ფერან ტორესს

ფერან ტორესს "სიტის" დატოვება და "ბარსელონაში" გადასვლა უნდა

„მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველ ფერან ტორესს კლუბის დატოვება სურს. როგორც ბრიტანული მედია იტყობინება, ესპანელი ფეხბურთელი გუნდის ხელმძღვანელობას და პეპ გვარდიოლას დაუკავშირდა, რომელთაც წასვლის სურვილის შესახებ აცნობა.

„სიტის“ თავკაციც არაა წინააღმდეგი, რომ ტორესს შეელიოს, თუმცა შესაბამისი საფასურის სანაცვლოდ. ესპანელ შემტევს „ბარსელონას“ უკავშირებენ და მას კარიერის გაგრძელება სწორედ „კამპ ნოუზე“ სურს. ჯერჯერობით, უცნობია „ბარსას“ წინადადება, რომელსაც ინგლისურ კლუბს წარუდგენენ.

ფერან ტორესი „მანჩესტერ სიტის“ 2020 წელს შეუერთდა და 43 მატჩში 16 გოლი აქვს გატანილი. მანამდე მან კარიერა „ვალენსიაში“ დაიწყო და „ღამურების“ მაისურით ჩატარებულ 97 თამაშში თავი ცხრაჯერ გამოიჩინა. ესპანეთის ნაკრებში ტორესი 2020 წლიდან თამაშობს, მაგრამ მოკლე პერიოდში მოასწრო 22 მატჩის ჩატარება და 12 გოლის გატანა, მათ შორის ორჯერ საქართველოს წინააღმდეგ (თბილისში და შემდეგ ბადახოსში).