვილი უკვე მიხვდა, რომ ეს არის „მარათონი“ და არა „სპრინტი“ და ყველაფერი გამძლეობაზეა დამოკიდებული.

„გაითვალისწინეთ რა რთული ვითარებაა, ევროსაბჭოს ჰყავს თავისი სპეციალური მომხსენებლები, რომლებიც პერიოდულად ჩამოდიან საქართველოში და მოხსენებებს ამზადებენ, ძნელია იმისი აღიარება, რომ ეს ყველაფერი იყო არასწორი. გამოდის, რომ უნდა დადგეს ამ წარმომადგენელთა კვალიფიციურობის ან კეთილსინდისიერების საკითხი. პირდაპირ ხომ ვერ იტყვის ივანიშვილი, თქვენს წარმომადგენლებს მოჰკითხეთო. თუმცაღა მისი მხრიდან მკაცრი ნოტები გაისმა“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ, ბიძინა ივანიშვილს მის მიერ „ევროპის სახალხო პარტიის“ ცალკეულ წევრებთან დაკავშირებით გაკეთებული კრიტიკული განცხადების გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე განმარტების გაკეთება მოუწია. რაზეც უპასუხა, რომ „სახალხო პარტიამ“ დასკვნები ცალმხრივ ინფორმაციაზე დაყრდნობით გააკეთა, რომელსაც ავრცელებდნენ საქართველოს ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები.

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ ევროპარლამენტარებს კვლავ ჰქონდათ ისეთი შეკითხვები როგორიცაა მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებები, ის, რომ საქართველო თურმე ვენეციის კომისიის დასკვნას არ ითვალისწინებს სასამართლოების შესახებ კანონში და ა.შ. რაც შეეხება ვენეციის კომისიას, ივანიშვილმა განმარტა, რომ ეს დასკვნა გაითვალისწინეს, თუმცა სააკაშვილი მაინც წინააღმდეგია.

რაც მთავარია, თურმე ევროპელების ინფორმაციით, ხელისუფლების შეცვლისთანავე ტელეკომპანია „იმედი“ მფლობელებს წაართვეს.

მართალია, ტელეკომპანიას მფლობელი მართლაც შეეცვალა, თუმცა საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ იგი მის თავდაპირველ მფლობელს, პატარკაციშვილების ოჯახს დაუბრუნდა, რომელსაც ტელეკომპანია ყოფილმა ხელისუფლებამ წაართვა. რამდენად დიდია, ან მცირე ამ ტელეკომპანიაზე ახალი ხელისუფლების გავლენა ეს სხვა თემაა, თუმცა ივანიშვილს მოუხდა იმაზე საუბარი, რომ მოახერხა და სააკაშვილს აღიარებინა, რომ ის ტელეკომპანია „რუსთავი 2“ის მფლობელია.

ამ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია უარყოფს, თუმცა, ეს თემა ხელისუფლების შეცვლამდეც განიხილებოდა და როგორც მაშინდელი პარლამენტარი, ჯონდი ბაღათურია აცხადებდა, ტელეკომპანია სწორედ სააკაშვილს ეკუთვნოდა. ბაღათურია აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მფლობელი დღესაც სააკაშვილია.

„დღევანდელი მედია ხელისუფლების კონტროლისგან ცალსახად თავისუფალია. ის ტელეკომპანიაც კი, რომელიც პრემიერის ოჯახს ეკუთვნის, მის მხარდაჭერას აშკარად არ გამოხატავს და ამის შესახებ გაკვირვება ხშირად მომისმენია კიდეც საზოგადოებაში. ამას ვერ ვიტყვით ყოფილ ხელისუფლებაზე, ის კვლავ ინარჩუნებს ტოტალურ კონტროლს მედიაზე. გემახსოვრებათ ჩემი გამოსვლა, პარლამენტში, რომელსაც სკანდალი მოჰყვა და დღესაც ვადასტურებ, რომ „რუსთავი 2“ სააკაშვილს ეკუთვნის და ოფშორში აქვს დარეგისტრირებული“, - აცხადებს ჯონდი ბაღათურია.

ევროპარლამენტარების პოზიცია სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი, არსებობს საფუძვლიანი ეჭვები, რომ ნაციონალები საკუთარ ლობისტებს აამუშავებენ. მართალია, ძალიან არ მოსწონს ივანიშვილს, მაგრამ, როგორც ჩანს, „ოცნებამაც“ თავისი საქმე უნდა აკეთოს ევროპარლამენტის კულუარებში.

„რაც უფრო მეტად გაახელენ თვალს, მით უკეთესი, ბევრი პროცესი დაწყებულა საქართველოდან, საბჭოთა პერიოდშიც და მანამდეც. პატარა ქვეყანაა, მაგრამ ბევრი რამ წამოსულა საქართველოდან, ახლაც მგონია, რომ საერთაშორისო ბიუროკრატიის კორუფციაზე საკითხი აქედან აღიძვრება, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება“, - აცხადებს ნანა დევდარიანი.

რამდენად მივა საქმე აქამდე, ძნელი სათქმელია, მაგრამ ექსპერტები თვლიან, რომ სააკაშვილმა, ლამის, მესამე მსოფლიო ომის დაწყება მოახერხა და მისი „დახმარებით“ ევროპელ ჩინოვნიკთა კორუმპირებულობასაც რომ აეხადოს ფარდა, ფანტაზიის საგანი სულაც არ არის.