მთავრობამ 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვერსია წარადგინა. ბიუჯეტის განახლებული ვერსია ხარჯების ზრდას ითვალისწინებს, კერძოდ, მთავრობის ასიგნებების მოცულობა 332 მილიონი ლარით, 19.17 მილიარდ ლარამდე იზრდება. ყველაზე დიდი დაფინანსება კვლავ ჯანდაცვის სამინისტროს ექნება, რომლის ბიუჯეტიც 6.09 მილიარდი ლარია. ბიუჯეტის წინა ვერსიასთან შედარებით დაფინანსების ყველაზე დიდი მატება შეეხება ეკონომიკის სამინისტროს, რომლის ბიუჯეტიც 932 მილიონი ლარი ხდება, რაც წინა წელთან შედარებით 290 მილიონით მეტია. მომდევნო წლის ეკონომიკური ზრდა 6%-ზე არის დაგეგმილი, რის შედეგად, მშპ-ს ზომამ 65 მილიარდს უნდა მიაღწიოს.
„პანდემიის შედეგად გაზრდილ ვალს და ბიუჯეტის დეფიციტს ვამცირებთ. დეფიციტი იქნება 4.2%, ვალის მოცულობა კი მშპ-ის 51.1% იქნება. როგორც ჩვენი დაპირება იყო, გაიზრდება საჯარო სამსახურში ხელფასები დაახლოებით 10%-ით და ეს ზრდა იქნება ყოველწლიური. COVID-19-ის მართვასთან დაკავშირებით ბიუჯეტია 500 მილიონი ლარი, დევნილებისთვის სახლების ასაშენებლად გათვალისწინებულია 114 მილიონი ლარი. ნაერთი ბიუჯეტი იქნება 21.8 მილიარდი ლარი. ფინანსთა სამინისტროს დაფინანსება იქნება 105 მილიონი ლარი, გაზრდილია დაახლოებით 16 მილიონი ლარით; ეკონომიკის სამინისტროს ბიუჯეტია 932 მილიონი ლარი და გაზრდილია 290 მილიონი ლარით, აქედან 300 მილიონი აწარმოე საქართველოსთვისაა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 2.8 მილიარდ ლარს, 430 მილიონით არის გაზრდილი ბიუჯეტი; იუსტიციის სამინისტროს ბიუჯეტი შეადგენს 310 მილიონ ლარს და გაზრდილია 14 მილიონი ლარით; საგარეო საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტია 176 მილიონი ლარი და თითქმის 6 მილიონია მატება; თავდაცვის სამინისტროს დაფინანსება შეადგენს 1 მილიარდ ლარს და გაზრდილია 72 მილიონი ლარით; შსს-ს დაფინანსებაა 865 მილიონი ლარი და გაზრდილი გვაქვს 85 მილიონი ლარით; ჯანდაცვის სამინისტროს დაფინანსება 6 მილიარდ ლარზე მეტია, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიუჯეტია 593 მილიონი ლარი, რაც უცვლელია. განათლების და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსებაა 1.684 მილიარდი ლარი, ხოლო კულტურისა და სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსებაა 357 მილიონ ლარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ექსპერტი, ეკონომიკის საკითხებში სოსო არჩვაძე for.ge-სთან ბიუჯეტის პროექტს აფასებს და ამბობს, რომ ბიუჯეტს საკმარისად დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თავის თავზე უფრო სოლიდური ვალდებულებები აიღოს და მის მიერ განხორციელებული ხარჯები წარმოდგენილი იყოს როგორც წმინდა სოციალური ქოლგის ხარჯების დასაფარად, ასევე, ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისათვის.
სოსო არჩვაძე: მოგეხსენებათ, სახელმწიფო ბიუჯეტი ქვეყნის ძირითადი ფინანსური გეგმაა და მასში აისახება ყველა ის ტენდენცია, შედეგი, რაც ეკონომიკაში ვითარდება, განსაკუთრებით – ბოლო პერდიოდის განმავლობაში. ის, რომ მარტის თვიდან საკმაოდ დამაჯერებელი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, ეკონომიკურ ზრდაზე გაცილებით მაღალი ტემპით ვითარდება სამეწარმეო სექტორი, მისი ბრუნვა და პროდუქციის გამოშვება, კიდევ უფრო მაღალი ტემპით გვაქვს ექსპორტის მაჩვენებლები, ხოლო ექსპორტში ადგილობრივი პროდუქციის სიდიდე მიანიშნებს იმას, რომ ქვეყანაში ცალსახად პოზიტური მაჩვენებლები ყალიბდება. ამას უნდა დავუმტოთ ის, რომ ბოლო კვარტლების მანძილზე დასაქმების დონე გაიზარდა. დასაქმების დონე იმდენად გვაინტერესებს, რომ ის უშუალო კავშირშია არა მარტო მოსახლეობის კეთილდღეობასთან, არამედ – ბიუჯეტში საშემოსავლო გადასახადების ზრდასთანაც. ამიტომ, ყველაფერს ერთად, ჯამურად თუ განვიხილავთ, აღმოჩნდება, რომ ბიუჯეტს საკმარისად დიდი რესურსი გააჩნია იმისათვის, რომ თავის თავზე უფრო სოლიდური ვალდებულებები აიღოს და მის მიერ განხორციელებული ხარჯები წარმოდგენილი იყოს როგორც წმინდა სოციალური ქოლგის ხარჯების დასაფარად, ასევე, ეკონომიკური და საინვესტიციო პროექტების რეალიზაციისათვის. კონკრეტულად შემიძლია, გითხრათ ის, რომ 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა ნომინალურ განზომილებაში დაახლოებით 6, 5 მილიარდი ლარით გაიზრდება, ხოლო ამის ხარჯზე საბიუჯეტო შემოსავლები თითქმის 1,4 მილიარდი ლარით. სიტყვას „თითქმის“ იმიტომ ვხმარობ, რომ პარლამენტს ჯერ ბიუჯეტის დასრულებული ვარიანტი არ დაუმტკიცებია, მას კანონის ძალა არ მიუღია. მთლიანობაში შემიძლია, გითხართ, რომ საბიუჯეტო ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდაა, მიუხედავად იმისა, რომ პანდემიას თან თავისი გამოწვევები ახლავს, ამისთვის მნიშვნელოვანი სახსრების მობილიზაციაა საჭირო, სახელმწიფო მაინც ახერხებს და ბიუჯეტიდან თითქმის 6 მილიარდი ლარი კაპიტალური დანიშნულებით იქნება მიმართული. ეს მთელი საბიუჯეტო სახსრების 27%-ია.
ორნიშნა ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა კრიტიკოსებისთვის მძიმე რჩება, ქვეყანაში სოციალური ფონი არცთუ სახარბიელოა, რაც ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს არასანდოს ხდის, რამდენად სწორად იქნა დასმული აქცენტები მომავალი წლის ბიუჯეტში?
- მიუხედავად იმისა, რომ გასული წელი საკმაოდ მძიმე შედეგებით დავასრულეთ, ადგილი ჰქონდა ეკონომიკის ვარდნას, დაახლეობით, 6,2%-ით, წლევანდელი წლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებით ქვეყანა წლის ბოლომდე მსოფლიოს პირველ ოცეულში აღმოჩნდება. 2019 წელს საქართველო ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით 41-ე ადგილზე იყო, 2020 წელს კი 126-ე ადგილზე აღმოჩნდა. ახლა ვიმეორებ, გარანტირებული ადგილი დაახლოებით პირველ ოცეულში გევქნება და, მაღალი ალბათობით, ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას შევინარჩუნებთ, თავისი პოზიტიური სოციალური და ეკონომიკური შედეგებით.
აღნიშნული ცვლილებებისგან რა შედეგებს უნდა ველოდოთ სამომავლოდ?
- ყველაფერი დამოკიდებულია ქვეყნის ეკონომიკურ შესაძლებლობაზე. სახელმწიფო არ არის ფოკუსნიკი, რომელსაც შეუძლია შავი ცილინდრიდან ცოცხალი ბაჭია ყურებით ამოიყვანოს. მას შეუძლია განკარგოს და გაანაწილოს მხოლოდ ის რესურსები, რისი შესაძლებლობაც გააჩნია მოცემულ მომენტში. მეორე საკითხია, რამდენად ეფექტურად ხდება მისი გამოყენება. იყო დრო, როდესაც ხელფასების გაცემაც კი არ შეგვეძლო, ადამიანები მუშაობდნენ თვეობით და ხელფასებს ვერ იღებდნენ. მე ვთვლი, რომ მაშინ ადამიანები, თავიანთი უსასყიდლო შრომით, სახელმწიფოს სუბსიდირებას უკეთებდნენ. ანუ, სახელმწიფო ბიუჯეტს არ ჰქონდა სახსრები. დღეს, ეს პრობლემა მოხსნილია და ერთდროულად შეგვიძლია ორი მიმართულებით წასვლა - ერთი წმინდა ეკონომიკური და ინფრასტრურული პროექტების დაფინანსება და მეორე სოციალური ბლოკი. პენსიონერებისთვის გასაცემი პენსიის მოცულობა მომავალი წლისთვის იმაზე მეტი იქნება, რამდენი შემოსავალიც ჰქონდა სახელმწიფოს საშემოსავლო გადასახადისაგან. მართალია, ყველაფერი შეფარდებითია და ეს არ არის საკმარისი. კიდევ ერთი მომენტი - ჩვენ გადავკვეთეთ ის ეკვატორი, რომელიც ნიშნავს საბიუჯეტო ხარჯებში სოციალური ბლოკის ხარჯების მეტობას, უკვე 51%-ზე გავედით, როცა 2012 წელს იყო მხოლოდ 32%. იზრდება სოციალური ხარჯების მიმართულება და ეს პროირიტეტი მომავალშიც გაგრძელდება.
გაძვირებული გადასახადების და გაზრდილი ფასების პირობებში, საბოლოოდ, რამდენად შედეგიანი იქნება ეს ცვლილებები?
- აქ ერთი მომენტია მხედველობაში მისაღები, რომ საქართველოში არის ღია ეკონომიკა და ჩვენ დაახლოებით 140 სახელმწიფოსთან გვაქვს ღია ეკონომიკური კავშირები. უზარმაზარი როლი აქვს იმპორტის მოცულობას ჩვენს შიდა მოხმარებაში, ამიტომ ის ტენდენციები, რაც მსოფლიო ეკონომიკაში ხდება, პოზიტიურიც და ნეგატიურიც, ადეკვატურად აისახება ჩვენს შიდა მდგომარეობაზე. ინფლაციის მაღალი ტემპის 70-75% მოდის გარე ფაქტორებზე. ანუ, ჩვენ გვაქვს დიდწილად ხარჯვითი ინფლაცია. ამისი დაძლევა კი შეგვიძლია მხოლოდ ადგილობრივი წარმოების და ჩანაცვლების უფრო ინტენსიური პროცესით.