შერიგების მუქარა

შერიგების მუქარა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მორიგი მიმართვა გაავრცელა, სადაც შერიგებაზე საუბრობს. ყოფილი მაღალჩინოსნის თქმით, სანამ გვიან არ არის, ეროვნულ შერიგებაზე წასვლა მნიშვნელოვანია. სააკაშვილი ერთგვარ მუქარასაც თან ურთავს, რომ „უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე“. ამ მიმართვაში კონკრეტული ადრესატი არ არის მითითებული, თუმცა, რთული არაა გამოვიცნოთ, ვის ურჩევს იგი „გონს მოსვლას“.

„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან, თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.

აღნიშნულს „ქართულ ოცნება“ გამოხმაურება უკვე მოჰყვა. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ როდესაც ადამიანი გადაწყვეტს შერიგებას, ერთი მნიშვნელოვანი გარემოება არსებობს - აღიარება იმისა, რაც დააშავა. თუმცა, როდესაც ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერი სწორი იყო, რაც გააკეთა და ჩაიდინა, ეს არ შეიძლება ეროვნული შერიგების საწინადარი გახდეს.

„მიხეილ სააკაშვილი განცხადებას აკეთებს, რომ ის იბრძვის, ამ ბრძოლას მეთაურობს ციხიდან, ხალხს მოუწოდებს მისი გათავისუფლებისკენ და ბრძოლა დამთავრდება მისი გათავისუფლებით. ის ასევე, მოუთითებს, რომ მან გაიზიარა ლუარსაბ მეფის ბედი, აღმაშენებელზე მეტი დამსახურება აქვს საქართველოს წინაშე, არის რეგიონალური ლიდერი და არის ჯორჯ ვაშინგტონი. ამას ყველაფერს ამბობს, მაგრამ რამდენად არის ეს ადეკვატური, ეს მეორე საკითხია. საერთო შერიგებას რაც შეეხება, როცა გადაწყვეტ ადამიანთან შერიგდე, არსებობს ერთი მნიშვნელოვანი გარემოება - აღიარება იმის, რაც დააშავე. ადამიანი ამბობს, რომ ყველაფერი სწორი იყო და მას მხარს უბამენ მისი მხარდამჭერები, რომ ყველაფერი სწორად იყო ჩადენილი და ამბობენ, გირგვლიანის თემა არის პიარის თემა, თანაც უნიჭო და ცუდი პიარის. ფაქტია, რაც მოხდა და ჩვენს თვალწინ განვითარდა“, -  განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ.

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე For.ge-სთან აცხადებს, რომ შერიგებისკენ მოწოდებას მიხეილ სააკაშვილი თან ურთავს მუქარას და მისი თქმით, ეროვნული შერიგება მსგავსი პათოსით არ ხდება. როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ყოფილმა პრეზიდენტმა უბრალოდ, მორიგი პიარსვლა გააკეთა, რომელიც გათვლილი იყო როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაზე.

„მას არ დაუკონკრეტებია ვისთან ითხოვს შერიგებას. ასე რომ, ნებისმიერ კონფიგურაცია შეიძლება ვიგულისხმოთ ამაში, ეს შეძლება იყოს „ქართული ოცნება,“ მისი მხარდამჭერები და ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ მოწინააღმდეგეები, მაგრამ აქ ერთი მომენტია საჩოთირო, მან შერიგების სურვილს წარუმძღვარა ასეთი რამ - „დროა, გონს მოეგოთ“. ერთი მხრივ არის შერიგების სურვილი და მეორე მხრივ, ერთგვარი მუქარა, რომ თუ თქვენ გონს არ მოეგებით და არ შეგვირიგდებით, თქვენი საქმე ცუდად წავა.

მე ასეთი სულისკვეთება ამოვიკითხე, რომ ის თითქოს რაღაცნაირად აშინებს მეორე მხარეს და საკუთარი თავი ჰგონია ძლიერი, თანაც ძლიერის პოზიციიდან მოწყალედ სთავაზობს მეორე მხარეს, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ და მის მიდევრებს, რომ ეროვნულ შერიგებაზე ვისაუბროთ. ასეთი მოწოდება უფრო გათვლილია მორიგ პიარზე და გათვლილია როგორც ადგილობრივ, ასევე გარე აუდიტორიაზე.

როდესაც სააკაშვილს და „ნაცმოძრაობას“ ხშირად შეახსენებენ, რომ ისინი დესტრუქციაზე არიან ორიენტირებული და პოზიტიურ დღის წესრიგს არ სთავაზობენ, იტყვიან, მე მეორე მხარეს შერიგება შევთავაზე და ის არ წამოვიდა. საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც იყო ამ წერილის მიმართვის ადრესატი, უფრო ნეგატიურად აღიქვა, ვიდრე პოზიტიურად. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებისგანაც არ მომისმენია შეფასება, ან მათი ლიდერის, ან წერილის, უშუალოდ ამ შერიგების საკითხზე. ვფიქრობ, ეს თემა უბრალოდ „შემოაგდო“ მიხეილ სააკაშვილმა და ამჯერადაც, როგორც ცუდმა მსროლელმა, ააცილა. არ შეიძლება მეორე მხარეს ელაპარაკო შერიგებაზე და ამავე დროს თან დაურთო მუქარა. შერიგებისკენ ნაბიჯი ასეთი პათოსით გაჯერებული არ იდგმევა“, - განაცხადა ზაალ ანჯაფარიძემ For.ge-სთან.

სააკაშვილმა მიმართვაში დაწერა, რომ მას ვერაფრით გააკვირვებენ და უახლოეს დღეებში ბრძოლა გააქტიურდება:

„ამ დღეებში სუს აქტიურად ავრცელებს ჭორებს, რომ გორიდან ციხეში მაბრუნებენ, მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამის კატეგორიული წინააღმდეგები არიან. ეს ყველაფერი კეთდება ჯერ ერთი, ჩემი და ჩვენი აქტივისტების დასაშანტაჟებლად და მეორე - ყურადღების გადასატანად და რეჟიმის მიერ ამოსუნთქვისთვის დროის მოსაგებად. ამასვე ემსახურება ნიკა მელიას სრულიად უკანონო და სასაცილო დაბარება სუს-ში. ნიკამ ძალიან სწორად და ღირსეულად უპასუხა. მე მინდა ვუთხრა ივანიშვილს, სადაც გინდა გადამიყვანეთ - მე უკვე ვიწვნიე წამება და არაადამიანური მოპყრობა და უკვე ვერაფრით გამაკვირვებთ. უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია!“, - წერს მიხეილ სააკაშვილი.