ინფორმაციამ სამხრეთ აფრიკაში კორონავირუსის ახალი შტამის გაჩენის თაობაზე ნავთობის გლობალური ბაზრები ჩამოშალა. ერთი ბარელის ღირებულება უკვე ჩამოსცდა 70 დოლარს და გაიაფების ტენდენცია შეუქცევადია. მიუხედავად იმისა, რომ პროცესი უკვე კარგა ხანია გრძელდება, საქართველოში სრული უძრაობაა. არადა, ასეთი მკვეთრი ვარდნის ფონზე, ადგილობრივი ბაზარზე ფასების კორექტირება უკვე უნდა მიმდინარეობდეს.
კოვიდის ეს სახეობა დღემდე არსებულებზე უფრო საშიშია, მათ შორის იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ არსებული ვაქცინების ეფექტურობა ეჭვის ქვეშ დგას. ევროპის რამდენიმე სახელმწიფომ, მაგალითად, გერმანიამ, ნიდერლანდებმა, ბრიტანეთმა, ჩეხეთმა და ა.შ. უკვე შეზღუდეს საჰაერო მიმოსვლა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკასთან და კონტინენტის სხვა ქვეყნებთან. ავსტრიამ გამოაცხადა ლოკდაუნი, გერმანია ბოლო კვირებში დაინფიცირება ახალ რეკორდებს ხსნის. ეს ყოველივე საგრძნობლად ამცირებს მოთხვონას ნავთობპროდუქტებზე.
„რადგანაც ახალ შტამზე ბევრი არაფერი ვიცით, დღეს რაც ხდება არის კატა-თაგვობანა ვაქცინებს და კორონავირუსის სხვადასხვა შტამებს შორის“, - განაცხადა ანალიტიკური კომპანია „ოილითიქსის“ დირექტორმა კიშავ ლოიამ.
ამ ყველაფერმა შესაძლოა ეკონომიკური ვარდნა გამოიწვიოს. ბაზარი პანიკაშია და ნავთობის ფასი პირველ რიგში რეაგირებს. ამ ეტაპზე ინვესტორები ახალი შტამის თაობაზე ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მხრიდან სამედიცინო ექსპერტების დასკვნას ელოდებიან. ინვესტორები შეშფოთებულები არიან ახალი ლოკდაუნების შესაძლებლობით, რომლებიც ეკონომიკური აღდგენის შეფერხებას გამოიწვევენ.
ამასობაში მოახლოვდა „ოპეკი პლუსის“ სხდომის ჩატარებაც. მის ფარგლებში წევრ-ქვეყნებს ნავთობმოპოვების ზრდის გადაწყვეტილება უნდა მიეღოთ. აქამდე ინვესტორები თვლიდნენ, რომ კარტელის შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა იქნებოდა აშშ-ს და 5 მსხვილი მომხმარებელი ქვეყნის მიერ ნავთობის სტრატეგიული რეზერვების გახსნა. თუმცა, ეს საკითხი აშკარად მეორე პლანზე გადავა - ძირითადი საკითხი შეეხება კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებას და მის გავლენას მსოფლიო ეკონომიკის აღდგენაზე.
როდესაც მსოფლიოში ნავთობი და საწვავი თავბრუდამხვევი სისწრაფით იაფდება, საქართველოში „სამწუხარო ტრადიცია“ გრძელდება. არავის აქვს პასუხი, მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის ფასის კლების პარალელურადაც რატომ არ მცირდება საქართველოში საწვავის ფასი და რატომ არ ემორჩილება საერთაშორისო ბაზრის ტენდენციებს საქართველო.
მძღოლები საწვავის მაღალ ფასს დიდი ხანია ეწინააღმდეგებიან. პროტესტის ერთ-ერთი, ყველაზე მწვავე, ფორმა მათ მიერ „ვისოლის“ ბენზინგასამართ სადგურებზე საწვავის ჩასხმაზე უარის თქმა იყო. საწვავის ფასის ბოლოდროინდელი კლების მიუხედავად, მაღალ ფასში ლოგიკას ხედავს აფბას ვიცე-პრეზიდენტი, პაატა ბაირახტარი.
„ხშირად ამბობენ, რომ ნავთობის ფასი 80 დოლარის ზევით ადრეც ყოფილა და მაინც ასე არ გაძვირებულა საწვავი. ეს ლეგიტიმური კითხვაა და ამასაც აქვს მიზეზი. საქმე ისაა, რომ თუ გასულ პერიოდს გადავხედავთ, დავინახავთ, რომ 1 დოლარის ღირებულებაც არ ასულა 3-ლარიან ნიშნულს ზემოთ. დღეს კი უკვე ვხედავთ, რომ დოლარი სტაბილურად 3 ლარზე მეტი ღირს. ფაქტობრივად, ლარმა წონასწორობის ახალი ნიშნული იპოვა. სწორედ ესაა ადგილობრივ ბაზარზე საწვავის ასე კოლოსალურად გაძვირების მიზეზი.
თუ იმაზე ვსაუბრობთ, რა შეუძლია გააკეთოს ქვეყნის ეკონომიკურმა გუნდმა, რათა მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქოს, აქ ორი გამოსავალი არსებობს: პირველი - ეროვნული ვალუტის გარკვეული სტაბილიზაცია, რომლის რესურსიც, ღრმად ვარ დარწმუნებული, არსებობს.
მეორე გამოსავალი საგადასახადო ნაწილში „იმალება“. ჩვენ კარგად ვიცით, რომ აქციზის განაკვეთი ნავთობპროდუქტებზე 2017 წელს გადაიხედა: ბენზინის აქციზი გაორმაგდა, ხოლო დიზელის - გასამმაგდა. საქმე კი ის არის, რომ იმხანად ბიუჯეტში ერთჯერადი დეფიციტი გვქონდა, რაც გადასახადების ესტონურმა მოდელმა განაპირობა. ეს იყო ერთჯერადი საჭიროება. ამის შემდგომ შეგვეძლო აქციზის განაკვეთი ძველ ნიშნულზე დაგვებრუნებინა, რაც საწვავის ფასებს მნიშვნელოვნად შეამსუბუქებდა, მაგრამ ეს უკვე აღარ მოხერხდა. შესაბამისად, საქართველოში შედარებით იაფი საწვავი აღარ გვაქვს“, - განუცხადა „ბიზნეს-რეზონანსს“ ბაირახტარმა.