„გასაგებია, რომ ბავშვობიდან ქალების გარემოცვაში გაზრდილი ბიჭუნა მდედრიონის გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მამრი ბადრაგის სიახლოვეს“

„გასაგებია, რომ ბავშვობიდან ქალების გარემოცვაში გაზრდილი ბიჭუნა მდედრიონის გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მამრი ბადრაგის სიახლოვეს“

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარე აქცენტს მსჯავრდებულის ფსიქიატრიულ პრობლემაზე აკეთებს და ქმნიან ფონს, რომ სააკაშვილი, როგორც პაციენტი საქართველოდან უნდა გაიყვანონ. აქვს თუ არა სააკაშვილს ფსიქიატრიული პრობლემები და ეს გამოიწვია თუ არა ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობამ, თუ ეს არის ხანგრძლივი პრობლემა, ამას სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიული ექსპერტიზა იტყვის.

გიული ალასანიას თუ დავუჯერებთ, მიხეილ სააკაშვილი დღეს უარესად არის, რაც გამოიხატება თავბრუსხვევაში. პროფესორი ალასანია უკმაყოფილოა იმით, რომ მის შვილს სრულიად შეეცვალა ცხოვრების წესი, გამოკეტილია პატარა სივრცეში და ეს მდგომარეობა მას ავად ხდის. შესაბამისად, თვლის, რომ მსჯავრდებული სააკაშვილი გავიდეს გარეთ, თანაც ისე, რომ შეეცვალოს აღკვეთის ღონისძიება.

მიხეილ სააკაშვილის დაცვის მხარემ უკვე აამოქმედა სტრატეგია, რომელიც მათი გეგმის მიხედვით ითვალისწინებს სააკაშვილის ქვეყნის გარეთ გაყვანას იმ მოტივით, რომ საჭიროებს იმ სახის ფსიქიკურ მკურნალობას, რომლის გამოცდილება ქართველ ექიმებს თურმე არ აქვთ. ამ გეგმის ნაწილია ისიც, რომ სააკაშვილი დღეს სასამართლო პროცესს არ დაესწრება. როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტს წნევა აქვს, დამოუკიდებლად ვერ მოძრაობს, ბარბაცით დადის.

ბოლო ორმა სასამართლო პროცესმა აჩვენა, რომ სააკაშვილს დაუძლურების არაფერი ეტყობოდა. პირიქით, ორივე სასამართლო პროცესი გამოიყენა როგორც ტრიბუნა და დაამსხვრია მითი იმის შესახებ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის, ვერ მოძრაობს, უჭირს მეტყველება, ვერ ცნობს ადამიანებს და ა.შ. სააკაშვილმა თავად დაადასტურა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ სიტყვას ფასი არ აქვს. დაცვის მხარემ კარგად იცის, რომ ექს-პრეზიდენტს დიდი ხნით მოუწევს ქართულ ციხეში ცხოვრება. ამიტომ, ახალი გეგმა დასახეს. ნიკა გვარამიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტალი დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას.

„გორის ჰოსპიტალი მიხეილ სააკაშვილისთვის არის აბსოლუტურად იდენტური დაწესებულება გლდანის მე-18 დაწესებულებისა. არავითარი სხვაობა ამ წუთიდან ამ ორ დაწესებულებას შორის არ არსებობს. ეს ჰოსპიტალი არის ციხე, მორჩა... ეს სააკაშვილისთვის არ არის საავადმყოფო. ეს სააკაშვილისთვის არ არის რეაბილიტაციის შესაძლებლობა. ეს სააკაშვილისთვის არის წამების ახალი ფაქტი, განგრძობითი ფსიქოლოგიური წამება და დაწესებულება, რომელიც მან დაუყოვნებლივ უნდა დატოვოს და იგი საერთოდ განრიდებულ უნდა იქნეს საქართველოს პენიტენციურ სისტემას“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.

„საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის - ის უნდა იყოს გათავისუფლებული პატიმრობიდან“, - ასეთია ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელის მარიამ ჯიშკარიანის რეკომენდაცია. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური მოპყრობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და ექსპრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესს გაართულებს.

„წამება თუ არასათანადო მოპყრობა აისახა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეირო-ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავალნისთვის უსაფრთხო და ამის ნიადაგზე, იგი გათავისუფლდა. სწორედ ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს გატარებული აქ“, - აცხადებს მარიამ ჯიშკარიანი.

დაცვის მხარის და პირადი ექიმის სტრატეგიას არ იზიარებს სააკაშვილი და ამბობს, რომ მის გასანთავიუსფლებად საჭიროა საყოველთაო პოლიტიკური ამნისტია. მრგვალი მაგიდა ხელისუფლების გადანაწილებასა და არჩევნებამდე მისასვლელად. მიხეილ სააკაშვილის თქმით, არავითარი თანამდებობის სურვილი არ ამოძრავებს და ლიდერების სრულიად ახალი თაობა უნდა მოვიდეს, თავად კი ლაზიკაში ინვესტიციების მოზიდვით და განათლების სექტორში დაკავდება.

„თუ ვინმეს დასჭირდება ჩემი რჩევა და გამოცდილება, სიამოვნებით გავუზიარებ გარდამავალ, კოალიციურ საქართველოს ხელისუფლებას, როგორც ვუზიარებდი მთელი ეს წლები უკრაინის, ალბანეთის ან შუა აზიის მთავრობებს. აუცილებლად გავიმარჯვებთ, წამზომი ჩართულია და ბევრი დრო არ გრჩებათ!“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

ანალიტიკოს დავით ქართველიშვილის განცხადებით, ესმის, რომ ეს ფსიქოტიპი - ბავშვობიდან ქალების და გოგონების გარემოცვაში გაზრდილი ბიჭუნა, მდედრიონის გარემოცვაში უფრო კომფორტულად გრძნობს თავს, ვიდრე მამრი ბადრაგის სიახლოვეს. მისი თქმით, რომ არ გადაეღოთ მელ გიბსონთან მთავარ როლში ცნობილი ფილმი „რაზე ფიქრობენ ქალები“, ჩვენი პატიმარი უკასტინგოდ გაივლიდა შერჩევის პროცესს.

„ოღონდ სააკაშვილის მდედრიონის წრე აუცილებლად გასაფართოვებელია. ეს არ არის მხოლოდ გახარიას კადრი სახელმწიფო ინსპექტორი, რომელმაც ღიად ააფრიალა „ნაცმოძრაობის“ პარტიული დროშა და სექტის ყველა ნარატივში დაადანაშაულა ხელისუფლება. ეს არ არის მხოლოდ ნაცამომრჩეველთა დამცველი ლომჯარია, ეს არის მისი უკრაინელი კოლეგაც, რომელიც დღეს ღიად ებრძვის საკუთარ ქვეყანაში საკუთარ პრეზიდენტს, ეს არის მაკა ჯიშკარიანიც, რომელიც დღეს საკუთარ სახელმწიფოს ფაშისტური გერმანიის დროინდელი წამების ფორმებში ადანაშაულებს. ეს არის სააკაშვილის დედაც, რომელიც დღევანდელ ქართულ ციხეს, სადაც მისი შვილი სასათბურე პირობებში თაღლითობით „აბოლებს“ მთელ სამყაროს - საკონცენტრაციო ბანაკს ადარებს. ეს არის თაკო ჩარკვიანიც, რომელიც რუსთაველზე ლეიბებზე კოტრიალით, დასასრულით ემუქრება მისთვის ამოუცნობ ქვეყანას და მრავალი სხვა. ამ ფენომენზე ბატონი ავლიპის შვილიშვილი მოგვიყვებოდა, ალბათ, უფრო დაწვრილებით, მაგრამ ის ნორმალურ ადამიანებთან კონტაქტებს გაურბის და მხოლოდ სააკაშვილს და ადვოკატ საძაგლიშვილს ელაპარაკება“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

აქვს თუ არა ფსიქიატრიული პრობლემა და არის თუ არა ეს თანდაყოლილი დაავადება, ქართველიშვილის განცხადებით, ბრალდების მხარემ ეს საკითხი უნდა დააყენოს სასამართლოზე. მისი თქმით, პროკურატურამ შუამდგომლობით უნდა მიმართოს სასამართლოს, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილთან მიმართებაში ჩატარდეს კომპლექსური და ამავდროულად სპეციალიზირებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

„ეს არის გარკვეულ პროცესუალურ ნორმებს დაქვემდებარებული საკითხი, რომლის დაყენების ფორმა გაწერილია კანონში, ისევე როგორც მისი აღსრულება. მე არ მაქვს პასუხი კითხვაზე - ბრალდების მხარე, პროკურატურა რატომ არ მიმართავს სასამართლოს ამ მოთხოვნით? არ ვიცი, დაველოდოთ. შეიძლება ეს მოთხოვნა გაჩნდეს უახლოეს მომავალში. მე არ ვარ სპეციალისტი. უნდა შეირჩეს ამ დარგის ექიმები, შედგეს საერთაშორისო კონსილიუმი, რომლებიც ამ ადამიანთან მიმართებაში დადებენ კვალიფიციურ სასამართლო სამედიცინო ფსიქიატრიულ ექსპერტიზას, სადაც მკაფიოდ ჩაიწერება რა სჭირს მსჯავრდებულ სააკაშვილს, რამდენად განკურნებადია და რამდენად შეუძლებელია საქართველოს სტაციონარებში მისი განკურნება.

ჯერ უნდა ჩატარდეს ეს ექსპერტიზა და ამის მერე დავიწყებთ მსჯელობას, ამ შემთხვევაში კანონი რას ითვალისწინებს. ჩვენი ხელისუფლება ავადმყოფ ადამიანთან ბრძოლას არც აქამდე აწარმოებდა და არც ახლა აკეთებს, მაგრამ ეს უნდა იყოს რკინა-ბეტონის დასკვნა, რომელსაც ხელს მოაწერენ თავისი საქმის ისეთი სპეციალისტები, რომელთა მიმართებაში არც სააკაშვილს, არც დედამისს, არც ლომჯარიას და არც სახელმწიფო ინსპექტორს არ ექნებათ კითხვის ნიშნები.

რა თქმა უნდა, ეს იქნება საჯარო განხილვის თემა და ამის შესახებ გაიგებს ყველა, რადგან აქ არაა საუბარი საიდუმლო სამედიცინო ინფორმაციის განმჟღავნებაზე. ეს არაა თავისუფლებაზე მყოფი პაციენტი. პირველ რიგში ის მსჯავრდებულია, რომლის შემდეგი ბედი უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ და კანონმა. ამიტომ, დოკუმენტი, რაც დაიდება სააკაშვილის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ, ფართო საზოგადოების მსჯელობის საგანი იქნება“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილი.

ანალიტიკოს დავით ზარდიაშვილის შეფასებით, ეს წრეგადასულად უტიფარი და პროვოკაციულად დეზინფორმაციული შტურმი, რომ თითქოსდა სააკაშვილი, არც მეტი, არც ნაკლები, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლია, არა მხოლოდ უკიდურეს პოლარიზაციას განაპირობებს, არამედ იწვევს უკონტროლო აგრესიას როგორც უშუალოდ სააკაშვილის, ასევე ყველა მისი მიმდევარის, ნათესავისა თუ მყვარებელის მიმართ.

„ეს უკონტროლო აგრესია უკვე ადამიანურობის ზღვარზეა და მხეცს, რომელსაც ყოველ ადამიანში სძინავს, აღვიძებს! აი, იმას გავს, ფირალი სიმონა დოლიძე მოსამართლის კითხვაზე - რატომ დახოცე ასე მხეცურად 8 სტრაჟნიკიო, რომ პასუხობს - ყანაში თოხნისას ელანძე კაცის კვლის ჟინმა წამომიარა და იმიტომაცაო! მეც ვატყობ, ნელ-ნელა იგივე მემართება: რამდენჯერაც გავიგონებ, სააკაშვილი წამების მსხვერპლიაო, სიმონა დოლიძესავით კაცის კვლის ჟინი წამომივლის ხოლმე. ჯერჯერობით ვუმკლავდები, მაგრამ როდემდე?!

პირადად მე არ შევურიგდები სააკაშვილის მიერ 2008 წლის აგვისტოში ჩადენილ ეროვნულ ღალატს და ვერც მის მიერ ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს სასჯელაღსრულების პოლიტიკად წამების დანერგვას! – „არა და არასდროს!“ - როგორც ბრძანა პრეზიდენტმა. ასეთია პირადად ჩემი, ერთ-ერთი რიგითი მოქალაქის ცალსახა პასუხი. დარწმუნებული ვარ, იგივეს - „არა და არასდროს!“ - გაიმეორებს ქართველთა არა მხოლოდ თანამედროვე, არამედ წინაპართა და მომავალი თაობის აბსოლუტური უმრავლესობა!

ღმერთმა შეუნდოს სააკაშვილს, მაგრამ საქართველოსთან შერიგებას, ვიდრე არ მოინანიებს და კუთვნილ სასჯელს სრულად არ მოიხდის, ვერასდროს ეღირსება! ამას უნდა შეეგუოს თავადაც და მისი უგუნური მიმდევრებიც!“, - წერს სოციალურ ქსელში დავით ზარდიაშვილი.