„ინტერისა“ და დანიის ნაკრების ნახევარმცველმა კრისტიან ერიქსენმა თავისი ყოფილი კლუბის, „ოდენსეს“ ბაზაზე ინდივიდუალური ვარჯიში განაახლა. ამის შესახებ SkySports-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, 29 წლის ფეხბურთელი კლუბის ხელმძღვანელობას, რომელშიც ბავშვობაში, 2005-2008 წლებში თამაშობდა, თავად დაუკავშირდა და ბაზაზე ვარჯიშის ნებართვა ითხოვა.
იტალიელმა მედიკოსებმა ერიქსენს სერია ა-ში თამაში აუკრძალეს, რადგან ევროპის ჩემპიონატზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ მას კარდიოვერტერ დეფიბრილატორი ჩაუდგეს. ლიგის წესები კი ამ მოწყობილობით თამაშს კრძალავს. „ინტერის“ ხელმძღვანელობამ ასევე აღნიშნა, რომ მზად არის დანიელი კლუბიდან გაუშვას.
„ევრო 2020“-ის რიგით მე-3 მატჩში დანია ფინეთს მასპინძლობდა, როცა პირველი ტაიმის მიწურულს გაურკვეველი ინციდენტი მოხდა და ერიქსენი მიწაზე დაეცა. მას სამედიცინო დახმარებას მოედანზე 15 წუთის განმავლობაში უწევდნენ. მოგვიანებით გაირკვა, რომ ფეხბურთელს გული გაუჩერდა. ერიქსენი კლინიკიდან 18 ივნისს გაწერეს.