აზარტულ თამაშების მოყვარულებს მალე შეზღუდვები დაუწესდებათ, რადგან საქართველოს მთავრობა ონლაინ კაზინოების მუშაობის წესების გამკაცრებას აპირებს - ონლაინ კაზინოებს რეგულაციები უმკაცრდება, მოთამაშის ასაკობრივი ზღვარი კი 18-დან 25 წლამდე იზრდება.
ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. პრემიერ-მინისტრის თქმით, ყოველწლიურად ქვეყნიდან ონლაინ კაზინოების მეშვეობით 1,5 მილიარდი ლარი გაედინება.
„ჩვენი მოქალაქეები, ჩვენი ახალგაზრდები ყოველდღე თამაშობენ ონლაინ კაზინოში და აგებენ ფულს. ეს თანხა შეადგენს 1,5 მილიარდ ლარს. ამის თაობაზე საუბარი მქონდა ეკონომიკურ გუნდთან და ვფიქრობ, რომ პირველ ეტაპზე ფინანსთა მინისტრი წარადგენს საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც გულისხმობს გადასახადების გაზრდას ონლაინ კაზინოების მფლობელებისთვის. დღეს, მათი უმეტესობა უცხოური კომპანიაა და საუბედუროდ, ჩვენი მოქალაქეების ფული გაედინება უცხოეთში. აქედან დიდი ნაწილი - 99% არის გაჭირვებული მოსახლეობა - ისინი, ვინც არ მუშაობენ. ამიტომ, პირველ ეტაპზე, ვფიქრობთ, გაიზარდოს გადასახადები, აიკრძალოს რეკლამა და 25 წლამდე ავწიოთ ბარიერი და მეორე ეტაპზე საერთოდ უნდა აიკრძალოს ონლაინ კაზინოები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ონლაინ თამაშების რეგულირების მიზნით ფინანსთა სამინისტრო საკუთარ ხედვას ერთ კვირაში წარადგენს. ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრემიერის ინიციატივა გულისხმობს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ახალი რეგულაციების შემოტანასა და ონლაინ თამაშების მიმართ მიმზიდველობისა და ხელმისაწვდომობის შემცირებას.
„ეს გულისხმობს დასაბეგრი ბაზის სრულ ცვლილებას, როგორც რაოდენობრივ, ასევე სტრუქტურულ ჭრილში და წარმოდგენილი იქნება აბსოლუტურად განსხვავებული დაბეგვრის მოდელი, რაც პრემიერის მიერ გაჟღერებულ ინიციატივასთან იქნება შესაბამისობაში. მეორე მხრივ, იქნება გარკვეული შეზღუდვები, რომელიც გულისხმობს ერთიანი ასაკობრივი ზღვრის შემოღებასა და რეკლამის აკრძალვას, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს, როგორც მიმზიდველობის, ასევე ხელმისაწვდომობის კუთხით გარკვეული შეზღუდვების დაწესებას. პრინციპში, ეს არის ის ჩარჩო, რომელიც არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული და მიღებული. ეს სექტორი პრაქტიკულად ყველა ქვეყანაში მკაცრად რეგულირების შესაძლებლობას იძლევა. ის სისტემები, რომლის დიდი ნაწილი ჩვენ უკვე ამ ეტაპისთვის პრაქტიკულად დავასრულეთ და აწყობილი გვაქვს, საშუალებას გვაძლევს, რომ რეგულირების ამ ახალ ეტაპზე გადავიდეთ“, - განაცხადა ხუციშვილმა.
ანალიტიკოსი ზურაბ კუკულაძე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მიესალმება. როგორც მან for.ge-ს განუცხადა კაზინოების წლიური ბრუნვა 32 მილიარდი ლარია. მისივე თქმით, ონლაინ კაზინოების აკრალვა ან ასაკობრივი ზღვარის რეგულაცია არ გააჩენს „იატაკქვეშეთ კაზინოებს“ .
„აზრტულ თამაშების, განსაკუთრებით ონლაინ თამაშების რეგულაციების მიზნით, თუ გადასახადების გაზრდა მოხდება, ეს წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. სხვა ბიზნესებთან შედარებით, კაზინოები მხოლოდ მოსაკრებლებით იბეგრებიან, ხოლო თუ სხვა ბიზნესს ბრუნვების მიხედვით მოსაკრებელი ეზრდება, ასეთი რამ კაზინოების მიმართ არ ხდება. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ სექტორს წლიდან წლამდე რამხელა ზრდა აქვს, ხოლო შესაბამისი თანხა ბიუჯეტში არ შედის და არ იზრდება. კარგია, რომ ამ სისტემის დაბეგვა მოხდება და მოწესრიგდება, რაც შემდეგ ბიუჯეტში თანხის შეტანის ზრდასაც გამოიწვევს.
რაც შეეხება „პადვლის“ კაზინოებს, როგორც პრემიერმა განაცხადა, საუბარი არ ყოფილა რეალურ კაზინოების შეზღუდვაზე. მიზანშეწონილიც არაა რეალური კაზინოების შეზღუდვა. გამომდინარე იქიდან, რომ მთელი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემა მხოლოდ ონლაინ კაზინოებიდან მოდის. დღეს, რეალური კაზინოების მომხმარებლები, ონლაინ კაზინოების მომხმარებლებისგან განსხვავდებიან. ონლაინ კაზინოების შეზღუდვა ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლის ხელმისაწვდომობა შემცირდება. საუბარი გაუქმებაზე კი არა არის, არამედ შემცირებაზეა. 10-20 ლარიანი შენატანეით ვინც თამაშობდა, ისინი რეალურ კაზინოში არ წავლენ, რადგან იქ დიდი თანხებია საჭირო, ასეთ მომხარებელს კი ამის საშუალება არ აქვს. რეალურ კაზინოში გასართობად დადიან, ხოლო ონლაინ კაზინოში თამაშობენ იმიტომ, რომ ფული გაუჩნდეთ. აქედან გამომდინარე, იატაქვეშეთის კაზინოების გაჩენა არარეალურია“, - გვითხრა ზურაბ კუკულაძემ.
ონლაინ კაზინოების რეგულაცებს მიესალმება ორგანიზაცია „დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ“ ხელმძღვანელი თამარ ჯაფარიძეც.
„პრემიერ-მინისტრის განცხადების შემდეგ, მთელი საქართველო ხარობს. ასაკის შეზღუდვასთან დაკავშირებით გეტყვით, რომ საკანონმდებლო დონეზე ჩვენი ხუთწლიანი ინიციატივა იყო. ხელისუფლების წარმოამდგენლები ბოლოს და ბოლოს დავაწმუნეთ, რომ ეს აუცილებლად გასაკეთებელი იყო. თუ ჩვენ სტუდენტს უნივერსიტეტს ისე დავასრულებინებთ, რომ მათ ნაკლებად ექნებათ წვდომა სათამაშო ბიზნესთან, ჩათვალეთ, რომ ის ახალგაზრდა გადარჩენილია. 25 წლის ადამიანი უკვე ჩამოყალიბებულია, მას შეიძლება საკუთარი შემოსავალიც ჰქონდეს და მას უკვე თავისი შემოსავლის განკარგვის უფლებაც ექნება. ამით ძალიან დიდ პრევენციას ჩავუყრით საფუძველს, თუნდაც პოლიტიკური კუთხით. ჩვენ პოლიტიკური თვალსაზრისით საერთაშორისო არენაზე თავი მოვიჭერით, რადგან ჩვენმა ახალგაზრდებმა ონლაინ საიტებზე მილიონობთ ლარი იმათ გადაურიცხეს, ვინც უცხოურ კომპანიებთან თანამშრომლობდა. ის, რომ ონლაინ სამორინეებს უამრავი თანხა აქვს და, რომელიც შესაძლოა, საქართველოში დაიხარჯოს, ამაზე არავინ დავობს. მთავრობას ასევე შევთავაზეთ, თუ ასაკობრივი ცენზი არ დაწესდება, მაშინ იმ ადამიანმა ითამაშონ, რომლის წლიური შემოსავალი 40 ათასი ლარია, ხოლო მას მხოლოდ უფლება ჰქონდეს ამ 40 ათასი ლარის 12% დახარჯოს ონლაინ თამაშებზე“, - გვითხრა თამარ ჯაფარიძემ.
ცნობისთვის, აზარტული თამაშების მოგებებზე for.ge რამდენიმე კვირის წინ წერდა.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების 2020 წლის ბრუნვის მოცულობის შესახებ სტატისტიკა გამოაქვეყნა და საოცარი ციფრებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახადა. ირკვევა, რომ პანდემიისა და მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მიუხედავად, რის გამოც ქვეყანაში არაერთი შეზღუდვა საკმაოდ ხანგრძლივი დროით იყო დაწესებული, გასულ წელს ამ სექტორის ბრუნვამ 32 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 2019 წლის მაჩვენებელზე ექვსი მილიარდი ლარით მეტია.
ბოლო 10 წლის სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ამ ბიზნესის ბრუნვის მოცულობა ყოველწლიურად მზარდია, თუმცა მკვეთრი მატება 2018 წლიდან დაიწყო. 2020 წელს კი, რეკორდულ ნიშნულს მიაღწია.
აზარტული თამაშებით დაკავებული საწარმოების, იგივე კაზინოების ბრუნვის მოცულობის მკვეთრი ზრდა სავარაუდოდ იმ ფაქტს უკავშირდება, რომ გასულ წელს, როდესაც კაზინოებს, როგორც სხვა ბიზნესებს, მომხმარებლების მიღება აეკრძალათ, მოქალაქეებმა ინტერნეტსივრცეში გადაინაცვლეს და ონლაინ აზარტული თამაშების პლატფორმებს მიმართეს.
მიუხედავად გაზრდილი ბრუნვისა, 2020 წელს სექტორში დასაქმების მაჩვენებელი შემცირდა. კერძოდ, 2019 წელს აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიები 10 816 ადამიანს ასაქმებდნენ, 2020 წელს კი, დასაქმებულთა რაოდენობა 9 864-მდე შემცირდა. ასევე, იკლო საშუალო ხელფასმაც. 2019 წელს სექტორში საშუალო ხელფასები 467 ლარით შემცირდა და 1 599 ლარი შეადგინა.