სასამართლომ კარიმ ბენზემა თანაგუნდელის დაშანტაჟების საქმეზე დამნაშავედ ცნო

სასამართლომ კარიმ ბენზემა თანაგუნდელის დაშანტაჟების საქმეზე დამნაშავედ ცნო

საფრანგეთის ნაკრებისა და მადრიდის „რეალის“ ფორვარდი კარიმ ბენზემა სასამართლომ კიდევ ერთი ფრანგი ფეხბურთელის, მატიე ვალბუენას დაშანტაჟების საქმეზე დამნაშავედ ცნო. ამის შესახებ BBC-ი წერს.

მოსამართლემ ბენზემას ერთწლიანი პირობითი სასჯელი და ჯარიმის სახით 75 000 ევროს გადახდა დააკისრა.

ბენზემას გარდა ვალბუენას დაშანტაჟების საქმეში კიდევ ოთხი ადამიანი ფიგურირებს. გამოძიების მტკიცებით, ისინი ვალბუენას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გასაჯაროებით აშანტაჟებდნენ, ბენზემამ კი 2015 წელს, საფრანგეთის ნაკრების საწვრთნელ ბაზაზე ყოფნისას ვალბუენას ურჩია, გადაუხადოს გამომძალველებს ფული და „დაივიწყოს ეს პრობლემა“. პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ბენზემა გამომძალველებთან შეთანხმებით მოქმედებდა.

ამის გამო ბენზემა 2015 წელს საფრანგეთის ნაკრებიდან მოკვეთეს და მხოლოდ 2021 წელს დააბრუნეს.