საპენსიო ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, წინასაარჩევნო ბაქიბუქი ახლა აღარავის ახსოვს

საპენსიო ტენდერი რამდენიმე დღეში გამოცხადდება, წინასაარჩევნო ბაქიბუქი ახლა აღარავის ახსოვს

საპენსიო მომსახურებაზე ტენდერი დღედღეზე უნდა გამოცხადდეს და ამიტომაც დაძაბულობა პიკს აღწევს. წინასაარჩევნოდ ამ თემაზე ბევრი სპეკულაცია მიმდინარეობდა, ახლა კი ყველა პოლიტიკოს მიავიწყდა თავის დროზე პოპულისტური თემა. საქმე ისაა, რომ ერთი ბანკის გარდა, საქართველოში სხვას არც ერთს არ გააჩნია შესაბამისი შესაძლებლობა და ინფრასტრუქტურა, რომ პენსიონერებს ქვეყნის ნებისმიერ წერტილში მოემსახურონ.

საქართველოს ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საპენსიო გასაცემელზე გამოსაცხადებელი ახალი ტენდერის პირობები მომავალ კვირაში განისაზღვრება. დავითაშვილი, რომელიც ამ საკითხზე მომუშავე უწყებათაშორის ჯგუფს ხელმძღვანელობს, ირწმუნება, რომ „პროცესები გამჭვირვალედ მიმდინარეობს და მასში სხვადასხვა მხარეა ჩართული“.

„გამჭვირვალობა, ალბათ, არის, რადგან კომისიაა შექმნილი, რომელშიც როგორც ხელისუფლების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციონერი დეპუტატები არიან. არის სამთავრობო წარმომადგენლობა და უშუალოდ ჯანდაცვის სამინისტრო. ვფიქრობ, პროცესი ძალიან გამჭირვალედ მიდის. ვფიქრობ, თითოეული სხდომის შემდეგ ვაკეთებთ კომენტარებს.

ბოლო გადაწყვეტილებით, ჯანდაცვის სამინისტროს ვთხოვეთ გაეკეთებინათ ბაზრის შესწავლა - ფასთა მოკვლევა, რომ ახალი ტენდერი გამოცხადებულიყო. ეს პროცესი ჩატარდა და სავარაუდოდ, მომავალ კვირას გვექნება კიდევ ერთი სხდომა, სადაც ახალი პირობები განისაზღვრება, რომლითაც ტენდერი გამოცხადდება. მათ შორის ბანკებთან იყო შეხვედრა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტრომ ჩაატარა“, - განაცხადა მინისტრმა.

საპენსიო გასაცემლის მიმართულებით სახელმწიფოსა და „ლიბერთი ბანკს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2022 წელს გასდის. აქედან გამომდინარე, მთავრობა ახალი ტენდერისთვის საჭირო ტექნიკური პირობების შედგენის პროცესში ჩაერთო. უკვე მრავალი წლებია საქართველოს მთავრობა ხანდაზმული მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფას „ლიბერთი ბანკთან“ არსებული ხელშეკრულების მეშვეობით ახორციელებს. „იგი ამ უფლებას ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვების შედეგად ფლობს. ამ ტენდერში სხვა არც ერთი კომერციული ბანკი არ მონაწილეობდა. ბოლო რამდენიმე თვეა ბანკის მისამართით როგორც ოპოზიციური, ასევე მმართველი პარტიის მხრიდან კრიტიკა გაისმა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, იგი არგუმენტაციას მოკლებულია და ძირითადად, წინასაარჩევნო ტრიუკებს უკავშირდებოდა.

სწორედ ამაზე საუბრობს აფბა-ს ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი, რომლის თქმითაც, რაც დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება, რომ საპენსიო საკითხების მოწესრიგების რეალური გეგმა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების დაწერაზე ორიენტირებული აქტივობები. მით უფრო, როცა საქმე ეხება ასობით ათასი პენსიონერის მომსახურების შესაძლო გაუმჯობესების პროცესს. პენსიების დარიგებაში ბევრი ბანკის მონაწილეობის დაშვებას და ამით ე.წ. საპენსიო სესხის სარგებლის, მათ შორის, 20 პროცენტამდე დაწევის შესაძლებლობებზე აჟიტირებული საუბარი რომ მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობა იყო, ამას მოწმობს არჩევნების შემდგომი სურათიც, როცა მანამდე საკითხთან დაკავშირებით გამალებული აქტიურობით გამორჩეული რამდენიმე პოლიტიკური ძალიდან ერთსაც აღარ გაუკეთებია უმნიშვნელო განცხადებაც კი.

სამწუხაროდ, ფაქტია, როგორც აღმოჩნდა, საპენსიო საკითხის მოწესრიგების რეალური გეგმა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს - ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ. არადა, საქმე ეხება 800 000-მდე პენსიონერის ბედს. მათი ბედი კი დამოკიდებული იქნება იმ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებებზე, რომელიც მუშაობს და შედეგად საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის უზრუნველსაყოფად ტენდერი განახლებული პირობებით უნდა გამოაცხადოს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ კუთხით პროცესები გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით უნდა წარიმართოს, რათა ჩვენი მოსახლეობა არ გახდეს ვინმეს, პოლიტიკური ინტერესებს მსხვერპლი“, - განაცხადა რადიო „კომერსანტის“, ეთერში ბაირახტარმა.

თავის მხრივ, „ლიბერთი ბანკი“ მზად არის ჯანსაღი კონკურენციისთვის. ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის დირექტორის ვაჟა მენაბდის თქმით, რაც უფრო დროულად შემუშავდება ახალი ტენდერის პირობები, მით მალე ცხადი გახდება საკითხის ირგვლივ არსებულ ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები როგორც „ლიბერთი ბანკის“, ისე სხვა ყველა დაინტერესებული მხარისთვის.

„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, განახლებული სატენდერო პირობები დროულად უნდა შემუშავდეს და ტენდერი მაქსიმალური გამჭვირვალობის სტანდარტის სრული დაცვით უნდა წარიმართოს. სწორედ ღია ტენდერის გზით უნდა გამოვლინდეს, თუ რომელი კომერციული ბანკი დააკმაყოფილებს ყველაზე უკეთ სახელმწიფოს მიერ წამოყენებულ პირობებს. ეს არის ერთადერთი გზა საიმისოდ, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი გახდეს, როგორ და რა ფორმით გაგრძელდება „ლიბერთისთან“ თუ სხვა კომერციულ ბანკთან, ეს კონტრაქტი.

ვნახოთ, რა პირობები იქნება და როგორ განვითარდება მოვლენები. ბუნებრივია, „ლიბერთი“ მოვლენათა განვითარების ყველა შესაძლო სცენარისთვის მზად არის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ სოციალური გასაცემლების ბენეფიციარებს საუკეთესოდ ვემსახურებით. გამომდიანრე იქედან, რომ კარგად ვიცნობთ ამ სერვისის სპეციფიკას. ასევე, ხაზგასასმელია, რომ ბანკში დაგროვილია აღნიშნული მომსახურების გაწევის მრავალწლიანი წარმატებული გამოცდილება. არ მოვერიდები იმის თქმას, რომ საუკეთესოდ შეგვიძლია ამ კონტარქტის მართვა მომავალშიც“, - აღნიშნა მენაბდემ.