ზინედინ ზიდანი „პარი სენ ჟერმენის“ მწვრთნელობას უახლოვდება. უფრო მეტიც, ყატარის ემირმა ხალიფა ბინ ჰამად ალ ტანიმ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ფრანგმა სპეციალისტმა კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა.
„საქმე მოგვარებულია. მალე გამოცხადდება, მოგესალმებით ზიზუ“, - წერს ტვიტერში ალ ტანი. ცნობისთვის, ეს არის პსჟ-ს მფლობელების ოჯახის წევრი და ადამიანი, რომელმაც ზაფხულში ლიონელ მესის ტრანსფერი კლუბზე ადრე დაადასტურა. შემდეგ კი არგენტინელმა პსჟ-ს მაისური მართლაც მოირგო.
მოგეხსენებათ, გუშინ Le Parisien-მა გაავრცელა ცნობა, რომ ზიდანი პსჟ-ს წარმომადგენლებს შეხვდა და მხარეებმა თამამშრომლობაზე ისაუბრეს. ჯერჯერობით, უცნობია ზიდანი პსჟ-ს მიმდინარე სეზონში ჩაიბარებს თუ ზაფხულიდან და საუბარი წინასწარ კონტრაქტზეა.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ ალ ტანიმ სოციალურ ქსელში მეორე პოსტიც გამოაქვეყნა: უბრალოდ ზიდანის ფოტო ატვირთა და ღამე მშვიდობის დააწერა. შეგახსენებთ, რომ ზინედინ ზიდანს სამწვრთნელო კარიერაში მხოლოდ „რეალში“ უმუშავია, რომელსაც ჩემპიონთა ლიგა სამჯერ მოაგებინა, გასული ზაფხულიდან მოყოლებული კი უმუშევარია.