სასმელი, რომელიც ალკოჰოლზე მეტია

სასმელი, რომელიც ალკოჰოლზე მეტია

უმეტეს სლავურ ენაზე “ვოდკა“ წყალს ნიშნავს (ზოგჯერ ის იწერება როგორც “ვოდა"“, თუმცა გამოითქმის როგორც “ვოდკა“). სიტყვა “ვოდკას“, პირდაპირი მნიშვნელობა ასეთია “ძვირფასი პატარა წყალი“ – ასე შეერქვა სახელი ამ კამკამა, უგემურ სპირტიან სასმელს, რომელიც ჰარმონიულად უთავსდება თითქმის ყველანაირ სასმელს.

 

ვისკის ისტორიის მსგავსად, არყის შექმნის ისტორიაც ბუნდოვანია. არყის დამზადების  მეთოდის აღმოჩენას იჩემებენ რუსებიც და პოლონელებიც. მათ სხვებიც უერთდებიან. აღმოსავლეთ ევროპის რუკა თანდათან იცვლება და შესაძლოა სხვა ერებმაც დაიჩემონ არყის გამომგონებლობა. ერთი რამ ცხადია: არაყი შეიქმნა ჩრდილოეთGან აღმოსავლეთ ევროპაში და რამდენიმე წყარო გვაუწყებს, რომ ის რუსეთში XIV საუკუნეში გამოჩნდა.

 

ამერიკელებმა თითქმის არაფერი იცოდნენ მის შესახებ 1930-იან წლებამდე. მათი ცოდნა რუსული რომანებითა და მეფის რუსეთზე გადაღებული ფილმებით შექმნილი წარმოდგენით შემოიფარგლებოდა. II მსოფლიო ომამდე მომხმარებელმა თითქმის არაფერი იცოდა ამ სასმელზე.

 

ალკოჰოლი ყოველთვის დიდ როლს თამაშობდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ცხოვრებაში. მის გავლენას შეგვიძლია მივაკვლიოთ 988 წელსაც კი! იმ წელს კიევის დიდ პრინცს ელჩებმა მოახსენეს, რომ ისლამი ძლიერი სასმელის დალევას კრძალავდა. შედეგად პრინცი ქრისტიანად მოინათლა და მას ბიზანტიიდან, მართლმადიდებლების ცენტრიდან, ღვინის დიდძალ მარაგს უგზავნიდნენ.

აღმოსავლეთ ევროპელები არ დააკმაყოფილა ფერმენტირებულმა ღვინომ. მათ აღმოაჩინეს, რომ ქვეყნის ამ ნაწილის ტემპერატურის წყალობით უფრო ძლიერალკოჰოლური სასმელის დამზადება შეეძლოთ.

 

1540 წელს რუსეთის მეფემ, ივანე მრისხანემ სადისტილაციო ტავერნების ქსელი ჩამოაყალიბა და იზრუნა, რომ მიღებული მოგება პირდაპირ იმპერიის ხაზინაში შესულიყო. მან კანონგარეშედ გამოაცხადა ტავერნები, რომლებიც მის კონტროლს არ ექვემდებარებოდა და პოტენციურ მეტოქეებს აუკრძალა არყის გამოხდა. მეფისთვის არისტოკრატთა მხარდაჭერა მუდამ საჭირო იყო, სწორედ ამიტომ მათ არყის გამოხდის ნება დართო.

 

ხალხი ვერ შეაშინა დაწესებულმა აკრძალვებმა და მოსალოდნელმა მკაცრმა სასჯელმა. მომდევნო საუკუნეშიც გაგრძელდა არყის მალულად გამოხდა. ამავე დროს მეფის ტავერნები გაიფურჩქნა და მათი რიცხვი ძალიან გაიზარდა. რუსეთში XVII საუკუნის ბოლოს ჩასული სტუმარი აღნიშნავდა, რომ ტავერნების რაოდენობა აბანოების რიცხვს აჭარბებდა.

 

კანონების მეშვეობით მონოპოლია არაყზე ძლიერდებოდა, თუმცა არისტოკრატები, აზნაურები და სახელმწიფო მოხელეები შეღავათებით სარგებლობდნენ და უფლება ჰქონდათ, გამოეხადათ არაყი. ასე რომ, გარდა სოციალური როლისა, არაყს მნიშვნელოვანი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა რუსეთში.

XVII საუკუნის დასაწყისიდან ჩვეული გახდა არყის მორთმევა რუსეთის იმპერიულ ბანკეტებზე. ყველა ოფიციალური სადილი პურითა და არყით იწყებოდა. არაყს სვამდენენ რელიგიურ დღესასწაულებზე და საეკლესიო რიტუალების დროს. მასზე უარის თქმა დიდი სირცხვილი იყო.

 

პეტრე დიდი, რომელიც 1689 წლიდან 1721 წლამდე რუსეთის მეფე იყო, ცნობილი გახლდათ სტუმართმოყვარეობითა და სასმელის სიყვარულით. მის მიერ გამართულ ბანკეტებზე დიდი რაოდენობით იყო მისი საყვარელი სასმელი, არაყი.

მოსკოვის გუბერნატორმა გაწვრთნა უზარმაზარი დათვი და ასწავლა სტუმრებისთვის არყის მირთმევა. თუკი ვინმე სასმელზე უარს ეტყოდა, დათვი მას ტანსაცმელს აგლეჯდა.

 

არყის დამზადება პოლონეთში გაცილებით ადვილი იყო. მხოლოდ რამდენიმე ოფიციალური შეზღუდვა არსებობდა. მართლაც, 1546 წელს, მეფე ჯან ოლბრეხტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც ყველა მოქალაქეს ჰქონდა არყის დამზადების უფლება.

 

შედეგად ბევრმა ოჯახმა დაიწყო არყის გამოხდა და XVI საუკუნისთვის პოლონეთში, მარტო ქალაქ პოზნანში უკვე 49 არყის მწარმოებელი იყო.

მომდევნო საუკუნეების მანძილზე არყის გამოხდა და მოხმარება პოლონეთის საზოგადოების ყველა ფენაში დამკვიდრდა. პოზნანი დღესაც არყის წარმოების ძირითადი ცენტრია პოლონეთში.

 

დისტილაციის მთავარი ამოცანა ფერმენტირებულ სითხეში წყლისა და ალკოჰოლის დაცალკევებაა. წყალი უფრო მაღალ ტემპერატურაზე იყინება, ვიდრე ალკოჰოლი, ამიტომ აღმოსავლეთ ევროპელებს ზამთრის თვეების განმავლობაში ფერმენტირებული სითხის გაყინვით შეეძლოთ ალკოჰოლის გამოცალკევება. შედეგად იღებდნენ ფერმენტირებულ სითხეზე ძლიერ სასმელს. ასეთი იყო ძლიერი სპირტიანი სასმელის დამზადების ადრეული მეთოდი აღმოსავლეთ ევროპაში. დასავლეთიდან მხოლოდ XV საუკუნეში გავრცელდა დისტილაციის ახალი მეთოდები. XV საუკუნიდან მოყოლებული XIX საუკუნის შუამდე ყველა არაყი სახდელ ქვაბში მზადდებოდა და ამისთვის ადგილობრივი რესურსები _ ხორბალი, ქერი, ჭვავი, პამიდორი და ბრინჯი გამოიყენებოდა.

 

ბადაგი შემდეგნაირად მზადდებოდა: ყურძენს ადუღებდნენ, რათა მიეღოთ შაქრად გადასაქცევი სახამებელი. დისტილაციამდე ტკბილი ლიქიორი ბუნებრივად უნდა დადუღებულიყო. თანდათან აღმოსავლეთ ევროპაში დაიხვეწა არყის წარმოება. თავიდან არაყს მხოლოდ ერთხელ ხდიდნენ, მაგრამ გამომხდელებმა ნელ-ნელა შეიტყვეს რამდენჯერმე გამოხდის უპირატესობები.

 

რამდენჯერმე გამოხდის შედეგად სპირტიანი სასმელი უფრო ძლიერი და სუფთაა. აღმოსავლეთ ევროპელებმა ფილტრაციის მეთოდიც აითვისეს და არაყიც უფრო სუფთა გახდა. დასაწყისში სასმელს მდინარის ქვიშით ან ფეტრით ფილტრავდნენ, XVIII საუკუნის ბოლოს კი ამისათვის ნახშირის გამოყენება დაიწყეს. დღემდე მისდევენ იმ დროს დამკვიდრებულ გაფილტვრის სტანდარტებს.

გასულ საუკუნეში უწყვეტი სახდელი აპარატის გამოგონების წყალობით გამომხდელებმა შეძლეს უფრო მაგარი არყის დამზადება.

 

არაყთა უმეტესობა უფეროა და მხოლოდ სპრიტის სუფთა არომატი აქვს. ის მსუბუქი და ოდნავ ზეთოვანია. სხვადასხვა ბრენდს სხვადასხვა დამახასიათებელი თვისება აქვს და ზოგიერთის წარმოება საუკუნეების წინ დაიწყო.

 

აღმოსავლეთ ევროპაში არომატული არყის დამზადების დიდი ტრადიციაა. ტრადიცია სათავეს იმ დროიდან იღებს, როდესაც არაყი ოჯახებში მზადდებოდა და მას სხვადასხვა მცენარეულით თუ ხილით აძლევდნენ არომატს.