პირველი დეკემბრიდან შეზღუდვების ნაწილი უქმდება. ეს, ძირითადად, მომსახურების სფეროს შეეხება, თუმცა გადაწყვეტილება მაინც მნიშვნელოვნია და ეკონომიკისთვის სტიმულის მომცემიც.
რამდენიმე დღეში რესტორნებს მუშაობაზე საათობრივი შეზღუდვა მოეხსნებათ და ისინი სტუმრების მიღებას 23:00 საათის შემდეგაც შეძლებენ. საკოორდინაციო საბჭოს კიდევ ერთი გადაწყვეტილებით, კინოთეატრებში, თეატრებსა და ოპერებში მაყურებელთა რაოდენობა 30%-დან 50%-მდე გაიზრდება.
მარტივდება სახმელეთო საზღვრიდან შემოსვლის წესიც. საქართველოში ვაქცინირებულ საქართველოს მოქალაქეებს ქვეყანაში სახმელეთო საზღვრით შემოსვლისას „პისიარ“ ტესტის წარდგენის ვალდებულება აღარ ექნებათ.
გამოდის, რომ პირველი დეკემბრიდან სარესტორნო ბიზნესს მუშაობის სრულფასოვნად გაგრძელების საშუალება ეძლევა, რასაც სექტორი, დიდი ხანია, ითხოვს, განსაკუთრებით კი მას შემდეგ, რაც „მწვანე ბარათების“ სისტემის დანერგვის შესახებ გახდა ცნობილი, თუმცა რესტორნები მხოლოდ „მწვანე სტუმრების“ გამასპინძლებას შეძლებენ.
ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, რესტორნებისთვის სამუშაო საათებზე დაწესებული შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება, „მწვანე პასპორტის“ მქონე პირებისთვის მეტი უპირატესობა, ხოლო „მწვანე სტატუსის“ არმქონე ადამიანებისთვის აცრის მოტივაციაა. თანაც სარესტორნო ინდუსტრიას და იქ დასაქმებულ ადამიანებს სერიოზული პრობლემები აღარ შეექმნებათ.
„ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო საკოორდინაციო საბჭომ, რომელიც ტურისტულ, კერძოდ, სარესტორნო ინდუსტრიას შეეხება. ახალი რეგულაცია არის დაკავშირებული 1-ელი დეკემბრიდან „მწვანე პასპორტების“ სავალდებულო მოთხოვნის შემოღებასთან. ანუ „მწვანე პასპორტების“ ვალდებულების პარალელურად რესტორნებს მოეხსნებათ ღამის საათების შეზღუდვა, რაც აბსოლუტურად დაბალანსებული და სწორი გადაწყვეტილებაა, რაც 2 ძირითადი მიზეზით არის განპირობებული. ერთი - ეს არის ის უპირატესობა, რაც „მწვანე სტატუსის“ მატარებელ ადამიანს უნდა გააჩნდეს.
რასაკვირველია, როდესაც სხვადასხვა შეზღუდვა დაწესდება ვაქცინირებული ან კოვიდგადატანილი ადამინების სოციუმში აქტიურობასთან დაკავშირებით, მათ უნდა ჰქონდეთ უპირატესობა „მწვანე სტატუსის“ არმქონე ადამიანებთან შედარებით. მათ შორის, ერთ-ერთი არის ნებისმიერ დროს, რესტორნებსა და კაფეებში თავისუფლად შესვლა, რაც უფრო მეტი უპირატესობა და მოტივაციაა, რომ ადამიანები აიცრან და შეიძინონ „მწვანე სტატუსი“.
მეორე სიკეთე, რაც აღნიშნულ გადაწყვეტილებას მოჰყვება, არის ტურისტული და სარესტორნო ინდუსტრიის მდგრადობასთან დაკავშირებული. ძალიან ბევრი ადამიანი არის სარესტორნო სექტორში დასაქმებული, როდესაც შემოდის რეგულაცია, რომ მხოლოდ „მწვანე სტატუსის“ მქონე ადამიანი უნდა შევიდეს რესტორანში, ეს გარკვეულწილად, ზღუდავს მათ წრეს, ვინც რესტორანში შესვლას შეძლებს, მაგრამ ეს კომპენსირდება შესაძლებლობით, რომ უფრო დიდხანს იმუშაოს ამა თუ იმ რესტორანმა“, - განაცხადა თურნავამ.
საათობრივი შეზღუდვის გაუქმებას კაფე-ბარები და რესტორნები დიდი ხნია ითხოვდნენ. შესაბამისად, ახლა მათი წარმომადგენლები საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას იწონებენ. „შავი ლომის“ „ნინიას ბაღისა“ და კაფე „ლეილას“ დამფუძნებელი მერიკო გუბელაძე აცხადებს, რომ რესტორნების სრულფასოვანი მუშაობისთვის 23:00 საათის შემდგომ საქმიანობის შეზღუდვის გაუქმება აუცილებელი იყო.
„კიდევ კარგი, მიხვდნენ ამას და მოხსნეს. სიმართლე გითხართ, არ ველოდი. ამ გადაწყვეტილებამ ყველა გაგვახარა. ადამიანი 7 საათზე სამსახურს რომ ამთავრებს, სახლში მისვლა და შემდეგ რესტორანში წასვლა აღარ უღირს. ამიტომ, ეს გადაწყვეტილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია სრულფასოვანი მუშაობისთვის“, - აღნიშნა გუბელაძემ.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, საათობრივი შეზღუდვის მოხსნის მიუხედავად კვლავ ძალაშია რეგულაციები, რომელიც მაგიდასთან სტუმრების განთავსების წესს ეხება.