მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბოლო წელის ყველაზე ამბიციური დოკუმენტია

მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი ბოლო წელის ყველაზე ამბიციური დოკუმენტია

2022 წლის ბიუჯეტის პროექტი იმაზე მნიშვნელოვანი დოკუმენტი აღმოჩნდა, ვიდრე ცოტა ხნის წინ ვარაუდობდნენ. ეკონომიკური პარამეტრებისა და პრიორიტეტების მიხედვით, იგი ბოლო წლებში ყველაზე საყურადღებოა. იმ შემთხვევაში თუკი განსაზღვრული გეგმები შესრულდა, მაშინ ქვეყანა გარკვეულ საფეხურზე გადაინაცვლებს.

როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ქვეყნის ეკონომიკის მთლიანი მოცულობა მომდევნო წელს იქნება 65 მილიარდი ლარი. ეს ნიშნავს, რომ ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მშპ 5 500 დოლარს გადააჭარბებს, რაც ისტორიული მაქსიმუმია.

მთავრობის პროგნოზით, წლის ბოლოს საქართველო ორნიშნა ეკონომიკურ ზრდაზე გავა, რისი საშუალებითაც წელს პირველად დამტკიცებულ ვარიანტთან შედარებით, ბიუჯეტი 1 მილიარდ 310 მილიონი ლარით გაიზარდა. რაც შეეხება საგარეო ვალს, პრემიერის განცხადებით, 2022 წელს მშპ-სთან მიმართებით, 60%-დან 51,1%-მდე შემცირდება.

დაპირების შესაბამისად, მომავალი წლის ბიუჯეტი ითვალისწინებს საჯარო სექტორში ხელფასების მატებას, დაახლოებით, 10%-ის ოდენობით. ამასთან, 2022 წლის იანვრიდან 70 წლამდე პირთა პენსია 260 ლარი, 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის კი 300 ლარი იქნება. მაღალმთიან დასახლებებში პენსიის მოცულობა 70 წლამდე ასაკის პირთათვის შეადგენს 312 ლარს, ხოლო 70 წლის და მეტი ასაკის პირთათვის - 360 ლარი იქნება. გარდა ამისა, ომში მონაწილე ვეტერანთა ყოველთვიური 22 და 44-ლარიანი დახმარება 100 ლარამდე იზრდება. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ 2022 წლის ბიუჯეტში დევნილებისთვის საცხოვრებელი სახლების ასაშენებლად 114 მილიონი ლარია გათვალისწინებული, მეწარმეობის განვითარებაზე - 273.5 მლნ ლარამდე; ერთიანი აგროპროექტისთვის -261.7 მლნ ლარი.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი ირაკლი ზარქუა, რომლის შეფასებითაც, ბიუჯეტის ზრდა სწორი ეკონომიკური პოლიტიკური შედეგია, ხოლო რეგიონების განვითარება მთავრობისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგიონების განვითარებას მთავრობა დიდ ყურადღებას აქცევს. ფონდი 300 მილიონით განისაზღვრა, რომელიც დაიხარჯება რეგიონებში, მათი ინფრასტრუქტურისთვის და სხვა საჭიროებებზე. მნიშვნელოვანია „აწარმოე საქართველოს“ ფაქტორი კომპონენტების მიმართულებით, ბიზნესის მხარდაჭერის ნაწილში. მეტი შესაძლებლობა უნდა მიეცეს ადგილობრივ თვითმმართველობებს, რეგიონებს, მუნიციპალიტეტებს, რომ ის გამოწვევები რაც აქვს ინფრასტრუქტურის კუთხით, წყალმომარაგების ნაწილში, ბიზნესის მხარდაჭერის მხრივ რომ გვერდში დავუდგეთ“, - განაცხადა ზარქუამ.

მთავრობის მიერ საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება ინვესტორებისა და ბიზნესისთვის ნამდვილად გზავნილია, რომ 2022 წელს ეკონომიკის მთავარი წარმმართველი ძალა, სწორედ კერძო სექტორი იქნება. ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის თქმით, საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება გულისხმობს, რომ ქვეყანა მაქსიმალურ ყურადღებას აქცევს მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, რაც, საბოლოო ჯამში, მთავარი მესიჯია იმ მიმართულებით, რომ წარმმართველი როლი ეკონომიკაში კერძო სექტორს უნდა ჰქონდეს.

„მომავალი წლის ბიუჯეტში გამოვყოფდი ორ მთავარ მიმართულებას. პირველი ესაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარების წამახალისებელი სტიმულები, როგორიც არის სხვადასხვა პროგრამები სამეწარმეო მიმართულებით და ასევე, კაპიტალური ხარჯების მნიშვნელოვანი ზრდა. სწორედ კაპიტალურ ხარჯებზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული როგორი ზრდა ექნება ქვეყანას, იმიტომ, რომ ერთ-ერთი ყველაზე დიდი კონტრიბუცია შეაქვს ეკონომიკურ ზრდაში. ამ მიმართულებით, კაპიტალური ხარჯები გვაქვს 9,1% მშპ-სთან მიმართებით, რაც არის ისტორიული მაქსიმუმი, რაც კი წინა წლებში ჰქონია ქვეყანას.

ძირითადი ნაწილი მოიცავს საგზაო ინფრასტრუქტურას, რეგიონალურ და მუნიციპალურ ინფრასტრუქტურას და წყალმომარაგების სისტემის აღდგენა-რეაბილიტაციას. შესაბამისად, ცალსახად იკვეთება ის, რომ ეკონომიკური ზრდა 2022 წლის ბიუჯეტის მნიშვნელოვანი მიმართულებაა. გარდა ამისა, არის სოციალური მიმართულება და მატება გათვალისწინებულია, როგორც პენსიების, ისე სოციალური და მიზნობრივი დახმარებების ნაწილში“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა.

2022 წლის ბიუჯეტის პარამეტრებს დადებითად აფასებენ სპეციალისტებიც. ეკონომიკის ექსპერტის ანდრია გვიდიანის აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტის 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე დაგეგმვა საკმაოდ ამბიციური გეგმაა.

„პანდემიის გამო ბევრი მაკროეკონომიკური პარამეტრი დაზიანდა, მოგვიწია საგარეო ვალების აღება, მოგვიწია ბიუჯეტის დეფიციტის გაზრდა და ა.შ. ანუ ბევრმა მაკროეკონომიკურმა პარამეტრმა განიცადა დეგრადაცია, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ მაკროეკონომიკური სტაბილურობა პანდემიამდელ ნიშნულს დაუბრუნდეს.

გაისად დაგეგმილია 6%-იანი ზრდა, რაც საკმაოდ პოზიტიურია. ეს იმაზე მაღალი პროგნოზია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებს აქვთ გაკეთებული. ვიტყოდი, რომ საკმაოდ ამბიციური გეგმაა მთავრობის მხრიდან. თუ ასეთი მაჩვენებელი დაფიქსირდება, სხვა მაკროეკონომიკური პარამეტრები, რა თქმა უნდა, დასტაბილურდება.

ამავდროულად, მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა ინარჩუნებს კაპიტალური ხარჯების მაღალ მაჩვენებელს, 9.1%-ს, სწორედ ეს არის სწრაფი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელი ფაქტორი. ასეთი მაღალი კაპიტალური ხარჯები ძალიან ცოტა ქვეყანაშია. ეს ადასტურებს, რომ მთავრობის პოლიტიკა და მიდგომები მაღალ ეკონომიკურ ზრდაზეა ორიენტირებული. მნიშვნელოვანია, რომ მთელი სახელისუფლებო ვერტიკალი ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანდეს“, - აღნიშნა ექსპერტმა.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტისთვის ისაა, რომ 5 წლის შემდეგ, როგორც იქნა, იზრდება საჯარო მოსამსახურეთა ანაზღაურება. მართალია, ეს ნახტომისებური მატება არ არის, თუმცა აუცილებელი პრცენდენტია. გარდა ამისა, ძალიან საყურადღებოა საგარეო ვალის შემცირების კომპონენტი, რომელიც საგრძნობლად მცირდება მშპ-თან მიმართებაში.

პროფესორი ვახტანგ ჭარაია სწორედ ამ გადაწყვეტილებაზე ამახვილებს ყურადღებას.

„არ ვიცი რამდენად ოპტიმალურია ეს თანხა, რასაც ფინანსთა სამინისტრო მომავალ წელს დაფარავს საგარეო ვალში, მაგრამ მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვენი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ისე იყოს დაბალანსებული, რომ მან ინფლაციაზე მინიმალური ზეწოლა იქონიოს. ამიტომ საჭიროა ფინანსთა სამინისტრომ მაქსიმალურად ოპტიმალურად გადაანაწილოს ეს თანხები და პლუს ხელი შეუწყოს სხვადასხვა სამინისტროების გავლით ეკონომიკურ ზრდას. მთლიანობაში ბიუჯეტი საკმაოდ დაბალანსებულია. ის რაც აქ არის ჩამოთვლილი, სავსებით აკმაყოფილებს იმ მოთხოვნებს, რაც დღეს საზოგადოებაში არის“, - აცხადებს ვახტანგ ჭარაია.

რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის განცხადებას მშპ-ს ზრდასთან დაკავშირებით, ვახტანგ ჭარაია ამბობს, რომ ეს პოზიტიურად აისახება ეკონომიკის ზრდაზე.

„მშპ-ს ზრდა პოზიტიური და საინტერესოა მიღწევაა, უბრალოდ ერთს დავამატებდი, ესეც პოზიტიურად აისახება ჩვენს ეკონომიკაზე, მაგრამ პრობლემა დღემდე სამწუხაროდ არის ინკლუზიურობა, საზოგადოების დაბალი ჩართულობა. ძირითადად, ჩვენი ეკონომიკა გენერირდება სულ რამდენიმე დარგიდან, ეს შეიძლება იყოს საბანკო სექტორი, სხვადასხვა წიაღისეულის მოპოვება, ტურიზმი, რაც სამწუხაროდ მნიშვნელოვნად არის დაკლებული პანდემიის გამო.

არეალის გაფართოება გვჭირდება. პრემიერმა აგრეთვე ისაუბრა, რომ ინოვაციური და აიტი სფეროში აპირებს გარკვეული ნაბიჯების გადადგმას და ახალი ადგილების ამ სექტორში შექმნას. ეს იქნება ძალიან კარგი და ჩვენი ეკონომიკის დივერსიფიცირების შესაძლებლობას მოგვცემს“, - დასძინა ჭარაიამ.