„ახლაც, რამდენიმე ათეული მომხრე შეიკრიბება და სულელურ განცხადებებს გააკეთებენ - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო...“

„ახლაც, რამდენიმე ათეული მომხრე შეიკრიბება და სულელურ განცხადებებს გააკეთებენ - წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო...“

2 დეკემბერს, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა გაიმართება. იმის მიხედვით, თუ რა ვიხილეთ პირველ სასამართლო პროცესზე, რომელიც 28 ნოემბერს ჩატარდა, რთული გამოსაცნობი არ არის, რა შეიძლება მოხდეს დღეს. ჩვენ ვიხილეთ, გარკვეული დაპირისპირება, ექსცესები და რამდენიმე ათეული დაკავებული პირი, მათ შორის ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, გიგი უგულავა.

ანალიტიკოსთა და პოლოტიკოსთა ნაწილი მიიჩნევს, რომ გარკვეული დაძაბულობის გარეშე არც მეორე სასამართლო სხდომა გაიმართება. ეს პროცესი ამჯერად მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრულ მეორე საქმეს შეეხება, - ე.წ. პიჯაკების საქმე და ამასთან დაკავშირებით ყოფილმა პრეზიდენტმა განცხადებაც გააკეთა - მან საკუთარ მომხრეებს სასამართლოსთან მისვლისკენ მოუწოდა. შესაბამისად, მოსალოდნელია, რომ დაპირისპირების გარეშე არც ეს დღე ჩაივლის.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ დიდ დაპირისპირებასა და სერიოზულ ექსცესებს ადგილი არ ექნება. როგორც მან აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი ვინმე წესს და კანონს დაარღვევს, მას შესაბამისი, სამართლებრივი პასუხიც გაეცემა.

„ამას ვერ დავარქმევდი სერიოზულ ინციდენტს, რამდენიმე ათეული ადამიანია, მისი თანაპარტიელი, რომლებიც მუდამ არიან დესტრუქციისთვის განწყობილები და თუ ისინი კიდევ დაარღვევენ კანონს, მიიღებენ ისეთივე ადეკვატურ პასუხს, როგორიც მიიღო გიგი უგულავამ, თამლიანმა, თუ სხვებმა, ვინც დაარღვია კანონი. ამიტომ, არავინ არავითარ არეულობას არ დაუშვებს, ვინც წესებს დაარღვევს, მიუჯდება გვერდით ბატონ სააკაშვილს.

ეს ადამიანი ჩემთვის არის აბსოლუტურად არაადეკვატური. როგორც ჩანს, განსაკუთრებით ციხეში მან საერთოდ დაკარგა ყოველგვარი აღქმის უნარი და მისი განცხადებებიც არის არასერიოზული. ეს არის კლოუნების დაჯგუფება. მისი მოწოდებაც არ არის ახალი. არახალი იყო ჩემთვის ის, რაც ისაუბრა, რადგან თვეებისა და წლების განმავლობაში იგივეს საუბრობდა სხვადასხვა ეთერებიდან, ახლა უბრალოდ, გისოსებს მიღმაა და იქიდან საუბრობს ზუსტად იგივეს.

ახლაც ასე იქნება, - რამდენიმე ათეული მომხრე შეიკრიბება და სულელურ განცხადებებს გააკეთებენ. წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო, ეს სიტუაციაა. ყველამ კარგად ვიცით, რომ უახლოეს დღეებში არაფერი ისეთი გლობალური არ მოხდება და ვერაფერს შეცვლის. ახალ წელს შეხვდება ციხეში. რამდენიმე დღის წინ მოვისმინეთ, რომ უცხო პლანეტელების მანქანა დგას მისი საკნის ქვეშ, რომელიც ასხივებს და კლავს. არასერიოზული ხალხია და ზუსტად ამიტომაც, არც სააკაშვილს და არც მის თანამოაზრეებს ფართო მხარდაჭერა საზოგადოებაში არ ექნებათ. საზოგადოებისთვის საერთოდ უინტერესოა მათი აქტივობები და მოწოდებები“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე ელოდება, რომ მსგავსი სახის დაპირისპირება, რაც 28 ნოემბერს აქციაზე ვიხილეთ, ასევე მოსალოდნელია 2 დეკემბერსაც. მისი თქმით, ამჯერად შესაძლოა, უფრო მეტი ადამიანი გამოვიდეს ქუჩაში, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის გასაპროტესტებლად.

„როგორც ადგილი ჰქონდა დაპირისპირებას პირველი სასამართლო სხდომის დროს, რომელსაც მიხეილ სააკაშვილი ესწრებოდა, ასევე შესაძლებელია, რომ მეორე სხდომის დროსაც ადგილი ჰქონდეს მსგავს დაპირისპირებას. ეს არის ის, რომ საპროტესტო ტალღა უნდა გაიზარდოს. მიხეილ სააკაშვილი უკანონო პატიმარია, არ უნდა იმყოფებოდეს ციხეში. აქედან გამომდინარე, ხალხმა უნდა გამოხატოს პროტესტი და აღნიშნული აიძულებს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ხალხის პოზიცია. რაღაც დროის განმავლობაში აიწევს ეს საპროტესტო აქციის მუხტი. როდესაც ბატონი სააკაშვილი დაესწრება სხდომას, ასე მგონია, რომ უფრო მეტი მომხრე გამოვა ქუჩაში“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს შემდეგ სასამართლო პროცესზე, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან შეკრებისა და აქციის გამართვისკენ რომ მოუწოდებს, ამის შესახებ განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა, კობა ნაყოფიამ გააკეთა.

მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის პროცესის პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან რაც უფრო მეტი ადამიანი მივა, მით უფრო ნაკლები იქნება სამართალდამცავების მხრიდან აგრესია.

„იუსტიციის სამინისტრო პრაქტიკულად დაემუქრა მიხეილ სააკაშვილს და მის მხარდამჭერებს, თუ აქციებს მოვაწყობთ სასამართლოსთან, მას ისევ გლდანის ციხეში გადაიყვანენ. მიუხედავად ამისა, სააკაშვილი მოუწოდებს მხარდამჭერებს, რომ მოვიდნენ, აქცია გამართონ. როდესაც სააკაშვილს სასამართლოზე ასამართლებდნენ, ვნახეთ, როგორ არბევდნენ სამართალდამცავები მშვიდობიანად მოსულ ადამიანებს, როგორ ასხამდნენ წიწაკის სპრეებს და ასე შემდეგ. ამიტომ რაც უფრო მეტი ვიქნებით და მეტი ხალხი მივა, მით უფრო ნაკლები იქნება მათი აგრესია. ამიტომ მიხეილ სააკაშვილი მომხრეებს მოუწოდებს, ისინი აუცილებლად მოვიდნენ შემდეგ სასამართლო პროცესზე“, - განაცხადა ნაყოფიამ.

მისი თანაპარტიელი, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ჩამოსვლით მოქალაქეებს აჩვენა, თუ როგორ უნდა იბრძოლო ქვეყნის გადასარჩენად. ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა ასევე ისაუბრა ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო გათავისუფლების საკითხზეც:

„ის იკავებდა თანამდებობას უკრაინაში. ის მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში გადაადგილდებოდა. მან ეს ნაბიჯი გადადგა იმიტომ, რომ აჩვენა ჩვენს მოქალაქეებს, როგორ უნდა იბრძოლო იმისათვის, რომ ქვეყანაში ცვლილებები განახორციელო. რაც შეეხება მის მოწოდებას, რომ ყველამ უნდა იაქტიუროს, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ შორის სოფლებში, დაბებში და ყველგან, სადაც რაიმე საჯარო დაწესებულებაა, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მოსახლეობის უმრავლესობამ გამოთქვას პროტესტი და მათ შორის იყვნენ თვითორგანიზებული, ასეთი იყო იყო სააკაშვილის მოწოდება.

რაც შეეხება იმას, თუ როგორ დავიცავთ სააკაშვილს, შევახსენებთ, „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ არ გვყავდა პოლიტპატიმრები, მაგრამ მერე ხელი მოაწერა, რომ გვყავდა. ისინი ამბობდნენ, რომ უგულავა ციხიდან არ გათავისუფლდება, მაგრამ მოუწიათ გათავისუფლება. ისინი ამბობდნენ, რომ ოქრუაშვილი არ გათავისუფლდება, ასევე იყო რურუას შემთხვევაშიც, ამიტომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე საზოგადოებასთან ერთად მივაღწევთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

 

trampi გაიტანეთ ეს ჩიტიძე--გრენლანდია.....გაიტანეთ

ბიჯოოოს!!!
2 წლის უკან