პასუხი ოპოზიციას სტრასბურგიდან

პასუხი ოპოზიციას სტრასბურგიდან

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სტრასბურგში ევროპარლამენტარებს შეხვდა. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, საერთაშორისო პარტნიორების სურვილია, საქართელოში პოლარიზაციის ხარისხი შემცირდეს და შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას. როგორც კობახიძემ აღნიშნა, შეხვედრაზე ასევე იყო საუბარი ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

„ყველა თემაზე გვქონდა საუბარი, რაც უკავშირდება შიდა პოლიტიკას, მათ შორის, რა თქმა უნდა, საუბარი შეეხო სააკაშვილის თემასაც, მისი გადაყვანის, შიმშილობის თემას. ვისაუბრეთ, ზოგადად, შიდა პოლიტიკაზე, მისი განვითარების პერსპექტივაზე. ჩვენ როგორ ვხედავთ შიდა პოლიტიკის განვითარებას, ჩვენი ინფორმაცია გავუზიარეთ. ჩვენი ყველა მეგობრის, საერთაშორისო პარტნიორის სურვილია, რომ მოხდეს დღის წესრიგის შეცვლა და შემცირდეს პოლარიზაციის ხარისხი ჩვენს ქვეყანაში, პოლიტიკურ სისტემაში, ამისთვის მნიშვნელოვანია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა“, - განაცხადა უმრავლესობის ლიდერმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის სტრასბურგში შეხვედრებსა და მის მიერვე გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოში გარკვეული შეფასებები უკვე მოჰყვა. გამოითქვა მოსაზრება, რომ პოლარიზაციის დასრულების მთავარ ნაბიჯად მიხეილ საააკაშვილის საზღვარგარეთ საკმურნალოდ გაყვანა მოიაზრება და მმართველი გუნდი სწორედ „ამისთვის გვამზადებს“, რადგან ეს იყო სააკაშვილთან დადებული პირობა“.

„ჩემი აზრის, მიხეილ სააკაშვილთან დადებული პირობის შესასრულებლად და იქ გასაშვებად ემზადებიან, სადაც არჩევნებამდე იყო, ასე ნელ-ნელა გვაპარებენ - პოლარიზაციის შემცირების გზად ეს გამოდგება“, - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ამასთან, როგორც „გირჩის“ დეპუტატმა აღნიშნა, იგი მიესალმება, თუკი მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაუშვებენ.

ექსპერტი საერთაშორისო საკითხებში ნიკა ჩიტაძე არ გამორიცხავს, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ იქნას გაგზავნილი სამკურნალოდ. ამასთან, მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ქართულმა მხარემ შესაძლოა, უკრაინას გადასცეს.

„ვიცით, რა განაცხადებაც გაავრცელა ევროპის საბჭომ, ის არის მთავარი პასუხისმგებელი ორგანო ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხებზე, შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ამ თემაზეც ყოფილიყო საუბარი - მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ წაყვანაზე. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედაც, შეიძლება განვიხილოთ, რომ გაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ, ან ქართულმა მხარემ უკრაინას გადასცეს, გააჩნია, როგორ იაქტიურებს საერთაშორისო საზოგადოება. პოლარიზაცია ეხება სხვა საკითებსაც: ოპოზიცია არ უნდა მოიხსენიო ცუდად, შავი პიარი არ უნდა იყოს და პრიორიტეტი გახდეს ჯანსაღი კონკურენცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლარიზაცია საზოგადოებაში ისედაც გაღვივებულია და კიდევ უფრო მეტად გაღვივდება“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

ანალიტიკოსი ნიკოლოზ მეტრეველი მიიჩნევს, რომ დღის წესრიგში არ დგას მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გაყვანა სამკურნალოდ, ან უკრაინული მხარისთვის მისი გადაცემა. მეტრეველის შეფასებით, მსგავსი ნაბიჯი „ქართული ოცნების“ მხრიდან დიდი შეცდომა იქნებოდა.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლება ქვეყანაში პოლარიზაციის დასრულებას კი არ შეუწყობს ხელს, პირიქით - ამ პროცესს გააღრმავებს.

რაც შეეხება ოპოზიციის საპროტესტო აქციებს, ანალიტიკოსის განცხადებით, ამ მიტინგებზე ოპოზიციონერი ლიდერები მომხრეების მობილიზებას ვერ მოახერხებენ.

„შეხვედრებს მივესალმები. რაც უფრო მეტი იქნება მჭიდრო კომუნიკაცია, კარგია. დასავლელი პარტნიორების ინფორმირება მნიშვნელოვანია, რადგან მეორე მხრიდან არის დეზინოფრმაციის ნაკადი, თუნდაც, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, ეს რთულად მეჩვენება და ამ მხრივ, არ მგონია, რომ სააკაშვილის გამოშვება ამ პროცესს ხელი შეუწყოს, პირიქით - ამ პროცესს გაართულებს, რადგან სააკაშვილის ერთადერთი ამოცანაა დესტაბილიზაცია და ამ გზით კვლავ ხელისუფლებაში დაბრუნება. იმედი მაქვს, რომ ხელისუფლებაში არ ფიქრობენ სააკაშვილის გათავისუფლებაზე, ეს იქნება ძალიან დიდი შეცდომა ხელისუფლების მხრიდან, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე საუბარი არ არის, რადგან ძალიან მკაფიო განცხადებები გაკეთდა.

რაც შეეხება დასავლეთში მის სამკურნალოდ გაშვებას, ესეც არასერიოზულად მეჩვენება და ვერ ვხედავ რაიმე საფუძველს. ვერ ვიგებ, რატომ უნდა გადაეცეს სააკაშვილი უკრაინას, ის არის სერიოზული ბრალდებებით გასამართლებული? ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ის არის შემოპარული და მხოლოდ ეს არის დანაშაული, რომელსაც წყალი არ გაუვა და ვერავინ კონტრ-არგუმენტს ვერ მოიყვანს, რომ ეს არ არის დანაშაული. ამიტომ, მან უნდა მოიხადოს სასჯელი, თუნდაც ამაზე.

ოპოზიციის ლიდერები არინ აბსოლუტურად არასერიოზული, მარგინალი ადამიანები და მათ განცხადებებს არავითარი აზრი არ აქვს, რაც არ უნდა ილაპარაკონ, არავის აინტერესებს. ჩვენ ვნახეთ, რისი თავიც აქვთ ამ პარტიებს, რამდენიმე ასეული ადამიანზე მეტის ქუჩაში გამოყვანის, არავითარი უნარი არ აქვთ. თუ რამის თავი აქვთ, აგერ, ბურთი და მოედანი - კიდევ ერთხელ გამოვიდნენ. როგორც აქამდე სრულდებოდა კრახით მათი აქციები, ისევე დასრულდება. ახალ წლამდე ვერავითარ პერმანენტულ აქციებს ამ ქვეყანაში ვერ მოაწყობენ“, - განაცხადა ნიკოლოზ მეტრეველმა For.ge-სთან.