სააკაშვილის პატიმრობის გადავადების არანაირი საფუძველი არ არსებობს

სააკაშვილის პატიმრობის გადავადების არანაირი საფუძველი არ არსებობს

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის შემდეგ, რაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერების მთავარი მოთხოვნა იყო, ექსპრეზიდენტის თანამებრძოლებმა, მათ „ბელადთან“ შეთანხმებით, ახალი მოთხოვნა წამოაყენეს - ყოფილი მაღალჩინოსანი ციხიდან უნდა გათავისუფლდეს. „ნაციონალებმა“ ეს საკითხი ასევე მთავარ თემად აქციეს და ღიად განაცხადეს, რომ ბრძოლამ, რეალურად, ახალ ეტაპზე გადაინაცვლა. მათთვის, დღეს, ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს მიხეილ სააკაშვილის ციხიდან დახსნა წარმოადგენს.

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების თავდაპირველი მოთხოვნა ექსპრეზიდენტის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ გააჟღერა: „იქნებ გავათავისუფლოთ ეს ადამიანი, იმკურნალოს ნორმალურად“.

საპარალამენტო უმრავლესობის წევრი, დავით სერგეენკო არ ფიქრობს, რომ ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმის განცხადება პოლიტიკურად არის მოტივირებული და სააკაშვილის ყიფშიძის სხვა განცხადებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რასაც გარკვეულწილად, თავადაც ეთანხმება.

„მიხეილ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა ორი განცხადება გააკეთა. ერთი თქვა, რომ სასურველი იქნებოდა განხილულიყო სასჯელის გადავადების შესაძლებლობა მკურნალობის დასრულებამდე და მეორე დღეს კი თქვა, რომ მთავარია, მიხედულ იქნას რეფიდინგის პროცესი, რომელიც ნორმალურად მიმდინარეობს და წინა საკითხი შემდეგი ეტაპის მსჯელობის საგანია. სრულად ვეთანმები მეორე განცხადებაში ისევე, როგორც ნაწილობრივ პირველშიც, რადგან პაციენტის ინტერესები ჩემთვის ყველაზე მთავარია. არსებობს კანონმდებლობაში სასჯელის გადავადება ავადმყოფობის გამო, თუმცა იქ არის გაწერილი, რა კრიტერიუმების მიხედვითაა შესაძლებელი ეს ყველაფერი. იმედი მაქვს, სამკურნალო პროცესი წარმატებით წავა და არ გახდება საჭირო კანონმდებლობის ამ ნაწილის ამოქმედება“,- განაცხადა სერგეენკომ.

სამართლებრივად, იურისტების განმარტებით, მსჯავრდებულის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გაყვანა ხდება იმ შემთხვევაში, თუკი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა და მისი მკურნალობა ვერ ხერხდება ქვეყანაში. თუმცა, დღეს, როგორც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის კუთხით შექმნილი კონსილიუმის წევრი, ექიმი ელენე გიორგაძე აცხადებს, გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს.

„დღეს დავამთავრეთ მესამე კრიტიკული დღე. პაციენტიც და ყველა ექიმი ვართ კმაყოფილი. „ჩეპეს“ გარეშე გავიარეთ სამივე დღე. დღეს დამატებით კალორაჟი და კვება იყო უფრო გაფართოებული. თავს გრძნობს დამაკმაყოფილებლად, სტაბილურია მისი მდგომარეობა. ყველა ანალიზი კეთდება ყოველ დღე, შიმშილის მარკერები ნორმალურია, როგორც იქნა, ცილამაც უკვე, ნელ-ნელა დაიწყო მოწესრიგება. ხვალიდან გადავდივართ უკვე დაკვირვების სტადიაში, ნელ-ნელა გავაფართოებთ კალორაჟს, შევიყვანთ სხვადასხვა პროდუქტებს, ეს გაგრძელდება, ალბათ, ორშაბათამდე, შემდეგ უკვე გადავალთ სულ სხვა კვებაზე.

თვითონ თავს გრძნობს უკეთესად. სისუსტე ნურავის გაგიკვირდებათ რომ რჩება, თუმცა, ისეთი არ არის, როგორიც შაბათს იყო. სისუსტე რჩება 50 დღე, როდესაც შიმშილობს ადამიანი. ალბათ, არავის გაუკვირდება, რომ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, ამიტომ, ნელ-ნელა ყველაფერი უნდა ალაგდეს. ყოველ დღე მოგაწვდით ინფორმაციას, რა მომეწონება და რა არა. თითოეული ჩვენი შესვლა ხდება პაციენტის თანხმობით, პაციენტი თვითონ ირჩევს და თვითონ გვაძლევს თანხმობას, ვინ და როდის იმუშაოს. პაციენტს ჰყავს ფსიქიატრი, რომელიც პირველი დღიდან აკონტროლებდა. როგორც კი პაციენტისგან გვექნება მოთხოვა, მინდა რომ ვნახო ეს ადამიანი, მაშინვე გამოძახებული იქნება“, - განაცხადა კონსილიუმის წევრმა.

იურისტი და უფლებადამცველი, ლევან ალაფიშვილი For.ge-სთან აცხადებს, რომ სამართლებრივად, პატიმრისთვის სასჯელის ვადის გადავადება და მისი ქვეყნიდან გაყვანა, მკურნალობის მიზნით, შესაძლებელია:

„სამართლებრივად, პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულის სამკურნალო პროცესს განსაზღვრას კანონმდებლობა და შესაბამისად, თუკი საუბარი არის სასჯელის გადავადებაზე, როდესაც საზღვარგარეთ გაგყავს პატიმარი, ამ შემთხვევაში ის არის არა უფლებაშეზღუდული ადამიანი, რომელსაც გადაადგილებაც შეზღუდული აქვს, გადაგყავს ამ შეზღუდვების გარეშე, ანუ დროებით უფლებებში აღდგენილი. ქვეყნის დატოვების შემთხვევაში, ის ისეთივე სამართლებრივ სივრცეში ექცევა, როგორც თითოეული ჩვენთაგანი, რომელიც შეიძლება გავიდეს ქვეყნიდან.

სასჯელის გადავადების საფუძელი ორ შემთხვევაში არსებობს: მძიმე ავადმყოფობა, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით არის დადასტურებული და ეს ავადმყოფობა ხელს უშლის მსჯავრდებულს პატიმრობის შემდგომ მოხდას და მეორე - ორსულობის ფაქტი“, - განაცხადა ლევან ალაფიშვილმა For.ge-სთან.

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე აღნიშნავს, რომ მსჯავრდებულის საზღვარგარეთ გაყვანა სამკურნალოდ იმ შემთხვევაში ხდება, თუკი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა:

„იმ შემთხვევაში, როდესაც პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე და საჭიროებს ისეთ ჩარევას, რომლის განხორციელებაც შეუძლებელია ან ძალიან რთულია პენიტენციური დაწესებულების პირობებში, მაშინ შესაძლებელია შეჩერდეს სასჯელის შესრულების ვადა, მიეცეს საშუალება მსჯავრდებულს გამოჯანმრთელებისა და შემდეგ განახლდეს ვადის დინება“, - განაცხადა ვახტანგ ხმალაძემ For.ge-სთან.