„სააკაშვილი ყველა წაყენებული ბრალდებიდან რომ უდანაშაულოდ ცნონ, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა ითვალისწინებს პატიმრობას“

„სააკაშვილი ყველა წაყენებული ბრალდებიდან რომ უდანაშაულოდ ცნონ, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთა ითვალისწინებს პატიმრობას“

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარება და უსაფრთხოების გარკვეული პრობლემები არ იძლეოდა იმის საშუალებას, რომ მიეყვანათ სასამართლო პროცესზე“, - ეს არის ოფიციალური ინფორმაცია. მაინც და მაინც დიდი ნდობა არ მაქვს იმ განცხადებების, რომელსაც აკეთებენ მისი პირადი ადვოკატები და ექიმი. ჩემი დაკვირვებით, ისინი ბევრ რამეს ამბობენ პოლიტიკური კონიუნქტურიდან გამომდინარე და სააკაშვილის დავალებით“, - განაცხადა For.ge-სთან ანალიტიკოსმა, ზაალ ანჯაფარიძემ.

როგორ ფიქრობთ, რატომ ერიდებიან ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას სასამართლო სხდომაზე?

- ამ შემთხვევაში გვაქვს სამედიცინო კონსილიუმების დასკვნა, რომ სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა აძლევს საშუალებას, დაესწროს პროცესს. ეს უკვე პლუსია იმის სასარგებლოდ, რომ ის იყოს წარმოდგენილი პროცესზე. ხელისუფლებას რა პოზიცია ექნება, რთული სათქმელი, მაგრამ რადგან ექიმები ამბობენ, რომ მას შეუძლია ამის გაკეთება, თანაც, ეს არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, ვთვლი, რომ ამ მხრივ, ეს საკითხი მეტ-ნაკლებად გადაწყვეტილია.

თქვენი აზრით, არსებობს თუ არა, რაიმე ტიპის საფრთხე, თუკი მიხეილ სააკაშვილს სასამართლო დარბაზში გადაიყვანენ?

- მეორე საკითხი სწორედ უსაფრთხოებაა. ოპოზიცია აიღებს თუ არა ვალდებულებას, რომ სასამართლო დარბაზთან არ მოაწყობს პროვოკაციებს, არ ჩაიდენს ისეთ ქმედებებს, რამაც შეიძლება პატიმარ სააკაშვილის უსაფრთხოებას პრობლემა შეუქმნას, მაშინ ეს საკითხიც მოხსნილი იქნება და მის სასამართლო პროცესზე წარდგენას ხელს არაფერი შეუშლის. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებებიც მაძლევს იმის ვარაუდის საშუალებას, რომ ამჯერად სააკაშვილი იქნება წარმოდგენილი სხდომაზე, თუ ბოლო მომენტში გაუთვალისწინებელი რამ არ მოხდა.

შესაძლოა თუ არა საფრთხე არსებობდეს სააკაშვილის ტრანსპორტირების დროს? როგორც ითქვა, ამ დროს იგეგმებოდა ყოფილი პრეზიდენტის გატაცება...

- თუ იქნება დესტრუქციული ქმედებები, წინსწრებით გახდება ინფორმაცია ცნობილი, რომ ვიღაც მსგავს რამეს აპირებს, ამის შესახებ შესაბამისი სტრუქტურა განაცხადებას ალბათ, გააკეთებს, როგორც ეს თქვეს, გლდანის ციხეში გადაყვანის დროს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აპირებდა გზების ჩახერგვას და სააკაშვილის გატაცებას. ალბათ, შესაბამის სტრუქტურებს ექნებათ ამის შესახებ ცნობები.

ერთი წუთით წარმოვიდგინოთ, რომ ოპოზიციამ მოისურვა ასეთი რამის გაკეთება - როგორ წარმოაჩენს ეს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში?! - ძალიან ნეგატიური კუთხით, რადგან, ფაქტობრივად, ისინი მიდიან კანონის წინააღმდეგ, ეწევიან ისეთ საქმიანობას, რომელსაც არავითარი კავშირი სამართალთან და ცივილურ პოლიტიკასთან არ აქვს. მათი ისედაც დაზიანებული იმიჯის დაზიანება თუ უნდათ, ეს უკვე მათი გადასაწყვეტია.

ოპოზიციის ლიდერები აცხადებენ, რომ აქვთ კონკრეტული გეგმა, რომელსაც უახლოეს პერიოდში გაახმოვანებენ. მათი დღის წესრიგია, გათავისუფლდეს მიხეილ სააკაშვილი, თუმცა, როგორც ისინი ამბობენ, ამის მისაღებად მნიშვნელოვანია ქვეყანაში დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. თქვენ, პირადად როგორ წარმოგიდგენიათ ეს პროცესი?

- არავითარი სამართლებრივი საფუძველი ვადამდელი არჩევნების დანიშვნისა არ არსებობს. საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო თანამეგობრობამ აღიარა ლეგიტიმურად, მიუხედავად არსებული პრობლემებისა. ამასთან, ადგილობრივი არჩევნებიც არის აღიარებული. მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნება“ გამოვიდა შარლ მიშელის შეთანხმებიდან, 19 აპრილის შეთანხმებაშიც მოყვანილი ვადამდელი არჩევნების დანიშვნის შესაძლებლობა ასევე მოხსნილია, რადგან „ქართულმა ოცნებამ“ 43%-ზე მეტი აიღო.

რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილის საკითხს, რას გულისხმობენ მის გათავისუფლებაში, მე ვერ გავიგე. სააკაშვილი გათავისუფლდება იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ცნობს უდანაშაულოდ ან მას შეიწყალებს ქვეყნის პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილი ჯერჯერობით აცხადებს, რომ ის ამის გაკეთებას არ აპირებს და სასამართლოზე პროცესები ჯერ არ გამართულა. ერთი წუთითაც რომ წარმოვიგნოთ, რომ ყველა წაყენებული ბრალდებიდან სააკაშვილი უდანაშაულოდ ცნეს, ფაქტია, მან საზღვარი გადმოკვეთა, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქემ და მარტო ეს დანაშაული ითვალისწინებს პატიმრობას. აქედან გამომდინარე, მისი გათავისუფლების საკითხი ვერანაირად ვერ დადგება.

თქვენი აზრით, კონკრეტულად, რა გეგმა შეიძლება ჰქონდეს „ნაციონალურ მოძრაობას?“

- მათ არ მოსწონთ, რომ აქციები იმართება და შემდეგ ხალხი იშლება. „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ შემოკრებილი პარტიები არ ეთანხმებიან „ნაცმოძრაობის“ დევიზს, მათ გამოიტანეს ალტერნატიული გეგმა, სადაც სააკაშვილის გათავისუფლება კი არ არის პრიორიტეტი, არამედ ადგილობრივი არჩევნები. აქედან გამომდინარე „ნაცმოძრაობას“ ემუქრება საფრთხე, რომ ის მარტო დარჩეს თავის მოთხოვნებში. ძალიან დიდი გაუგებრობა არის ოპოზიციაში სამომავლო გეგმასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, გამოითქვა მოსაზრება, რომ ნიკა მელიასა და მისი თანაპარტიელების ნაწილს შორის გარკვეული უთანხმოება არსებობს მიხეილ სააკაშვილის საკითხთან დაკავშირებით. რამდენად არის შესაძლებელი მელია გამოეყოს „ნაცმოძრაობას?“

- უახლოეს მომავალში ამის პერსპექტივას ვერ ვხედავ. ნიკა მელიას გასვლა მისთვის ძალიან სარისკო ნაბიჯი იქნებოდა, რადგან ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია რომ დააარსოს, რა რესურსებით აამოქმედებს ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას, უცნობია. ფინანსური და ადამიანური რესურსები ჯერ კიდევ თაყმოყრილი არის „ნაცმოძრაობასა“ და სააკაშვილის ხელში.