300 000 შრომისუნარიანი მოქალაქისთვის სამუშაო ადგილები გაჩნდება. პრემიერის შეფასებით, ეს ადამიანები აქამდე არ მონაწილეობდნენ ქვეყნის განვითარებაში და სოციალური დახმარების მძევლები იყვნენ. რეგიონებში, სადაც იყო საწარმოები, ფერმერები მუშახელს ვერ პოულობდნენ, რადგან ადამიანებს დღეში 50 ლარის აღებაც არ სურდათ იმის შიშით, რომ უშრომლად მიღებული სოციალური დახმარება არ შეწყვეტოდათ.
ამიტომ ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივაა, ამ ადამიანების იდენტიფიცირება და მათთვის შრომის კულტურის გამომუშავება, მათი მენტალიტეტის შეცვლა. ადამიანებს უნდა გაუჩნდეთ არა უპერსპექტივობის, არამედ იმედის განცდა, რომ ისინი შეიძლება მუდმივ სამუშაოზე დასაქმდნენ.
კონკრეტულად, საუბარია უმუშევარი ადამიანების დასაქმებაზე ქარსაცავების აღდგენის საქმეში, ასევე, ტყეების გაშენებაზე, მუნიციპალიტეტებში, რაიონებში ინფრასტრუქტურულ სამუშაოებში ჩართვაზე. ამისთვის ერთდროულად ათასობით და ათიათასობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.
პრემიერი ამბობს, რომ ბევრი ადამიანი მსგავსი სამუშაოს საძებნელად მიდის უცხოეთში მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლებას მსგავსი სამუშაო შეუძლია შესთავაზოს ადგილზე, საქართველოში. ასეთ ადამიანებს შეიძლება მეორე დამატებითი სამუშაოც ჰქონდეთ და სოციალური დახმარება არ გაუუქმდეთ.
ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი კარგა ხანია საუბრობს დეპრესიიდან ადამიანების გამოყვანის საჭიროებაზე, რაც მათ დასაქმებას გულისხმობს და არა სახელმწიფოს დახმარების იმედად ყოფნას და გაზარმაცებას. დღეს for.ge-სთან საუბრისას დავით ზარდიაშვილი აცხადებს, რომ პრემიერის ინიციატივა ყოველმხრივ მისასალმებელია.
„ხშირად ვსაუბრობ ჰიბრიდულ საფრთხეებზე, ნარკომანიაც და ლუდომანიაც ასეთად განიხილება. ჰიბრიდულია ისეთი საფრთხე, რომელიც ობიექტური რეალობის საპირისპიროდ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს უქმნის სუვერენული ნების დათრგუნვის და მოსპობის საშიშროებას. ადამიანების ნება პარალიზებულია, თუკი ისინი ან წამალზე არიან დამოკიდებულნი, ან თამაშზე. ასეთივე მდგომარეობაში არიან სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ადამიანები, ისინი დეპრესიულ მდგომარეობაში არიან. იმისთვის, რომ საარსებო სახსრები მოიპოვონ, ზოგი მათგანი უძლურია ამ დამოკიდებულების გამო, ან იტყუებიან, თითქოს დახმარება სჭირდებათ. დახმარების იმედად დარჩენილნი ყველანაირ აქტივობაზე უარს ამბობენ“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.
მისივე განმარტებით, უმუშევრობის მდგომარეობიდან უნდა გამოვიდეთ, რადგან შრომის გარდა კეთილდღეობის შექმნა სხვას არაფერს შეუძლია: „თუ არ იმუშავე, კარგად როგორ იცხოვრებ?! ამის გამო ერი დეპრესიაშია“.
ანალიტიკოსის აზრით, ჰიბრიდულ საფრთხეს წარმოადგენს დეზინფორმაციაზე დამოკიდებულებაც. ადამიანთა დიდი ნაწილის ნება პარალიზებულია სწორედ დეზინფორმაციის გამო, გვარამიას თუ არ მოუსმინეს საღამოს ტელევიზორში, შეიძლება გაგიჟდნენ, ნარკოტიკივითაა გვარამია. წინათ მოწინააღმდეგე სახელმწიფოს პოლიტიკური ნება რომ დაგეთრგუნა, უნდა გამოგეყენებინა სამხედრო ძალა. ახლა ჰიბრიდული ომის პირობებში აღარ არის სამხედრო ძალის გამოყენება საჭირო, არსებობს უამრავი მეთოდი პოლიტიკური ნების დასათრგუნად. ჰიბრიდული ომის დროს მტრული სახელმწიფოს მიზნის მიღწევის საშუალებად ხდება პოლიტიკა, ანუ ლეგალური და ნახევრად ლეგალური საშუალება. ნახევრად ლეგალურია სააფთიაქო ნარკომანია, ამას მკაცრი კონტროლი სჭირდება. სრულიად ლეგალურია სათამაშო ბიზნესი, რომელიც მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის ნების პარალიზებას ახდენს. იგივე მდგომარეობაა, როცა დეზინფორმაციული პროპაგანდის მსხვერპლი ხდება ადამიანი, ესეც ნების პარალიზებას ახდენს, რადგან მტრული ნების თავს მოხვევა ხდება.
„ამისგან თავი უნდა დავიცვათ, ზოგ შემთხვევაში შეზღუდვაა საჭირო, უკეთესია ალტერნატივის შექმნა. ირაკლი ღარიბაშვილი იმას კი არ ამბობს, გაჭირვებული ადამიანები დახმარების გარეშე დავტოვოთო, არამედ ამბობს, დახმარება სწორედ ის იქნება, საკუთარი თავის რწმენა დაიბრუნონ, რეალურ მოქმედებაში გადავიდნენ და ირწმუნონ, რომ შეუძლიათ, საკუთარი კეთილდღეობა შექმნან. ამ ინიციატივების შესახებ პირადად მეც დიდი ხანია, ვწერდი, რომ ალტერნატივა უნდა შეიქმნას. მავნე სისტემა, რომელიც ახალისებს არა შრომას, არამედ მათხოვრულ დახმარებას, უნდა შეიცვალოს. იგივე მოხდა, როცა შეერთებულ შტატებში იყო „დიდი დეპრესია“, რაც რუზველტმა დაასრულა, როცა შემოიღო საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამა. ღარიბაშვილმაც იგივე თქვა, რაღაც უნდა გააკეთო, თუ შრომისუნარიანი ადამიანი ხარ. საკუთარი თანხის გამომუშავებას რომ დაიწყებ, შენს თავს დაუბრუნდება ფასი. მნიშვნელობა არ აქვს, თავიდან რა სამუშაოთი დაიწყებ, მთავარია, ამ რეჟიმში მოხვდე, სამუშაო მდგომარეობაში შეხვიდე. მანქანაც რომ დიდი ხანი გააჩერო, არ ამუშავო, გაფუჭდება, დაიჟანგება, გასაკეთებელი გახდება. ადამიანიც ასევეა“, - აღნიშნა დავით ზარდიაშვილმა.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე პრემიერის ინიციატივას გარდაუვალ აუცილებლობად მიიჩნევს. მისი აზრით, მნიშვნელოვანია ადამიანების დასაქმება დეპრესიიდან მათ გამოსაყვანად. ასევე, აუცილებელია აზარტული თამაშების შეზღუდვა, რადგან ამას მოჰყვება იმაზე მეტი უბედურება, ვიდრე ეს მოუტანა მსოფლიო პანდემიამ-კორონამ საქართველოს.
„უამრავმა ადამიანმა სწორედ თამაშების ნიადაგზე თავი მოიკლა, უამრავი ოჯახი დარჩა უსახლკაროდ, უშემოსავლოდ და შიმშილით გარდაიცვალა, რადგან აზარტულ თამაშებში წააგეს ყველაფერი. სიკვდილიანობის მასშტაბი და სიმძიმე ვერც კი განისაზღვრება, იმდენად დიდი უბედურებაა გამოწვეული აზარტული თამაშების ლეგალიზაციით ქვეყანაში. ამიტომ მისი აკრძალვა არის ერთ-ერთი ყველაზე სერიოზული ნაბიჯი ქართული ოჯახების და იმ ადამიანების გადასარჩენად, ვინც ამ თამაშებზე იყვნენ მიჯაჭვულნი. შესაძლოა, ეს ინიციატივა ბევრად ადრე უნდა განხორციელებულიყო, მაგრამ ამაზე თქმა, რომ დაგვიანებულია, არასწორია. დაგვიანებული არ შეიძლება იყოს, რადგან აკრძალვის წუთიდანაც ბევრ ოჯახს გადაარჩენს. თუმცა, რა თქმა უნდა, ვერ გააცოცხლებს იმ ადამიანებს, ვინც ემსხვერპლა ასეთი საშინელი კანონის არსებობას-აზარტული თამაშების ლეგალიზებას ამ ქვეყანაში“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.
"დიდი დეპრესია" დასრულდა ომის დაწყების შემდეგ და ამ ომის შედეგად.