„7 ნოემბერთან დაკავშირებით მტკიცებულებები რომ არ არსებობდეს, დღეს სააკაშვილი ბრალდებული არ იქნებოდა“

„7 ნოემბერთან დაკავშირებით მტკიცებულებები რომ არ არსებობდეს, დღეს სააკაშვილი ბრალდებული არ იქნებოდა“

საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საკუთარ სასამართლო პროცესზე 50-დღიანი „შიმშილობის“ შემდეგ წარსდგა და საათი და 20 წუთიანი მონოლოგიც წაიკითხა. ქვეყნის ყოფილმა მთავარსარდალმა საკუთარი დანაშაულები თანაგუნდელებს გადააბრალა. როგორც მან განაცხადა, 7 ნოემბრის მოვლენებს ტელევიზიით ადევნებდა თვალს და დარბევის დირექტივა არ გაუცია, ხოლო სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეს კი „გირგვლიანის საქმის“ პიარი უწოდა. მან ასევე უნდობლობა გამოუცხადა მის მიერ შექმნილ სასამართლო სისტემას, ხოლო ძალოვან სტრუქტურას კი სამარცხვინო უწოდა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე წარმოთქმული სიტყვა for.ge-სთან მმართველი გუნდის წევრმა გივი მიქანაძემ შეაფასა.

მიხეილ სააკაშვილმა 7 ნოემბრის საქმეზე განაცხადა, რომ რუსთაველზე მიმდინარე დარბევას ტელევიზიით ადევნებდა თვალს, პროცესებს კი შს მინისტრი მართავდა და დირექტივა მას არ გაუცია. რატომ შეაწმინდა სააკაშვილმა ხელი ვანო მერაბიშვილს? ეს ხომ არ ნიშნავს, რომ თანაგუნდელებს წირავს?

- მიხეილ სააკაშვილმა საბოლოოდ დაადასტურა, რომ ის არაფერს ნანობს. ის სისტემური დანაშაული, რომელიც მან ჩამოაყალიბა ქვეყანაში და, რომელიც ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფაზე იყო ორიენტირებული, თურმე არ ყოფილა დანაშაული და თურმე მას ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. ის ფარსი, რომელიც მან რამდენიმე თვის წინ თავის ვიდეორგოლში გაავრცელა, თითქოს და ინანიებს იმ ქმედებებს, რომელიც მისი ხელისუფლების პერიოდში განხორციელდა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ტყუილია.

რაც შეეხება 7 ნოემბერთან დაკავშირებულ მის გამოსვლას, შესაბამისი მტკიცებულებები რომ არ არსებობდეს, დღეს სააკაშვილი ბრალდებული არ იქნებოდა. კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რომელიც სასამართლო პროცესის დროს პროკურატურის მიერ წარმოდგენილი იქნება. სწორედ, მაშინ გამოვლინდება რამდენად ჰქონდა იმ პროცესებთან კავშირი. რა თქმა უნდა, ის სამი მოსამართლე, რომელიც ამ საქმეს სწავლობს, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ახლა რისი თქმაც შეგვიძლია, ის არის, რომ სააკაშვილი საკუთარი ინტერესების გამო, თანაგუნდელების გაწირვასაც არ ერიდება. ეს მისი ჩვეული მოქმედების ხასიათია, რომელიც საზოგადოებას არაერთხელ უნახავს. ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ სააკაშვილი არ შეცვლილა. ის დარჩა ისევ ისეთი, როგორიც იყო 2013 წლამდე, როდესაც ხელისუფლებას მართავდა. ამ ადამიანისგან რაიმე მონანიებაზე საუბარი ზედმეტია.

„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დასრულების ერთ-ერთი ფაქტორი გახდა სანდრო გირგვლიანის მკვლელობა. ექს-პრეზიდენტმა სანდრო გირგვლიანის მკვლელობას „გირგვლიანის საქმის“ პიარი უწოდა...

- ეს არის შეურაცხყოფის მიყენება არამარტო კონკრეტული ოჯახის მიმართ, არამედ მთელი საზოგადოების მიმართ. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმაც გირგვლიანის საქმე ძალიან კარგად იციან და ასევე ძალიან კარგად იციან, რა წვლილი მიუძღვის სააკაშვილის ხელისუფლებას ამ საქმეში. სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ამ საქმესთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო. ამის იქით საუბარი უკვე უხერხულია, გამომდინარე იქიდან, რომ ყველაზე მაღალმა ინსტანციამ დაადგინა, თუ რაოდენ უხეშ დარღვევას ჰქონდა ადგილი ადამიანის სიცოცხლის მოსპობის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის კუთხით ხელისუფლების წარომადგენელთა მხრიდან. ხელისუფლების პირველი პირი, რომელმაც სადამსჯელო სისტემა შექმნა, ამბობს რომ არანაირი გირგვლიანის საქმე არ არსებობს და ეს არის მხოლოდ პიარულად გაკეთებული ღონისძიება, აქ უკვე კომენტარიც კი ზედმეტია. ეს ადამიანი ამ საკითხს უდგება როგორც პიარულ საკითხს და არა იმ ტრაგედიას, რომელიც კონკრეტულ ოჯახს შეეხო.

მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მისი შეცდომაა, რომ დამოუკიდებელი სასამართლო ვერ შექმნა. რატომ აქვს მის მიერ შექმნილი სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობა?

- მას ზუსტად აქ აქვს გათვლა - ცდილობს აჩვენოს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის. თავის დროზე, როდესაც ის იძახდა რომ სასამართლო სისტემა დამოუკიდებელიაო, ამას იმიტომ ამბობდა, რომ მაშინ ის ხელისუფლებაში იყო. ახლა, მას უნდა წარმოაჩინოს, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არაა - ზუსტად ამ კონტექსტში ამბობს, რომ ეს სასამართლო იმ სასამართლოს გაგრძელებაა და მისი შეცდომა იყო, რომ სამართლიანი სასამართლოს უზრუნველყოფა ვერ მოახდინა. ვფიქრობ, ამით მას შორს მიმავალი გათვლები აქვს. მან ძალიან კარგად იცის, რომ კონკრეტული მტკიცებულებები არსებობს, რომლითაც ის მხილებული იქნება დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. მას უნდა, წინასწარ შექმნას ისეთი ფონი, რომ სასამართლო დამოუკიდებელი არ არის, თითქოს სასამართლო მის საკითხს დამოუკიდებლად არ იხილავს და ამიტომ მის მიმართ გადაწყვეტილება თუკი გამამტყუნებელი დადგება, შესაბამისად, ეს სწორედ იმის დადასტურებაა, რომ მან ჯერ კიდევ თავის დროზე ვერ მოახერხა სამართლიანი სასამართლოს ჩამოყალიბება.

სასამართლოს გარდა, მან ძალოვანი სტრუქტურაც დააკნინა, როდესაც განაცხადა, რომ ის ინტერპოლის მაღალჩინოსანს ესაუბრა და მას უთხრეს, რომ საქართველოს „სამარცხვინო პროკურატურა“ ჰყავს. ამ შემთხვევაში, ის ისევ მის თანაგუნდელის მიერ შექმნილ ძალოვან სტრუქტურას აკნინებს? და ისევ თანაგუნდელებს აყენებს შეურაცხყოფას?

- ეს არის მის მხრიდან გაკეთებული განცხადება, რომლითაც ცდილობს შეუარცხყოფა მიაყენოს მთელ ძალოვან სტრუქტურას. მან ძალიან კარგად იცის დღევანდელი პროკურატურა კონკრეტული ფაქტებით მოქმედებს, განსხვავებით მისი და ადეიშვილის დროინდელი პროკურატურისგან. მათი პროკურატურა ძირითადად აღიარებით ჩვენებებზე იყო დამოკიდებული. სასამართლოში გამამართლებელი პროცესი 0.01% იყო ხოლმე. უმეტესობა გადაწყვეტილებების გამამტყუნებლი იყო და ამ გადაწყვეტილებების დიდი ნაწლი აღიარებით ჩვენებებს ეყრდნობოდა. ძალიან უხერხულია პარალელის გავლება მაშინდელი და ახლანდელ პროკურატურებს შორის. როგორც წინა კითხვაზე გიპასუხეთ, ახლაც გეტყვით, რომ ის არ ერიდება და ცდილობს, მთელი მისი დანაშაულებები, საკუთარ თანაგუდნელს ვანო მერაბიშვილს გადააბრალოს. ამიტომ, ეს ადამიანი არ იცვლება და რჩება როგორიც იყო. მისი მცდელობაა, რომ როგორმე ხელისუფლება დაიბრუნოს და ის პოლიტიკა გაატაროს, რომელსაც 2012 წლამდე ატარებდა.

საზოგადოებამ დაინახა, რომ ჯანმრთელობის მხრივ საკმაოდ კარგად გამოიყურება. 50 დღიანი შიმშილობის მიუხედავად, ერთი საათი ფეხზე იდგა და სიტყვით გამოდიოდა. თქვენი აზრით ექს-პრეზიდენტი კიდევ უნდა იყოს გორის სამხედრო ჰოსპიტალში?

- გორის ჰოსპიტალში როდემდე იქნება, ზუსტად ვერ გეტყვით, აღნიშნული საკითხი ჩემს კომპეტენციაში არ შედის. ეს ძირითადად ექიმების გადასაწყვეტია. თუმცა, ის რომ თვალშისაცემია მისი ფიზიკური მდგომარობა, თუნდაც ის, რომ 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, ერთი საათის განმავლობაში არ დამჯდარა, ისე საუბრობდა, ალბათ, ლოგიკურად რომ ვიაზროვნოთ, შეუძლებელია. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმ სიცრუეზე, რომელსაც მისი ე.წ. პირადი ექიმი და ე.წ. ადვოკატები ავრცელებდნენ, თურმე წუთები თუ არა საათები დარჩა, ვიდრე კომაზოტურ მდგომარეობაში ჩავარდებოდა. ამის საპირისპიროდ უცბათ ვნახეთ, რომ მე-12 დაწესებულებიდან მე-18 დაწესებულებაში როდესაც გადაჰყავდათ, ის ყოველგვარი დახმარების გარეშე საკუთარ ნივთებს აწყობდა, საკუთარი ფეხით ჩაჯდა მანქანაში და შემდომში, როდესაც მე-18 დაწესებულებაში მივიდა, ძალიან ენერგიულად იყო, როცა შეურაცხყოფას აყენებდა იქაურ პერსონალს. კიდევ ერთხელ იკვეთება ის გარემოება, მისი შიმშილობა არის ფეიკ-შიშლობა. ადამიანი, რომელიც 50 დღე შიშილობს, ასე მხნედ, ლოგიკურად, ვერ უნდა გამოიყურებოდეს.