ბიზნესი „მწვანე პასპორტების“ შემოღებაზე უკვე წუწუნებს. განსაკუთრებით უკმაყოფილონი არიან კვების ობეიქტების წარმომადგენლები და ეს მათ განცხადებებში დაუფარავად იგრძნობა. მომხმარებლების შემცირება უკვე აშკარაა, თანაც თავი იჩინა ტექნიკურმა ხარვეზებმაც. ბევრ რესტორანს და კაფე-ბარს სტუმრების უკან გაბრუნება მოუწია.
ისედაც კრიზისულ პერიოდში კლიენტთა ნაკადის შემცირება პირდაპირ ზარალის პროპორციულია. რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე ადასტურებს, რომ „მწვანე პასპორტების“ სისტემა ცუდად მუშაობს. გარდა ტექნიკური ხარვეზებისა, ზარალდებიან გარკვეულ სეგმენტზე ორტიენტირებული ობიექტები. ქართული რეალობიდან გამომდინარე, ტრადიციულ რესტორნებს, როგორც წესი, რამდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფები სტუმრობდნენ, ახალ რეალობაში კი, თუ მათგან თუნდაც ერთს, მწვანე სტატუსი არ აქვს, ობიექტში ვიზიტისგან მთლიანი ჯგუფი თავს იკავებს. შედეგად, კვების ობეიქტებს მომხმარებელთა 20-40% მოაკლდა.
„მწვანე პასპორტების იდეა უნდა ყოფილიყო, იმუნიზაციის დაჩქარება და უსაფრთხო ზონების შექმნა ისე, რომ ნეგატიური გავლენა არ მოეხდინა ბიზნეს ოპერატორზე. სამწუხაროდ, როგორც წინასწარ გვქონდა ნათქვამი, ეს არ გამართლდა.
დღეს ჩვენს სფეროში არსებობს სეგმენტი, რომელიც მოკლევადიან პერსპექტივაში უკვე დაზარალდა და გრძელვადიანში უფრო მეტ ზიანს მიიღებს. განსაკუთრებით, რეგიონები. ჩვენ რეალურად პრობლემა გვაქვს ტექნიკურ საკითხთან დაკავშირებით. კერძოდ, ეს ეხება კოვიდ პასპორტების წაკითხვას და მის გამოყენებას, როგორც ჩამოსული სტუმრების, ისე ადგილობრივების შემთხვევაში.
დიდ და საშულო რესტორნებს მომხმარებლები ძალიან დააკლდათ. იქიდან გამომდინარე, რომ პროცენტულად შედარებით ცოტაა ის, ვინც კრიტერიუმებს აკმაყოფილებს. ჩვენ ქვეყანაში, რესტორნების ნაწილში, არ არის გათვალისწინებული შემდეგი პრინციპი, მაგალითად, უცხოეთში წყვილი მიდის რესტორანში იმისთვის, რომ კერძები მიირთვას, ჩვენთან, როგორც წესი, დადიან საქეიფოდ - არ აორი ადამიანი, არამედ ჯგუფები. როდესაც მათგან ერთი ადამიანი მაინც არის, ვინც ვერ აკმაყოფილებს „მწვანე“ მოთხოვნებს, ჯგუფი უარს ამბობს რესტორნის სტუმრობაზე. ერთი სიტყვით, ტრადიციულ რესტორნებს სტუმრის 20-40% ავტომატურად მოაკლდა“, - აღნიშნა „ბიზნესპრესნიუსთან“ ბურჯანაძემ.
პრობლემებს ადასტურებენ უშუალოდ ბიზნესის წარმომადგენლებიც. კვების ობიექტის „აუგუსტის“ თანადამფუძნებლის ქრისტინე მორჩილაძის ინფორმაციით, კომპანიის საქმიანობაზე „ლოკდაუნის“ პერიოდიც ტრანსპორტის შეზღუდვის გამო უარყოფითად აისახა, თუმცა კომპანიამ მომხმარებლის შენარჩუნება გატანის სერვისის დახმარებით მოახერხა. ახლა უკვე სხვა გამოწვევა გაჩნდა.
„პანდემიის პერიოდში მთავარი სირთულე „ლოკდაუნები“ იყო, რადგან უპირველესად ადამიანები ოფისებში აღარ დადიოდნენ, ამან ჩვენთან ლანჩების რაოდენობა შეამცირა. ცუდად აისახა ტრანსპორტის გაჩერებაც, რადგან ადამიანები ისეთი სიხშირით აღარ გადაადგილდებოდნენ.
ამ დროისთვის გაყიდვებზე გავლენას „მწვანე პასპორტი“ ახდენს, ამან მომხმარებლის რაოდენობა ადგილზე გამასპინძლების მიმართულებით 20%-ით შეამცირა, რადგან გვიწევს, რომ „მწვანე პასპორტის“ არმქონე მომხმარებელს მომსახურებაზე უარი ვუთხრათ“,- აღნიშნა „აუგუსტის“ თანადამფუძნებელმა.
რა არის ვითარებიდან გამოსავალი? რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარის აზრით, ამ შვემთხვევაში ყველაზე უპრიანი ე.წ. მწვანე ზონების ნებაყოფლობით შექმნაა.
„გამოსავალი იქნება, რომ ეს საკითხი ნებაყოფლობითი იყოს. ვისაც სურვილი აქვს შექმნას უსაფრთხო ზონა და იზრუნოს თავის სტუმრებზე, ეს უნდა გააკეთოს და სტუმრისთვისაც მარტივი გადასაწყვეტი იქნება, თუ რომელ რესტორანში მივიდეს. შესაბამისად, დაკმაყოფილდება როგორც მწვანე ზონის იდეა, ასევე საზოგადოების მოთხოვნა. ვგულისხმობ იმასაც, რომ ვინც მწვანე ზონას შექმნის, უნდა ჰქონდეს ის ბენეფიტი, რაც დღეს ზოგადად არ აქვს რესტორნებს - „ივენთების“, სხვადასხვა ღონისძიებების ჩატარების საშუალება. ის კონკურენტი იქნება იმ ობიექტებისთვის, რომლისთვისაც არ არის მისაღები მწვანე ზონა. ასეთ კონკურენტულ გარემოში ჩვენ შევძლებდით რამდენიმე კურდღლის დაჭერას“, - განაცხადა შოთა ბურჯანაძემ.