ძალიან მალე სოციალური დახმარების მიმღებ ადამიანებს სამუშაო ადგილებს შესთავაზებენ და ეს იქნება მათთვის სახელმწიფო შემწეობის შემნაცვლებელი პროგრამა. მართალია, სოცდახმარება არ გაუქმდება, თუმცა იგი, სავარაუდოდ, მოქალაქის მიღებულ ანაზღაურებაში აისახება. მთავრობა აპირებს სწრაფად ჩამოაყალიბოს მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც დაუცველებმა სახელმწიფო დახმარება ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის.
ამჟამად საქართველოში საარსებო შემწეობის სახით სოციალურ დამხრებას 633 000 ადამიანი იღებს, რაც მოსახლოების 17 პროცენტია. მათგან თითქმის, 200 000 შრომისუნარიანი მოქალაქეა, რომლებიც დასაქმებისგან თავს იმ მიზეზით იკავებენ, რომ დახმარებას ვეღარ მიიღებენ. ინიციატივის რეალობად ქცევის შემდეგ, სოციალურად დაუცველ მოქალაქეებში ეს შიში გაქრება და ისინი დასაქმებას თავისუფლად შეძლებენ.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, უნდა შეიქმნას ახალი პროგრამა, რომელიც ამ მოქალაქეებს სხვადასხვა სახით დასაქმების შესაძლებლობას ან პროფესიული გადამზადების შესაძლებლობას მისცემს, რათა სოციალური დახმარება ხელფასებით ჩაანაცვლონ.
„ჩვენ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარმოგიდგენთ ახალ სოციალურ ხედვას, პოლიტიკას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ არსებული, მე ვიტყოდი მანკიერი სისტემა. ეს გულისხმობს იმას, რომ ჩვენ უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა - საზოგადოებრივი სამუშაო ადგილების პროგრამა და ნაცვლად სოციალური დახმარებისა, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო. ასეთი საზოგადოებრივი სამუშაო ადგილები შეგვიძლია შევქმნათ ათასობით და ათიათასობით თითოეული ქალაქისთვის, მუნიციპალიტეტისთვის.
ამაზე მუშაობა და საუბარი დაწყებული გვაქვს მთავრობის წევრებთან ერთად და მჯერა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოებას წარვუდგენთ უკვე აპრობირებულ პროგრამას, რომელიც ევროპის წარმატებულ ქვეყნებში არის გამოცდილი და დამტკიცებული.
უამრავი შემთხვევა ვიცით იმისა, რომ მაგალითად, ადამიანი თუ შეიძენს ტელევიზორს ან მაცივარს, ქულები აკლდებათ და უწყდებათ სოციალური დახმარება; ან თუ სეზონური სამუშაოებია ბაზარზე ხელმისაწვდომი, ისინი არ არიან დაინტერესებული, რომ სხვაგან დასაქმდნენ და მეტი შემოსავალი მიიღონ, რაც კატასტროფაა.
ამიტომ, ჩვენ უნდა შევქმნათ ისეთი მოქნილი სისტემა, რომლის შედეგადაც ერთი მხრივ, ის დახმარება, რაც დღეს მათ ეძლევათ, ხელფასის სახით მიიღონ, ოღონდ კონკრეტული საზოგადოებრივი საქმიანობისთვის და ამას გარდა, სხვა დამატებითი, ამის ზევიდან, რაც მათ შეუძლიათ, მოიძიონ, დაიწყონ ახალი სამსახური. მათ უნდა ჰქონდეთ ამის თავისუფლება.
შეეძლებათ ორი-სამი სამუშაო ადგილი იშოვონ პარალელურად და მეტი შემოსავალი შეიტანონ საკუთარ ოჯახებში. იყიდონ ტელევიზორიც, მაცივარიც, სახლები გაარემონტონ და აშ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა და დიდი სურვილი მაქვს, იანვრიდან დავიწყოთ ახალი პროგრამა, რომელიც მთლიანად შეცვლის რეალობას და ჩვენ ახალ შრომის კულტურას ჩამოვაყალიბებთ.
მოსახლეობას, ჩვენს შრომისუნარიან მოქალაქეებს გავუჩენთ განცდას, პერსპექტივას, მოტივაციას, რომ რეალური საქმით დაინტერესდნენ. ჩვენი მოქალაქეები შრომას უნდა მივაჩვიოთ. რა თქმა უნდა, ყველას სურს სამუშაოს შოვნა, მაგრამ თუ სახელმწიფო პირობებს არ უქმნის, რა თქმა უნდა, დამაბრკოლებელი ბარიერია. ამ პროგრამის ფარგლებში შევიმუშავებთ, ჩავრთავთ პროფესიულ სასწავლებლებს, უამრავ სპეციალობაში მოხდება მათი გადამზადება, შეიძლება ერთობლივად შევიმუშაოთ რამდენიმე კვირიანი პროგრამები, ამაზე საუბარი გვქონდა და რეალურად შევცვლით ამ სტატიკურ, გაყინულ მდგომარეობას“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
ინიციატივა ნამდვილად საინტერესო და მისასალმებელია, მაგრამ ჩნდება ერთი კითხვა, რომ თუ შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე სამსახურზე უარს იტყვის, შეუწყდება, თუ არა დახმარება? ამაზე ჯერჯერობით არაფერია ცნობილი და ლევან დავითაშვილიც ამ ეტაპზე მხოლოდ ზოგადი განმარტებით შემოიფარგლება:
„სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეებს გარკვეული არჩევანის გაკეთების საშუალება ექნებათ, სხვადასხვა ტიპის სამუშაოს შორის. თუ ადამიანს შეუძლია მუშაობა, სამუშაო არსებობს და ის ამ სამუშაოზე უარს ამბობს, ეს მოდელის ნაწილი ვერანაირად იქნება. ამგვარი სისტემის არსებობა არსშივე არალოგიკურია. ჩვენ სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო გამოცდილება გავითვალისწინეთ, რამდენიმე მოდელი უკვე გვაქვს, თუმცა არ მინდა ყველა დეტალზე ახლა გესაუბროთ, ზუსტად ამისთვის იქმნება უწყებათშორისო კომისია“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა. იგი ირწმუნება, რომ ახალი სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სოციალურად დაუცველთა შემოსავლები არათუ შემცირდება, არამედ გაიზრდება კიდეც.
„რამდენი იქნება საშუალო ხელფასი ახლა ვერ გეტყვით. ერთი უკვე გითხარით, რომ შემოსავლები არ შემცირდება და გაიზრდება და ამაზე დეტალური ინფორმაცია პროექტის დამუშავების შემდეგ გვექნება“, - დასძინა ლევან დავითაშვილმა და ასევე აღნიშნა, რომ მთავრობას მომდევნო 2 წლის განმავლობაში შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველების უდიდესი ნაწილის დასაქმება სურს, მით უფრო, რომ სამუშაო ძალის დეფიციტია როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორშიც:
„ჩვენ დავინახეთ, რომ ბევრ სამუშაო ადგილზე დეფიციტი იყო, იქნება ეს სოფლის მეურნეობის სექტორი, გადამამუშავებელი მრეწველობა და ა.შ. თუმცა ჩვენ ამ ინიციატივის ფარგლებში უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა, ძალიან ბევრი გამოწვევაა. ამ დროს შეიძლება ბევრი სამუშაო ადგილის შექმნა, მაგალითად, ჩვენი სამინისტროს მიმართულებით, ეს უკავშირდება ტყის უკეთესად მოვლას, სადაც ყოველთვის ვხედავთ სამუშაო ძალის დეფიციტს. ადამიანებს ავუმაღლებთ კვალიფიკაციას, რის შედეგადაც მათი შემოსავალი შესაძლებლობების გამოყენების შედეგად უნდა გაიზარდოს“, - აღნიშნა დავითაშვილმა.
შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში როგორც სამუშაო ადგილების, ასევე პროფესიონალი კადრების ნაკლებობაა. ეს დედაქალაქის მერმა კახა კალაძემაც დაადასტურა. აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიაში უკვე კარგა ხანია მოქმედებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“, რომელიც მოქალაქეების კვალიფიკაციის ამაღლებას უწყობს ხელს.
„ვხედავ, რომ ორი პრობლემა არსებობს. ბევრი კომპანია ეძებს თანამშრომლებს, მაგრამ კვალიფიკაციური კადრების ნაკლებობაა. არსებობს სამუშაო ადგილების დეფიციტიც. თბილისის მერია უსასყიდლოდ 5 000-მდე ადამიანის პროფესიულ გადამზადებას უზრუნველყოფს. პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ წარმატებით მიმდინარეობს. ზუსტად ვიცით ბიზნესსექტორი რა კვალიფიკაციის ადამიანებს ეძებს და ამ ნიშნით ვამზადებთ მოქალაქეებს.
აღსანიშნავია, რომ გადამზადების კურსების გავლის შემდეგ ადამიანები დასაქმდნენ. ხალხს უნდა შევთავაზოთ სხვადასხვა პროგრამა, რაც დასაქმებაში დაეხმარებათ“, - განაცხადა თბილისის მერმა.
მისი აზრით, მოქალაქლეებს უნდა შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს, დავეხმაროთ, ჰქონდეთ ხელფასი და იყვნენ დასაქმებულნი.
„შეიძლება, გაზარმაცებაში სახელმწიფოც იყოს დამნაშავე, რადგან ადამიანს უხდი სოციალურ დახმარების თანხას და იმავდროულად ის შეშინებულია, რომ ოფიციალურად სადმე მუშაობა არ დაიწყოს, რადგან შეიძლება, სოციალურად დაუცველის სტატუსი ჩამოერთვას. ამიტომ ამ ადამიანებს შევთავაზოთ პროგრამები, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს ხელი შევუწყოთ, დავეხმაროთ, ხელფასი ჰქონდეთ და არანაირი პრობლემა არ შეექმნათ“, - დასძინა კალაძემ.
ყველაზე საინტერესო ახალ სამთავრობო პროგრამაში ისაა, რომ მისი მიზანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არაა, პირიქით, შეიძლება დამატებითი ხარჯების მოძიების საჭირობა დადგეს, რომელიც მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლებაზე მიიმართება.
„პრემიერ-მინისტრმა გააჟღერა, რომ შრომის და მუშაობის წახალისება მნიშვნელოვანია, რათა მეტი კეთილდღეობა მიიღონ ამ ოჯახებმა და არა ის, რომ სტაბილურობის შენარჩუნების გამო უფრთხოდნენ ამ შემოთავაზებებს, არამედ ჩაერთონ სამუშაო პროცესში. ჩვენი მიზანი არ არის საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიის გაკეთება, არ არის ეს ამოსავალი. დღის განმავლობაში ძალიან ბევრი კითხვა იყო და ჩვენ, ერთი მხრივ, ამ შემოსავალს ადამიანებს ვუნარჩუნებთ და ამავე დროს ვაჩენთ დამატებით შესაძლებლობას, რომ შემოსავალი სხვადასხვა სამუშაოს შესრულებით მიიღონ, ეს იქნება მოკლევადიანი, გრძელვადიანი თუ სეზონური სამუშაოები, მეტი შემოსავალი ჰქონდეთ ამ ოჯახებს და მეორე მხრივ, მიიღონ გარკვეული კვალიფიკაცია.
მთავარი მიზანი საბიუჯეტო ხარჯების შემცირება არ არის, პირიქით, შეიძლება დამატებითი ხარჯებიც გავწიოთ, მაგრამ დამატებითი ღირებულებაც შევქმნათ ქვეყანაში“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.